fbpx

კაბალური პირობები, რომლებიც პროტესტის შედეგად გადაიხედა – შრომის უფლებების დასაცავად, მოდელებმა პროფკავშირები შექმნეს

22/03/2022

პროფესიით მოდელმა ანა გავვამ საკუთარი და მისი კოლეგების უფლებების დასაცავად ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის მაისში ერთ-ერთი მოდელი მოდის კვირეულის ორგანიზატორმა ჩვენებიდან იმ მიზეზით მოხსნა, რომ მან კომენდანტის საათის დროს მუშაობა გააპროტესტა და დამსაქმებელს ტრანსპორტით უზრუნველყოფა მოსთხოვა. პრობლემები იქამდეც მრავლად იყო, თუმცა მოდელებს ამ ყველაფერთან ინდივიდუალურად გამკლავება უჭირდათ და თანამოაზრეების გარეშე ხმის ასამაღლებლად, პირველ ეტაპზე, არც საკმარისად გამბედავები იყვნენ. „შემდეგ, რამდენიმე გოგო გავერთიანდით. გვინდოდა, ჩვენი უფლებები დაგვეცვა და, ამ მიზნით, შესაბამისი პლატფორმა შეგვექმნა. მარტო ამ ყველაფრის ორგანიზება გვიჭირდა. მოგვიანებით, რამდენიმე ორგანიზაცია დაგვიკავშირდა და დახმარება შემოგვთავაზა. ამან პროცესი უფრო გაგვიმარტივა“, – იხსენებს ანა, რომელიც ახლა უკვე „მოდის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირების“ თავმჯდომარეა.

„მას შემდეგ, რაც გავერთიანდით, გადავწყვიტეთ პრესკონფერენცია ჩაგვეტარებინა, სადაც დიზაინერებიც მოვიწვიეთ, მოდის კვირეულის ორგანიზატორებიც. გვსურდა, პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად დიალოგი გაგვემართა, თუმცა ისინი საუბრისთვის მზად არ აღმოჩნდნენ“, – განმარტავს ანა და ამბობს, რომ ამის შემდეგ მუშაობა უფრო გაააქტიურეს და საკუთარი ხმა მეტ ადამიანს მიაწვდინეს. შრომის ინსპექციასაც მიმართეს, რომელმაც სამოდელი სააგენტოები შეამოწმა. „აბსოლუტურად ყველა მათგანში დარღვევები აღმოაჩინეს. ახლა რემონიტორინგის შედეგებს ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია გაუმჯობესებული იქნება“, – ამბობს ანა და ფიქრობს, რომ მიზნის მისაღწევად, მხარეებს შორის დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.

„ადრე, მე და ჩემს კოლეგებს არ გვქონდა ინფორმაცია, თუ რა უფლებები ირღვეოდა დამსაქმებლების მხრიდან. ახლა გვინდა, რომ ამ გზის გავლა დამწყებ მოდელებს აღარ მოუწიოთ – ვცდილობთ, არსებულ გამოწვევებზე სათანადო წარმოდგენა შევუქმნათ, ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რა ხდება ამ სფეროში და რატომ არის მნიშვნელოვანი შრომის უფლებების დაცვისთვის ბრძოლა“, – განმარტავს ანა, რომელსაც ამ პროცესში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დაეხმარა.

სწორედ პროფკავშირებთან თანამშრომლობის შედეგად, ევროკავშირის პროექტის „თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში“ ფარგლებში, მოდელებმა დაფინანსება მიიღეს. ევროკავშირის დაფინანსების შედეგად გახდა შესაძლებელი პრესკონფერენციის ჩატარება და „მოდის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირების“ დაფუძნებასთან დაკავშირებული პრეზენტაციის გამართვაც. ირკვევა, რომ კამპანიამ შედეგი გამოიღო – საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლა არაერთმა მოდელმა გადაწყვიტა.

„აქამდე, არ მახსენდება, ჩვენი გაერთიანებისთვის ოდესმე მოდელს მოემართოს. ასეთი პრეცედენტი არ გვქონია. მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა შეეძლოთ. თუმცა, მას შემდეგ, რაც გოგოებმა აქტიურობა დაიწყეს და ორგანიზაცია შევქმენით, ძალიან ბევრ მოდელს გაუჩნდა საკუთარი უფლებების დაცვის სურვილი და დასახმარებლადაც მოგვმართა“, – იხსენებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და განმარტავს, რომ ბევრ მათგანს კონტრაქტის პირობების უხეში დარღვევა უფიქსირდებოდა. „ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო – დიალოგის შედეგად, დამსაქმებლებმა კონტრაქტებს გადახედეს, კანონთან შესაბამისობაში მოიყვანეს. იმ მოდელებს, რომლებიც ხელშეკრულებებს ახლა აფორმებენ, სააგენტოები ისეთ კაბალურ პირობებს აღარ სთავაზობენ. მაგალითად, ახალ კონტრაქტებში თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ პირობაც გათვალისწინებულია და თუკი მოდელი წასვლას გადაწყვეტს, მას ჯარიმა აღარ დაეკისრება. ამიტომ დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი და, სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტ ცვლილებას ველოდებით“, – მიიჩნევს რაისა.

მიუხედავად იმისა, რომ ანას და მისი კოლეგების გამბედავმა ნაბიჯმა დამსაქმებლების უკმაყოფილება გამოიწვია და კომპანიების დიდმა ნაწილმა მათთან თანამშრომლობაც კი გაწყვიტა, ანა ფიქრობს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებაა საჭირო. იქამდე კი, სანამ მეორე მხარე შესაბამის მზაობას გამოხატავს, მოდელები არაერთი ღონისძიების გამართვას გეგმავენ, რათა ინფორმაცია მეტ ადამიანს მიაწოდონ და საკუთარი შრომის უფლებების დასაცავად ბრძოლის დაწყება, მათთან ერთად, სხვებმაც გაბედონ.

უყურეთ ან წაიკითხეთ ევროკავშირის მიერ სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერის შესახებ “ჩაერთე, შეცვალე უკეთესობისკენ” კამპანიის ფარგლებში შექმნილი სხვა ისტორიები აქ

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,