fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით, კახეთში, დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო, პანდემიის კრიზისის საპასუხოდ, 5000 სამედიცინო ნიღაბს ამზადებს

17/07/2020

Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული საჭიროებებიდან გამომდინარე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო-სახელოსნო ევროკავშირის მხარდაჭერით 5000 პირბადეს ამზადებს. სამკერვალოში დასაქმებული დედები პირბადეებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას გადასცემენ, მერია კი მათ რისკ-ჯგუფებში მყოფ ადამიანებს, ასევე სამედიცინო პერსონალს და კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს უსასყიდლოდ დაურიგებს.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება დავამზადოთ სამედიცინო პირბადეები, რაზეც გაზრდილია მოთხოვნა და ამავდროულად არის დეფიციტი როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტში, ისე ზოგადად, საქართველოში. მათი შეძენა ვერ ხერხდება არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო. 5000 პირბადეს 10 დღის ვადაში დავამზადებთ. მათი საბოლოო მოსარგებლე დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იქნება,“ აღნიშავს დედა ქეთევანი. 

პანდემიის პირობებში ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით, ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილმა დედოფლისწყაროს განვითარების ჯგუფმა (LAG) პირბადეების წარმოებისთვის მცირე საგრანტო კონკურსი 2020 წლის აპრილის დასაწყისში გამოაცხადა.  LAG-ის საბჭოს გადაწყვეტილებით, 6,120 ლარის ოდენობის გრანტი მირზაანის დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო სახელოსნოს გადაეცა.

მირზაანის დედათა მონასტერში ორი მონაზონი და ორი მორჩილი მსახურობს. დედებმა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) და ორგანიზაცია HEKS/EPER-ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში პირველად 2019 წელს გაიმარჯვეს. ევროკავშირის მხარდაჭერით დედებმა სამკერვალო-სახელოსნო ააშენეს, კეთილმოაწყვეს და რამოდენიმე საკერავი მანქანა შეიძინეს.

სამკერვალო-სახელოსნოს შექმნის ერთ-ერთი მიზანი ტურისტული სერვისების ხელშეწყობა იყო. სოფელ მირზაანში არსებულ ნიკო ფიროსმანის სახლ–მუზეუმს, ტურისტული სეზონის დადგომისთანავე მრავალი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე ძველ ტაძარსაც ხშირად ეწვევიან. დედათა მონასტერთან არსებული სახელოსნო და მისი  სასაჩუქრე მაღაზია ტურისტებს ქართული ტრადიციული ორნამენტებით შექმნილ ხელნაკეთ ნივთებსა და სუვენირებს სთავაზობს.

ამასთან, სამკერვალო ადგილობრივ ქალბატონებს ტრადიციული ხელსაქმით დასაქმების შესაძლებლობას აძლევს. ისინი უსასყიდლოდ სწავლობენ მონასტრის სახელოსნოში ქარგვას, კერვას, თექის დამუშავებას, სხვადასხვა ხელნაკეთი სუვენირების შექმნას. მათ მიერ შექმნილი ნივთებიც მონასტრის მაღაზიაში იყიდება, რითაც ადგილობრივი ქალბატონები ეკონომიკურ სარგებელს იღებენ.

დედათა მონასტერთან არსებული სამკერვალო-სახელოსნოს თანადგომა და დედების აქტიური ჩართულობა პანდემიით შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ ეკლესიის სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია.

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე  პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს ორგანიზაცია HEKS/EPER, საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის შემცირებაა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge