fbpx
Skip to main content

ბაკურიანელი ზვიად მჭედლიშვილის ისტორია

20/03/2020

„მომხმარებლები კმაყოფილები არიან. შესაბამისად, ძალიან მალე ჩვენ გარშემო ბევრი ასეთი ტიპის ჯიხური აშენდა. სხვებმაც დაინახეს, რომ ჩვენი წამოწყება მომგებიანია და მათაც შეიტანეს სიახლეები. პირველ წელს თუ უპირობო უპირატესობით ვსარგებლობდით, წელს კონკურენციამ საგრძნობლად იმატა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სფეროს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

ზვიად მჭედლიშვილს დაბა ბაკურიანში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტზე, თითქმის 9 წლის განმავლობაში ჰქონდა პატარა თუნუქის ჯიხური, სადაც ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის სპორტული ინვენტარის (თხილამურები, სნოუბორდები, ციგები) გაქირავების სერვისს მართავდა. ეს ინვენტარი მას, ისევე როგორც ახლოს მომუშავე აღნიშნული სერვისის სხვა მიმწოდებლებს, განთავსებული ჰქონდა ძალიან არაკომფორტულ გარემოში.

ზვიადი თოვლსა თუ წვიმაში იდგა გარეთ, სპორტული ფეხსაცმელი და თხილამურები კი იყინებოდა, ზიანდებოდა და, საბოლოოდ, ძალიან მალე ფუჭდებოდა. პატარა და არაკომფორტულ ჯიხურში ინვენტარის ნორმალურად გაშრობა თუ შენახვა შეუძლებელი იყო.

ტურისტებთან თუ დამსვენებლებთან უშუალო კომუნიკაციამ და მრავალწლიანმა გამოცდილებამ ზვიადს დაანახა, რომ აუცილებელი იყო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. იგი დარწმუნდა, რომ უკეთესი პირობების შეთავაზების შემთხვევაში, აუცილებლად გაიზრდებოდა მომხმარებლების რაოდენობა, რაც ლოგიკურად მისი შემოსავლის ზრდის პირდაპირპროპორციულიცაა.

„ვიცოდი, რომ უნდა დამეხვეწა სერვისი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი, თუმცა ამის ფინანსური რესურსი არ არსებობდა. მცირე კრედიტის აღებას ვაპირებდი შენობის ცოტათი გაუმჯობესება მაინც რომ მომეხერხებინა, მაგრამ ეს პროცესი დროში ძალიან იწელებოდა. ევროკავშირის პროგრამა ENPARD დროულად წამომეწია, რამაც ბიზნესის განვითარების საშუალება მომცა“.

ზვიადი დაბა ბაკურიანში ბებიასთან გაიზარდა. აქვე დაამთავრა საშუალო სკოლაც. თხილამურების მიმართ ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი ჰქონდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპორტსკოლაშიც დადიოდა, თუმცა ჯერ ფეხი მოიტეხა, მერე ომი და არეულობა დაიწყო, რამაც ამ კუთხით განვითარებაში მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი.

„თხილამურების მიმართ ისეთი ძლიერი ინტერესი მქონდა, რომ მოთხილამურე თუ არ ვიქნებოდი, რაღაცას მაინც გავაკეთებდი ამ სფეროში“ – გვიმხელს ზვიადი.

მართლაც, უნივერსიტეტის დამთავრებისა და დაოჯახების შემდეგ, ზვიადი სეზონურად ისევ ბაკურიანში ბრუნდებოდა და დამსვენებლებსა თუ ტურისტებს თხილამურებზე სრიალს ასწავლიდა. 2009 წლის ზამთრიდან კი ე.წ. „25-იანებზე“ დადგა თხილამურების გაქირავების საკუთარი ჯიხური, რომლის გარშემოც ცოტა ხანში წარმოქმნილ პრობლემებზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

ევროკავშირის პროექტის ბორჯომში განმახორციელებელი ორგანიზაციის “მერსი ქორფსის” საინფორმაციო კამპანიისას, ზვიადმა ერთ-ერთ შეხვედრაზე შეიტყო ევროკავშირის მიერ ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული სოფლის განვითარების პროექტის შესახებ და გადაწყვიტა, დეტალურად გაეგო, რა იყო პროექტის მიზნები. მან გაარკვია, რომ საჭირო იყო ისეთი ქვე-პროექტის განხორციელება, რომელიც მხოლოდ მას კი არ მოუტანდა სარგებელს, არამედ ხელს შეუწყობდა მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას, დააკმაყოფილებდა არსებულ მოთხოვნას, შექმნიდა სამუშაო ადგილებსა და კარგ მაგალითს მისცემდა მსგავსი ბიზნესით დაკავებულ სხვა ადამიანებსაც.

ზვიადის ოჯახი ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში ცხოვრობს. ისინი ერთად დასხდნენ და, მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, პროექტზე დაიწყეს ფიქრი. საბოლოოდ, დაარწმუნეს ბორჯომის განვითარების ჯგუფი, რომ მათი ინიციატივა მომგებიანი იქნებოდა და, რაც მთავარია, იდეის განხორციელების შემდეგ, სხვებსაც გაუჩნდებოდათ თავიანთი ბიზნესის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სურვილი. ეს კი ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა მთელი ბაკურიანისთვის.

ბორჯომის განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით განხორციელდა 30,000 ლარის ინვესტიცია, ევროკავშირის 60%-იანი თანამონაწილეობით. ევროკავშირის გრანტი შეადგენდა 18,000 ლარს, თავად ზვიადმა კი 12,000 ლარი მოიძია. შედეგად, თუნუქის პატარა ჯიხურის ადგილზე აღმოჩნდა თანამედროვე ტიპის შენობა ხარისხიანი სპორტული ინვენტარითა და ევროპული წარმოების თხილამურების ფეხსაცმლის საშრობით. პროექტში სეზონურად საქმდება 5-6 ადამიანი, მომხმარებლები კი კომფორტულ გარემოში სარგებლობენ სუფთა ინვენტარით, რომელიც თოვლში აღარ სველდება. აქამდე თუ ზვიადს სათხილამურო ფეხსაცმელი საღამოობით სახლში მიჰქონდა გასაშრობად, დღის განმავლობაში კი დამსვენებლებს ცივი ინვენტარით უწევდათ სარგებლობა, დღეს ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია – ახლა მათ განკარგულებაშია კეთილმოწყობილი და თბილი პუნქტი, გაუმჯობესებული მომსახურების პირობებით.

მომხმარებლების რაოდენობა მაშინვე საგრძნობლად გაიზარდა – „კარგი მომსახურება გვაქვს და იმიტომ!“ – აღნიშნავს ზვიადი. ერთგულ კლიენტებთან ერთად, თხილამურების გასაქირავებელი ჯიხურის დახვეწილი სერვისით ბევრი ახალი დამსვენებელიც დაინტერესდა. თბილი სათხილამურო ფეხსაცმლის ქირაობა, თოვლში რამდენიმე საათის სრიალის შემდეგ კი საკუთარი თბილი ფეხსაცმლის მორგება ყველასთვის კომფორტულია, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. შედეგად, სერვისს ყოველწლიურად დაახლოებით 1800 მომხმარებელი ჰყავს.

ზვიადის შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა, რაც დადებითად აისახა მისი ოჯახური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. აქტიური მუშაობის შემდეგ, ოჯახმა უკვე მოახერხა საინვესტიციოდ საჭირო თანხისთვის აღებული სესხის გადაფარვა. მიუხედავად იმისა, რომ ზვიადის ჯიხურის თხილამურების ფეხსაცმლის საშრობი ერთადერთია მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც მასწავლებლების სერვისიც დაემატა, დღეს ოჯახის ახალი და მთავარი გამოწვევა მაინც არის კონკურენცია.

მსგავსი ბიზნესით დაკავებულმა სხვა ადამიანებმაც დაიწყეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და დღეს, მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალი მსგავსი ჯიხური შეიმჩნევა. ეს, თავისთავად, ძალიან კარგი და მისასალმებელია – პროექტის მთავარი წარმატებაც სწორედ ეს არის!

„მომხმარებლები კმაყოფილები არიან. შესაბამისად, ძალიან მალე ჩვენ გარშემო ბევრი ასეთი ტიპის ჯიხური აშენდა. სხვებმაც დაინახეს, რომ ჩვენი წამოწყება მომგებიანია და მათაც შეიტანეს სიახლეები. პირველ წელს თუ უპირობო უპირატესობით ვსარგებლობდით, წელს კონკურენციამ საგრძნობლად იმატა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სფეროს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“ – ამბობს ზვიადი.

ზვიადის დილა 9-ის ნახევარზე იწყება. ჯერ ჯიხურის გარშემო ტერიტორიას ასუფთავებს, ინვენტარს აწესრიგებს, მერე კი მომხმარებლებს ელოდება. საქმეს მასთან ერთად სათავეში მისი და უდგას, შვილები კი ჯერ პატარები არიან და მხოლოდ სრიალით ერთობიან. ზვიადი შიგადაშიგ მწვრთნელობასაც ითავსებს და დამსვენებლებს თხილამურებზე სრიალს ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი ინტერესი სწორედ თხილამურებზე სრიალია, სეზონზე ამისთვის დრო ნაკლებად რჩება. თუმცა, როგორც კი შესაბამისი მომენტი ჩავარდება, მაშინვე ინვენტარს იმარჯვებს და საბაგიროსკენ მიემართება.

დღის განმავლობაში მრავალ განსხვავებულ ადამიანთან ურთიერთობა ზვიადის საქმიანობის თანმდევია. საშუალოდ 60 ადამიანთან ჯიხურში პირდაპირი კომუნიკაცია უწევს, 30-40 ადამიანს კი ტელეფონით ესაუბრება – ზოგს თხილამურის დაჯავშნა სურს, ზოგს წაღებული სათხილამურო ფეხსაცმელი არ მოერგო და გამოცვლა უნდა… სხვადასხვა კატეგორიისა და ხასიათის ადამიანთან ურთიერთობა საკმაოდ დამღლელი პროცესია, რომელსაც ზვიადი საკუთარი მეთოდებით უმკლავდება.

„არაკომფლიქტური ტიპი ვარ. ნერვებს ვტოვებ სახლში და ისე გამოვდივარ სამუშაოდ. აქ თუ ვიჩხუბე, მომხმარებლებსაც ვერ მოვიზიდავ, ეს კი ჩემს შემოსავალზე პირდაპირ აისახება. ამიტომ, ყველას ვეფერებით, ყველა კმაყოფილია და ჯერ არავინ გაგვცევია.“ – აღნიშნავს ზვიადი.

მჭედლიშვილების ოჯახის საცხოვრებელი ადგილი სეზონურად იცვლება – ზამთარში ბაკურიანში არიან, დანარჩენ დროს კი სოფელ ქვიშხეთში ატარებენ.
„სრიალი და თხილამური ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემი მეორე საყვარელი სფეროა სოფლის მეურნეობა. სოფელში მაქვს ვენახი და ბაკურიანში დაზიანებულ ნერვებს სწორედ იქ ვმკურნალობ. მიწაზე ვმუშაობ და სამთვიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ ვმშვიდდები.“ – ამბობს ზვიადი.

თხილამურების გაქირავების თანამედროვე პუნქტის ხელმძღვანელი სოფელში თან მუშაობს და თან ერთობა. დანაზოგით უკვე პატარა ტრაქტორის შეძენაც მოახერხა. ნიადაგი ნოყიერია, მაგრამ ნატურალური მოსავალი ჯერ მხოლოდ ოჯახისთვის არის საკმარისი. ზვიადის სურვილი წარმოების გაფართოებაა, თუმცა აღნიშნავს, რომ მიწაზე მუშაობა ძალიან რთულია და დიდ ინვესტიციასაც მოითხოვს. ასევე მისი სურვილია, გააკეთოს მარანი, სადაც ტურისტებს მიიღებს და მოემსახურება.

მომავლის ძირითადი გეგმები ისევ თხილამურებს უკავშირდება. ზვიადი გვიყვება, რომ საქართველოში სათხილამურო ბიზნესი ძალიან ვითარდება, ბევრი ტურისტი ჩამოდის ევროპიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან. თავად ხშირად აქვს ურთიერთობა ტურ-ოპერატორებთან, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან. აპირებს, რომ ბიზნესი გააფართოოს და მომხმარებლებს კიდევ უფრო კომფორტული, დახვეწილი და ჰიგიენით მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სერვისი შესთავაზოს.

„რომ არა ევროკავშირი და ENPARD-ის პროგრამა? დროში გაიწელებოდა ყველაფერი. დამჭირდებოდა მეტი ფინანსური რესურსის მოძიება, ვერც ამხელა შენობას ავაშენებდი და ვერც თხილამურის ფეხსაცმლის საშრობს შევიძენდი – ამისთვის თანხას ფიზიკურად ვერ გადავდებდი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ევროკავშირის დახმარება დროულად წამოგვეწია, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ!“

ზვიადის სოფლის განვითარების ინიციატივა მიზნად ისახავს სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას და ბაკურიანში ტურირტული მომსახურების გაუმჯობესებას. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ 28 ინიციატივიდან, რომელიც ბორჯომის მუნიციპალტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსდა, რომელსაც ორგანიზაცია “მერსი ქორფსი” ახორციელებს. დღემდე ევროკავშირმა საქართველოში ჯამში სოფლის განვითარების 122 ინიციატივა დააფინანსა, რის შედეგადაც 700-ზე მეტი სოფლად მცხოვრები ოჯახი დასაქმდა და 8,000-ზე მეტი სოფლის მოსახლეს საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა.

ავტორი: თეა ღვინაძე