fbpx
Skip to main content

ევროკავშირი მხარს უჭერს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შენარჩუნებას და არწივის ხეობის ტურისტული პოტენციალის განვითარებას

13/03/2020

“დაცული ტერიტორიების მთავარი მისიაა, უზრუნველყოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და მისი საჯარო ხელმისაწვდომობა. ყველა ადამიანს, როგორც საქართველოს მოქალაქეს ასევე უცხოელს, აქვს უფლება მიიღოს სიამოვნება ველური ბუნების თვალიერებით. რაც უფრო მაღალია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ამგვარი დასვენების საშუალება აქვს, მით უფრო მაღალია საზოგადოების კეთილდღეობის დონე“ – ეს არის იდეა, რომელმაც ათობით ადამიანი არასამთავრობო ორგანიზაციის „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ ფარგლებში გააერთიანა. მრავალი წელია დედოფლისწყაროში მოღვაწე მეგობრები ,,ვაშლოვანის მეგობრები“ დაცულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე არეალში გარემოსდაცვით და შემეცნებით საქმიანობას ახლორციელებენ და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე ზრუნავენ.

„ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ წევრებმა სწორად და დროულად შენიშნეს დედოფლისწყაროში არსებული ტურიზმის მდგრადი განვითარების მაღალი პოტენციალი და მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. მათი შემართება თავისთავად თანხვედრაში აღმოჩნდა ENPARD-ის პროგრამის რამდენიმე ძირითად ამოცანასთან, რასაც მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვა, ადგილობრივი ტურიზმის პოტენციალის გაფართოება, ადგილობრივი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია და მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში კი მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის ამაღლება წარმოადგენს.

შედეგად, დღეს ვაშლოვანის მეგობრები, ევროკავშირის მხარდაჭერით, წარმატებით ახორციელებენ პროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტში ჩამოსულ ვიზიტორებს, დაათვალიერონ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ბუნების ძეგლის – არწივის ხეობის უმშვენიერესი ლანდშაფტები და ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში ვაშლოვანის მეგობრებმა (TJS – III) ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს მესამე ფაზის პროექტის თანადაფინანსებით მოახდინეს ,,არწივის ხეობის“ მყარი ნარჩენებისგან დამცავი დამბისა და ცხაურის რეკონსტრუქცია, შეაკეთეს საინფორმაციო ცენტრის შენობა, რითაც პრაქტიკულად სრულად გადაიჭრა მომავალში ბუნების ძეგლის ტერიტორიის მყარი ნარჩენებით დანაგვიანების პრობლემა, დაცული ტერიტორიეების სააგენტოს თანადაფინანსებით კი ხეობაში მოეწყობა უსაფრთხო საფეხმავლო ბილიკები რეინჯერთა სადგური და სანკვანძი. ENPARD-ის ფინანსური მხარდაჭერით, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა ვიზიტორებისთვის, მათ შორის საკემპინგე ადგილი, რომელიც ითვალისწინებს საპიკნიკე და საკარვე ადგილების, ასვე სანკვანძის მოწყობას, რომელიც აღჭურვილი იქნება მზის ავტონომიური ელექტრო და წყალგამაცხელებლი სისტემით. პროექტის განხორციელების შედეგად, გაიზრდება ვიზიტორთა ნაკადი, რომელთათვისაც საკმარისად ხელმისაწვდომი და კომფორტული იქნება ბუნების ძეგლის და მისი მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება. ამასთან, შესრულდება დაცული ტერიტორიების ორი ძირითადი ფუნქციაც: ბიომრავალფეროვნების დაცვა და ბუნებრივი მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობა.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე, ზღ.დ-დან 100-900 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 35 292 ჰა-ს შეადგენს. ვაშლოვანში 700-მდე სახეობის მცენარეა აღწერილი. აქვეა ალაზნის უნიკალური ჭალის ტყე და სადაც მდინარე ორ პატარა ყურეს ქმნის. ეს ყურეები საქართველოში ერთ-ერთია იმ იშვიათი ადგილებიდან, სადაც ჭალის მუხების, ვერხვების, იფნებისა და ველური ბროწეულის გვერდით იზრდება კაკლის ხის ველური სახეობა. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ფაუნაც მრავალფეროვანია. აქ გავრცელებულია ძუძუმწოვრების 62, ფრინველის 135, ქვეწარმავალის 30, თევზების 20 და ამფიბიების 4 სახეობა. აქ მტაცებელი ცხოველების 8 სახეობა ბინადრობს.

სწორედ აღნიშნული მრავალფეროვანი ბუნების დასაცავად ჩამოყალიბდა „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“, რომელმაც მიზნად არსებული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცული ტერიტორიის მართვაში საზოგადოების ჩართულობის ზრდა დაისახა.

„მე იცით როგორ ვარ? მას შემდეგ რაც დავიბადე და თავი მახსოვს, მიყვარს ყველაფერი, რაც ცოცხალია“ – აღნიშნავს ამირან კოდიაშვილი, ასოციაციისგამგეობის თავმჯდომარე.

ამირან კოდიაშვილი თავად ვეტერინარია. მას შემდეგ, რაც მან 1989 წელს ვაშლოვანის ნაკრძალში ზოოლოგად დაიწყო მუშაობა, მრავალმხრივი ტრანსფორმაცია განიცადა და დაცული ტერიტორიების პროფესიონალ სპეციალისტად ჩამოყალიბდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზეც მუშაობდა, თუმცა სახელმწიფო სამსახურზე უარი თქვა და, თანამოაზრეებთან ერთად, 2009 წელს „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ დააფუძნა.

„შემომიერთდნენ ჩემი მეგობრები, რომლებთანაც ბავშვობიდან ვმეგობრობ და რომელთაც ისეთივე ფასეულობები აქვთ გარემოსთან დაკავშირებით, როგორიც მე. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საზოგადოება დაცულ ტერიტორიებს გვერდში უნდა დაუდგეს. საზოგადოების ჩართულობის გარეშე დაცული ტერიტორიები ვერ იქნება წარმატებული. ასოციაცია ამჟამად ასრულებს დამაკავშირებელ ფუნქციას სწორედ საზოგადოებასა და ეროვნული პარკის ადმინისტრაციას შორის. ამასთან, ბუნების დაცვისა თუ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების კუთხით, ასოციაციის შემთხვევაში ფონდების მოძიების ბევრად უფრო მოქნილი საშუალებები არსებობს“ – აღნიშნავს ამირან კოდიაშვილი.

ამირან კოდიაშვილმა ბუნებისდაცვითი პროექტების განხორციელება 4-5 ადამიანთან ერთად დაიწყო, თუმცა ვაშლოვანის მეგობრების რაოდენობა დროთა განმავლობაში გაიზარდა. ამჟამად ასოციაციას 15-მდე აქტიური წევრი ჰყავს, თუმცა მათ მხარს უჭერს 60-მდე ახალგაზრდა, რომლებიც საქმიანობაში მასშტაბური ღონისძიებების დროს ერთვებიან. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ბუნება უყვარს, შეუძლია, ვაშლოვანის მეგობრებს შეუერთდეს და ენთუზიაზმით მიიღოს მონაწილეობა დაცული ტერიტორიების მოვლასა და განვითარებაში.

სხვადასხვა ფონდების ტექნიკური და ფინანსური დახმარებით „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ” მრავალი სასარგებლო პროექტის განხორციელება შეძლო, მათ შორის არწივის ხეობაში ჩამავალი ჩამონადენი წყლების მექანიკური გამწმენდის დაპროექტება და აშენება; ამასთან, ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში, დაარსდა კოლხური ხოხბის საშენიც, რომელიც 1500კვ/მ ფართობის ვოლიერს, ინკუბატორის შენობას, თანამშრომელთა საცხოვრებელ კოტეჯსა და საკვანძს მოიცავს. აღნიშნულ საშენში უკვე გამრავლდა 500 – მდე კოლხური ხოხობი, რომელთა უმრავლესობა ბუნებაში გაუშვეს, დანარჩენი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ 4 სამონადირეო მეურნეობას გადაეცა გასამრავლებლად.

ვაშლოვანის მეგობრებმა ასევე მოაწყვეს ეკოსაგანმანთლებლო ღონისძიებებისთვის საჭირო საკემპინგე ტერიტორია; ჩამოაყალიბეს ნორჩ რეინჯერთა კლუბი ,,ხორნაბუჯი“, რომლის წევრებიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში; მოაწყვეს საგანმანათლებლო ტურები დედოფლისწყაროელი სკოლის მოსწავლეებისთვის როგორც ვაშლოვანის, ასევე საქართველოს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე და სხვა. ასოციაცია აქტიურად არის ჩართული ბუნებისდაცვით პროგრამებსა თუ ღონისძიებებში.

„ბუნებას საზღვრები არ აქვს. ადამიანები თავად ვაწესებთ საზღვრებს დაცულ ტერიტორიებსა თუ სხვა დანარჩენ ბუნებას შორის, თორემ ფრინველი და ცხოველი ამ ორგანიზაციული ფორმებიდან თავისუფლად გადის და შემოდის კიდეც. ამიტომ, ჩვენ ეს არ გვსაზღვრავს. ჩვენ საქმიანობას ვახორციელებთ როგორც დაცული ტერიტორიებზე ისე მის ფარგლებს გარეთ, რადგან ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ბიომრავალფეროვნებისთვის არის კარგი“ – აღნიშნავს ამირან კოდიაშვილი.

2018 წელს, ვაშლოვანის მეგობრების საქმიანობაში დროულად ჩნდება ევროკავშირი და დედოფლისწყაროს განვითარების ჯგუფი, რომელიც ENPARD-ის პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“-ის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ევროკავშირის პროექტს HEKS/EPER საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციასთან „ელკანა“ თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის მიზანია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირება, ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და იმ ცვლილებების გატარება, რომლებიც ადგილობრივი განვითარებისკენაა მიმართული.

ENPARD-ის პროექტები სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს ე.წ. „ლიდერ” (LEADER) მიდგომას ეფუძნება. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მხოლოდ მოსარგებლეები და ამ მიდგომით ხელი შეუწყოს სოფლის სამომავლო განვითარებას. სწორედ აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროში შეიქმნა „ადგილობრივი განვითარების ჯგუფი“ (LAG), როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის. LAG-მა შეიმუშავა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომელშიც მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები აისახა. აღნიშნული სტრატეგიიდან გამომდინარე გაიცემა გრანტები სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების მისაღწევად.

ვაშლოვანის მეგობრებმა სწორად შეაფასეს შესაძლებლობები, რომელთაც მათ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ENPARD-ის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი უსახავდა, შეიმუშავეს გეგმა, დაწერეს პროექტი და ევროკავშირთან ერთად განაგრძეს ბუნებისდაცვითი ღონისძიებების განხორციელება.

მიუხედავად იმისა, რომ არწივის ხეობა ბიომრავალფეროვნების წარმომადგენელთა განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა, ვიზიტორები მის დათვალიერებას, პრაქტიკულად, ვერ ახერხებდნენ. საფეხმავლო მარშრუტის არარსებობის გამო, შეუძლებელი იყო ხეობის სიღრმეში არსებული ულამაზესი ჩანჩქერებისა და სუბტროპიკული მცენარეების სიუხვის ნახვა. პროექტის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტო პირველ რიგში, ხეობის სიღრმეში სწორედ უსაფრთხო, ბუნებრივი გარემოსგან მინიმალისტურად მოდიფიცირებული საფეხმავლო ბილიკებს მოაწყობს . ბილიკის მთელ გაყოლებაზე მაგრდება ნიშანმაჩვენებლები, კლდოვან ადგილებში ქვაში იკვეთება საფეხურები, რამდენიმე ადგილზე ეწყობა წყალზე გადასასვლელი ხიდი.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ლამაზი ბიომრავალფეროვნების აღქმას დღეს ასევე ხელს უშლის ხეობაში დაგროვებული ნაგავი. საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, მოხალისე ბუნებისმოყვარული ახალგაზრდები ხეობის მყარი ნარჩენებისგან გაწმენდის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში ჩაერთვებიან. ,,ვაშლოვანის მეგობრები“ იწვევენ სტუდენტებსა თუ სკოლის მოსწავლეებს, როგორც დედოფლისწყაროდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. მათთვის ორგანიზებული იქნება კვება, უზრუნველყოფილი სამუშაო აღჭურვილობა და წყალგაუმტარი ფეხსაცმელი. ამგვარად, ეს არის ერთი მხრივ საგანმანათლებლო აქტივობა, რომლის ფარგლებიც ასოციაციის წევრები ახალგაზრდებს მიაწვდიან ინფორმაციას ბიომრავალფეროვნების შესახებ, მეორე მხრივ კი გაიწმინდება ტერიტორია. შედეგად, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, უსაფრთხოდ გაიარონ მთელი ხეობა და მიიღონ სიამოვნება არწივის ხეობაში არსებული ბუნებრივი მემკვიდრეობის თვალიერებით.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ვაშლოვანის მეგობრები ხეობის გასასვლელში ასევე აწყობენ საკემპინგე ადგილს. თითქმის დასრულებულია 30 ადამიანზე გათვლილი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც საკარვე ადგილის მოსწორებას, საპიკნიკე ცეცხლის დასანთები ადგილის შემოსაზღვრას, აბაზანისა და ტუალეტის აშენებას, მზის ენერგიაზე მომუშავე წყალგამაცხელებლი და ელექტრო სისტემის უზრუნველყოფას გულისხმობს. 15 აპრილისთვის სრულად მოწყობილი საკემპინგე ადგილი ვიზიტორებს წინასწარ შემუშავებული ქცევის წესებით დახვდება. უნდა აღინიშნოს, რომ საკემპინგე სივრცე, ისევე როგორც საფეხმავლო ბილიკი, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროებებზე.

