fbpx
Skip to main content

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სურსათის უვნებლობის გაძლიერების მხარდაჭერას მომხმარებელთა უკეთ დაცვისა და სოფლის მეურნეობაში საექსპორტო შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად

24/01/2022

 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში, მოეწყო სპეციალური ღონისძიება საქართველოს სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და სურსათის უვნებლობის სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოების შესახებ. ქართველი კოლეგებისთვის ევროპის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და ცოდნის გადაცემის გზით, პროექტი მიზნად ისახავს მომხმარებელთა ნდობის გაზრდას სურსათის კონტროლის სისტემის მიმართ და ევროკავშირის ბაზარზე ქართული საკვები პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.

ღონისძიებაზე, სურსათის უვნებლობაზე პასუხისმგებელმა საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა, პროექტის პარტნიორებთან ერთად ლატვიიდან, ესტონეთიდან და შვედეთიდან, სექტორის დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფა საქართველოში“ საქმიანობის პროგრესი და განიხილეს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობის ძირითადი ასპექტები.

მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას სურსათის უვნებლობის სისტემის გაძლიერების კუთხით. „საქართველო ახლა  მნიშვნელოვან ეტაპს გადის სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების  დანერგვის და ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების მიმართულებით და ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია პროექტში ჩართული  ქვეყნების გამოცდილების გაზიარება“ – განაცხადა  მან.

„საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირი-საქართველოს DCFTA-ის ფარგლებში აიღო ვალდებულება, რომ 2027 წლისთვის მოახდენს ევროკავშირის 271 აგრო-სასურსათო სექტორის სამართლებრივი აქტის დააახლოებას და განხორციელებას. აღნიშნული ვალდებულების შესრულების შუა პროცესში, ჩვენ მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ სამართლებრივი დაახლოების გეგმა სრულდება და ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ ეს პროცესი ბოლომდე ასე გაგრძელდება. ეს წარმატება კი უნდა მივაკუთვნოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების მონდომებასა და დაუღალავ შრომას. ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა (ევროპის გუნდი) მხარი დაუჭირა ამ პროცესს სხვადასხვა აქტივობებით, და ამ მხრივ დაძმობილების პროგრამა ამის ნათელი და ძალიან ეფექტიანი მაგალითია. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ აღნიშნული სამართლებრივი დაახლოების ძალისხმევა უზრუნველყოფს ქართული საკვები პროდუქტების მაღალი ხარისხის განვითარებას, რომელიც უფრო უკეთ დაიცავს ქართველ მომხმარებელთა ჯანმრთელობას და გაზრდის მათ პოტენციალს მსოფლიო ბაზარზე.“ – აღნიშნა სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

„დაძმობილების პროექტის განხორციელების მთავარი სარგებელი არის ის, რომ იგი გაზრდის ქართული საკვები პროდუქტების კონკურენტუნარიანობას ევროკავშირის ბაზარზე და გაზრდის მომხმარებლის ნდობას სურსათის კონტროლის სისტემის მიმართ. პროექტის პირველი წლის შედეგები წარმატებით იქნა მიღწეული და ახლა  დროა გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ამის განსახორციელებლად“, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, ლატვიის სურსათისა და ვეტერინარული სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მარის ბალოდისმა.

„ევროკავშირთან სამართლებრივი ბაზის დაახლოების პროცესი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. 2015-2020 წლებში, DCFTA-ს შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა 150-მდე სამართლებრივი აქტის დაახლოება. ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად, ჩვენ უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგი მომხმარებლის ინტერესების დაცვის, წარმოებებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და ბიზნეს სექტორში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. თუმცა, პროგრესის პარალელურად რჩება გამოწვევებიც. ჩვენ გვაქვს ამბიცია საქართველოში წარმოებული პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანი ევროკავშირის ბაზარზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სხვა, წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლის შესაძლებლობასაც ტვინიგის პროექტი გვაძლევს” – თქვა ზურაბ ჩეკურაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა.

ამ პროექტმა (1 450 000 ევრო) თავისი საქმიანობა დაიწყო 2020 წლის ოქტომბერს და გაგრძელდება 2022 წლის ნოემბრამდე. ევროპის სურსათის უვნებლობის უწყებები თავიანთ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს, ევროკავშირის სტანდარტებთან ქვეყნის სამართლებრივი ბაზის დაახლოების, ასევე წესებისა და პროცედურების  შესაბამისობაში მოყვანისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიზნით.

კონტექსტი:

დაძმობილება არის ევროკავშირის ინსტრუმენტი, რომლითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საჯარო სამსახურებს შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთ კოლეგებს უშუალოდ გაუზიარონ თავიანთი ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება ბენეფიციარ ქვეყანაში. დაძმობილების პროექტები აერთიანებს საჯარო სექტორის ექსპერტულ ცოდნას ევროკავშირის წევრი და ბენეფიციარი ქვეყნიდან, რათა კოლეგების პირდაპირი კომუნიკაციის გზით, მიღწეული იქნას კონკრეტული სავალდებულო საოპერაციო შედეგები. საქართველოში, დაძმობილების პირველი პროექტი დაიწყო 2009 წელს. მას შემდეგ, ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებათა დიდი უმრავლესობა სარგებლობს დაძმობილების ინსტრუმენტით და ამის მოთხოვნა მუდმივად იზრდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილეთ:

www.eeas.europa.eu/delegations/georgia

საკონტაქტო პირები:

ბ-ნი რაივის გროსბარდისი, დაძმობილების პროექტის მუდმივი მრჩეველი

ელ-ფოსტა: Raivis.grosbardis@vaad.gov.lv

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

თამარ მიქაძე პრესისა და ინფორმაციის სამსახური  

ელ-ფოსტა: Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu