fbpx
Skip to main content

ევროკავშირის ბენეფიციარი თეთრიწყაროში Covid-19-ის გამოწვევებს ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით პასუხობს

17/07/2020

32 წლის გიორგი ავჭალელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდიდანაა. წლების განმავლობაში მამასთან ერთად წარმატებით უძღვებოდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მაღაზიას. პროდუქტის გაყიდვასთან ერთად ამჩნევდა, რომ მუნიციპალიტეტში დიდი მოთხოვნა იყო იმავე ტიპის ტექნიკის სერვისზეც, თუმცა ამგვარი სერვისის მომწოდებელი – ხარისხიანი და თანამედროვე ტექნიკით – არ არსებობდა. სწორედ აქედან გაუჩნდა იდეა, წამოეწყო ბიზნესი, რომელიც მუნიციპალიტეტის ფერმერებს თანამედროვე აგრო სერვისს შესთავაზებდა.

გიორგი მიიჩნევდა, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო დასავლური ქვეყნების პრაქტიკებს გაცნობოდა, ამიტომ ევროპაში რამდენჯერმე იმოგზაურა და სოფლის მეურნეობის თანამედროვე მიდგომებს ეზიარა. სწორედ გერმანიაში მოგზაურობის დროს გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, რომელთან ერთადაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაბრუნდა. მალევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENPARD თეთრიწყაროს საგრანტო კონკურსშიც გაიმარჯვა.

მოპოვებული 30 370 ლარის ოდენობის გრანტით, გიორგის პროექტს სახნავ-სათესი ტექნიკა გადაეცა, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას უპრეცედენტო სერვისს ოპტიმალურ ფასად სთავაზობს. „აგრო ჰაუსი“ ასე ეწოდება ცენტრს, რომელსაც ამჟამად მეუღლესთან ერთად უძღვება:

„ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა არჩევანს ჩვენზე იმიტომ აკეთებს, რომ ახალი ტექნიკა გვყავს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისს ვთავაზობთ – მაგალითად, სიმინდის თესვა ავიღოთ. ამგვარი მომსახურების ხარისხი გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ ჩათესვის პროცესში ჩვენი ტექნიკა ნათესებს შორის ადგილს არ ტოვებს, ამასთანავე, ტექნიკის მცირე გაბარიტების გამო მაქსიმალურად ვითვისებთ ნაკვეთის ფართობს“.

გიორგის თქმით, გასულ წელთან შედარებით „აგრო ჰაუსის“ ცნობადობა მკვეთრად გაიზარდა. შედარებისთვის მას სტატისტიკური ანალიზი მოჰყავს, რომლის თანახმადაც 2019 წლის აპრილში სულ 15 შეკვეთა შეასრულა, წელს კი ამავე პერიოდში 65 მიწის ნაკვეთი დაამუშავა. მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ მისი მომხმარებლების 35%-მა მიწა პირველად დაამუშავა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობის მიერ დადგენილ შეზღუდვებში აგრო სამუშაოები არ შედის, შესაბამისად, გიორგიც ჩვეულ რეჟიმში, თუმცა განსხვავებული მიდგომით აგრძელებს მუშაობას. მოცემულობის გათვალისწინებით, მისი პირველი ამოცანა იყო გაეგრძელებინა საქმიანობა ისე, რომ დაეცვა უსაფრთხოების ყველა სტანდარტი და მომხმარებლისათვის შეუფერხებლად მიეწოდებინა ხარისხიანი სერვისი:

„შეკვეთის მიღება, მისი განხორციელება და მონიტორინგი ამგვარად გამოიყურება: დამკვეთი ელექტრონულად მიგზავნის დასამუშავებელი მიწის საკადასტრო კოდს, რის შემდეგაც პასუხისმგებლობას ვიღებ მოთხოვნილი სამუშაოების უმაღლესი ხარისხით შესრულებაზე. მიწის დამუშავებამდე, ასევე, მიმდინარეობისას და სამუშაოების დასრულების შემდეგ, დამკვეთს ეგზავნება ფოტო-ვიდეო მასალა, რათა მან თავად შეძლოს პროცესის მონიტორინგი. ანგარიშსწორებას მომხმარებელი საბანკო გადარიცხვით ან VISA/Master Card-ით ახორციელებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულ ტრაქტორში არის სადეზინფექციო საშუალებების, პირბადეებისა და ერთჯერადი ხელთათმანების მუდმივად განახლებად მარაგი“.

გიორგი ითვალისწინებს იმ გამოწვევას, რის წინაშეც ახლა ვდგავართ, ამიტომ მისი სერვისების მიღება განვადებითაცაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ის უსასყიდლოდ  ეხმარება თანასოფლელებსაც – ამ დროისთვის „აგრო ჰაუსს“ 3 ოჯახის ნაკვეთი სრულიად უსასყიდლოდ აქვს დამუშავებული.

ENPARD თეთრიწყაროს პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საერთო კრებამ გიორგი ავჭალელის პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნია პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულების – სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლოსამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდასაჭერად. ამგვარად, გიორგი ავჭალელმა მიიღო დაფინანსება 30 370 ლარის ოდენობით და დააარსა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისის მომწოდებელი ცენტრი „აგრო ჰაუსი“.

პროექტის ფარგლებში, გიორგი ავჭალელს გადაეცა 2 სხვადასხვა სიმძლავრის ტრაქტორი (დამატებით თავად შეიძინა კიდევ ერთი), 2 სახნავი გუთანი, 2 ვერტიკალური ფრეზი, კულტივატორი, 2 სათიბელა, თივის ასაგროვებელი, მინდვრის საწამლი აპარატი, ხეხილის საწამლი აპარატი, სასუქის შემტანი აპარატი, სიმინდის და ლობიოს სათესი, ხორბლის და ქერის სათესი, კარტოფილის სათესი, კარტოფილის ამომღები და მიწის ბურღი.

თეთრიწყაროს LAG შეიქმნა 2017 წელს ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვთარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) მიერ. თეთრიწყაროს LAG ერთ-ერთია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსებულ თორმეტ LAG-ს შორის. LAG არის მულტისექტორული პლატფორმა, რომელიც აერთინებს კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს, ადგილობრივი  მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამჟამად თეთრიწყაროს LAG წარმოდგენილია 107 ადგილობრივი მაცხოვრებლით, სულ 20 თემიდან. მათ შორის არიან რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, თეთრიწყაროში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები და ეკომიგრანტები.

2018 წელს თეთრიწყაროს LAG-მა შეიმუშავა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2018-2022 წლებისთვის. დოკუმენტით განსაზღვრულია თეთრიწყაროს განვითარების სტრატეგიის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება: 1. გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება; 2. სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლოსამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა; 3. სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; 4. სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია. აღნიშნულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, პროექტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ამ დრომდე დაფინანსებულია 65 სოფლის განვითარების ინიციატივა 5 მლნ ლარის ოდენობით, რაც ჯამში მოიცავს ადგილობრივი თემის პირდაპირ და არაპირდაპირ 48 562 ბენეფიციარს.

ავტორი

ნინა კოპალეიშვილი, RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი – nkopaleishvili@rdfg.ge