fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით, RDFG თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდებს დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებაში ეხმარება

10/03/2020

‘ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია იპოვო საკუთარი თავი და გადაწყვიტო რისი შექმნა გსურს’ – თაჯი ბუდაგოვი სოფელი ქოსალარიდან

20 წლის თაჯი ბუდაგოვი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ქოსალარისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება. გვიბოდიშებს, რომ უფრო ადრე სამსახურიდან ვერ გამოვიდა და შესაბამისად, მარნეულიდანაც დროულად ვერ გამოჰყვა სამარშრუტო ტაქსის. ამბობს, რომ სულ რამდენიმე კვირაა, რაც ევროპაბეთის მარნეულის ფილიალში პრომო აგენტის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. პარალელურად, სწავლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე. გატაცებულია ძველბერძნული ფილოსოფიით, ფსიქოლოგიითა და აღმოსავლური კულტურით. თაჯი ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მეოთხე ფაზის მონაწილეა.

თაჯი ეროვნებით აზერბაიჯანელი და ისლამის მიმდევარია. სოფლისკენ მიმავალ გზაზე მუსლიმი თემის ადათებზე, წეს–ჩვეულებებსა და ქვემო ქართლის რეგიონში ამ უკანასკნელთა და ქრისტიანთა თანაცხოვრებაზე გვიამბობს. მისი თქმით, სულ ცოტა ხნის წინ სოფელ ქოსალარში ახალი მეჩეთი აშენდა. გვპირდება, რომ ინტერვიუს შემდეგ აუცილებლად წაგვიყვანს მის სანახავად. ამბობს, რომ რელიგიური ადამიანია და წინაპართა დანატოვარს დიდი პატივს სცემს, არ მოსწონს როდესაც ადამიანები ტრადიციებს ივიწყებენ და ასე განაგრძობენ ცხოვრებას.

ჩასვლისთანავე თავისი სახლისკენ მიგვიძღვება. თბილისში სწავლობს და შესაბამისად, თეთრიწყაროში დიდ დროს ვერ ატარებს. თუმცა, სოფლის სახლში მისი ბებიები და ბიძა ცხოვრობენ. სახლში შესვლამდე, მუსლიმთა წესის შესაბამისად, ფეხსაცმელს იხდის. ცხადია, ჩვენც ასე ვიქცევით, ბათინკებს შესასვლელ კართან ვტოვებთ და ღუმელით ჩამთბარ ოთახში შევდივართ. თაჯის ბებიას ქართული არ ესმის, ამიტომ ჩვენს კეთილგანწყობას მხოლოდ დადებითი ემოციით გამოვხატავთ. თაჯი ხუმრობით გვაფრთხილებს, რომ ინტერვიუს იქამდე ვერ დავიწყებთ, ვიდრე ჩაის და თუთისგან დამზადებულ ტრადიციულ ჯემს – ბაქმაზს არ მივირთმევთ. ვთანხმდებით.

მაგიდის ირგვლივ ვსხედვართ. თაჯი გვიამბობს, რომ ევროკავშრის მიერ მხარდაჭერილი RDFG-ის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში მაშინ წააწყდა, როდესაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტზე ფინანსური ანალიზი დასჭირდა და შესაბამის მონაცემებს ეძებდა. რადგან ახალ გამოწვევებთან გამკლავება ძალიან უყვარს, დაუყოვნებლივ გაიარა ონლაინ რეგისტრაცია:

„არ მოველოდი, რომ ჩემს ამ ნაბიჯს გამოხმაურება მოჰყვებოდა და რამდენიმე კვირის შემდეგ, პირველ შეხვედრაზეც დამიბარებდნენ. ცხადია, არავის ვიცნობდი და ცოტას ვნერვიულობდი კიდეც. თუმცა, პირველივე დღემ იმდენად დადებითი ემოცია დამიტოვა, რომ პროექტში ჩემდაუნებურად ჩავერთე და მისი აქტიური მონაწილეც გავხდი“.

თაჯი გვიამბობს, რომ პროექტში მონაწილეობამდე, კომუნიკაციაში შესვლა ძალიან უჭირდა და თავს საკმაოდ არაკომუნიკაბელურ ადამიანად მიიჩნევდა. პროექტის მენტორებთან შეხვედრამ კი, რომლებიც გახსნილები და აქტიურები იყვნენ, თაჯიზე დადებითი გავლენა მოახდინა:

„სულ გვეუბნებოდნენ, რომ ტრენინგებიდან მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია უნდა წაგვეღო. თუმცა, მახსოვს, ერთხელ ირმამ გვითხრა, შესაძლოა ბევრი რამ ისწავლო და შეიმეცნო, მაგრამ მთავარია, ამ ყველაფრის ცხოვრებაში გამოყენებას როგორ შეძლებო. ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა“.

თაჯი გვიამბობს, რომ ტრენინგების ფარგლებში, საუბრობდნენ ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე, თუ რა ეხმარება ადამიანს საკუთარი თავისა და უნარების უკეთ წარმოჩენასა და დამკვიდრებაში, როგორ უნდა შეადგინო სივი და მოემზადო გასაუბრებისთვის. მისი თქმით, კორპორაციული მოხალისის ფორმატის ფარგლებში, ხვდებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის წამყვან პოზიციებზე მომუშავე პირებს, რამაც საშუალება მისცა განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანების წარმატების გზა გაეზიარებინა:

„ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა ასაკისა და შეხედულებების მქონე ადამიანებთან დისკუსიაში შესვლა, თუნდაც კამათი, რომელშიც ხშირად ჭეშმარიტება იბადებოდა ხოლმე. აღნიშნულმა ბევრი ისეთი უნარი გამომიმუშავა, რაც საბოლოოდ სამუშაოს მოძებნასა და დასაქმებაში დამეხმარა. პროექტის მონაწილეებსა და მენტორებს შორის ურთიერთობა იმდენად მჭიდრო იყო, რომ ამან საკუთარ თავში უამრავი სირთულე დამაძლევინა. მე, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საქართველოში, ყველა თეთრიწყაროელს ვურჩევ აუცილებლად ჩაერთონ ამ პროექტში“.

ჩვენთან საუბარში, თაჯი განსაკუთრებით ხაზს უსვამს სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის მოქალაქეების ერთობლივ პროექტებსა და აქტივობებში ჩართვის მნიშვნელობას, რადგან მიაჩნია, რომ აღნიშნული, პირველ რიგში, რეგიონის განვითარებას უწყობს ხელს. ამასთან, იხსენებს 2019 წლის ოქტომბერში, ქალაქ თეთრიწყაროში, ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, RDFG-ის მიერ ორგანიზებული დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმსაც, სადაც აზერბაიჯანელი აპლიკანტების დანახვამ ძალიან გაახარა.

თაჯის თქმით, RDFG-ის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამამდე, უამრავ პროექტში მიუღია მონაწილეობა, თუმცა, ასეთი ემოციური არცერთი მათგანი ყოფილა. ამბობს, რომ ის მოლოდინები, რაც პროექტის მიმართ გააჩნდა, არათუ გაუმართლდა, არამედ პროექტის შედეგებმა მათ გადააჭარბა კიდეც.

ინტერვიუს დასასრულს, მსაყვედურობს, რომ აზერბაიჯანული ჩაი ბოლომდე არ დავლიე და დაპირებისამებრ, სოფელ ქოსალარში ყველაზე მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე შენობის, მეჩეთის დასათვალიერებლად მივყავართ. ჩემს თხოვნაზე შიგნიდან ეჩვენებინა სალოცავი, მპასუხობს, რომ ლოცვა უკვე დაწყებულია და შესაბამისად, შიგნით ვეღარ შევალთ. თუმცა, გვიამბობს ისლამის წესებზე, მეჩეთის კართან წარწერებს გვაჩვენებს და მათ მნიშვნელობას გვიხსნის.

დამშვიდობებისას, თაჯი სამომავლო გეგმებს გვიზიარებს:

„ახლა 20 წლის ვარ. 5 წლის პერსპექტივაში მინდა განვვითარდე შინაგანად და მივიღო ღირებული განათლება. ჩემთვის ერთ–ერთი მთავარი მიზანი ემოციური ინტელექტის განვითარებაა, რადგან მიმაჩნია, რომ მხოლოდ წიგნების კითხვა და უმაღლესი განათლების მიღება საკმარისი არ არის. ვფიქრობ, ისეთი არაფორმალური განათლების პროექტები, როგორც RDFG-ის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაა, საუკეთესო საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად. ჩემი აზრით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია იპოვო საკუთარი თავი და გადაწყვიტო რისი შექმნა გსურს“.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას RDFG ევროკავშირის ENPARD პროგრამის დაფინანსებული პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ახორციელებს. აღნიშნული პროექტი მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო–ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო–ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT).

ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5 მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.


ავტორი
ნინა კოპალეიშვილი – RDFG-ის კომუნიკაციების ოფიცერი; nkopaleishvili@rdfg.ge