„ბუნების ძეგლის მთავარი ფუნქცია ბიომრავალფეროვნების მკაცრი დაცვაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებისმოყვარული ადამიანებისთვის იმის შესაძლებლობის მიცემა რომ უსაფრთხოდ და კომფორტულად დაათვალიერონ ბუნება. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საჯარო ხელმისაწვდომობა არის აუცილებელი და საჭირო“ – აღნიშნავს ამირან კოდიაშვილი.

საკემპინგე ადგილის ძირითადი მიზანი საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებული სტუდენტებისა თუ მოსწავლეების მასპინძლობაა. შემეცნებითი პროგრამებისგან თავისუფალი დღეების შემთხვევაში, ვაშლოვანის მეგობრები კომერციული საქმიანობის განხორციელებასაც გეგმავენ და უმასპინძლებენ როგორც ტურისტებს, ასევე ადგილობრივ დამსვენებლებსა თუ კორპორატიულ ჯგუფებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუ სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების შემთხვევაში საგანმანათლებო პროგრამებში მონაწილეობა სიმბოლური თანხის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი, სხვა დამსვენებლებს კემპინგში დასარჩენად შედარებით მეტი თანხის გადახდა მოუწევთ.

საპიკნიკე ადგილის მართვიდან მიღებული შემოსავლები ასოციაციას მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს არსებული კოლხური ხოხბის საშენი და სხვა იშვიათი ფრინველებიც გაამრავლოს. ამასთან, შესაძლებელი იქნება ანაზღაურების დანიშვნა იმ რეინჯერებისა თუ სხვა საქმით დაკავებული თანამშრომლებისთვის, რომლებიც აქამდე მხოლოდ ენთუზიაზმით მუშაობდნენ.

“ბუნების ძეგლი „არწივის ხეობა“, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია, პრაქტიკულად თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს, იმიტომ, რომ უმშვენიერესი ხეობა ჩამავალ წყლებს მოყოლილი ნარჩენებით ბინძურდება. სწორედ ამ დაბინძურების გამო ვიზიტორები ხეობის შიგნით, პრაქტიკულად, არ ჩადიან, არადა სწორედ იქ არის ჩანჩქერები და ძალიან მაღალი ხარისხის ბიომრავალფეროვნება“ – გვიყვება ამირან კოდიაშვილი.

არწივის ხეობის ჩამონადენი წყლების მყარი ნარჩენებისგან დამცავი ცხაური, რომელიც ვაშლოვანის მეგობრებმა უკვე ააშენეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა ხეობა დიდი ხნის მანძილზე ნაგვისგან დაცულიყო. ფინანსების არქონის გამო, ცხაური სათანადოდ ვერ იწმინდებოდა და მისი ექსპლუატაციაც შეუძლებელი გახდა. თუმცა ვაშლოვანის მეგობრებმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, შექმნილი არასასიამოვნო სიტუაციიდან გამოსავალი მაინც იპოვეს. საპიკნიკე ადგილის მოწყობის შედეგად მიღებული შემოსავლები სრულიად საკმარისი იქნება წყალგამწმენდ ცხაურში დაგროვებული ნარჩენების მონიტორინგისა და გაწმენდისთვის, რასაც ვაშლოვანის მეგობრები თავად განახორციელებენ, ამოღებული ნაგვის პერმანენტულად გატანაზე კი პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური იღებს.

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე საპიკნიკედ არჩეული ადგილი ძალიან მზიანი და თბილია, რაც სტუმრების სიმრავლეს აუცილებლად განაპირობებს. ვიზიტრების ლოჯისტიკური თუ ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაზე ასოციაციის თანამშრომლები იზრუნებენ, გიდის მომსახურებაც ვაშლოვანის მეგობრების კომპეტენციაშია. რაც შეეხება კვების, ტრანსპორტირებისა თუ გართობის სხვა სერვისებს, ასოციაციის წევრები ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებასა და ჩართვას იმედოვნებენ. ისინი იწვევენ კერძო პირებს, რომლებიც სერვისის მომწოდებლები იქნებიან. მაგალითად, სავაჭრო სივრცის მოწყობის შემდეგ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროდუქტი საკემპინგე ტერიტორიაზე უფასოდ განათავსონ და დამსვენებლებს შესთავაზონ. ვაშლოვანის მეგობრები დამსვენებლებს სხვადასხვა კერძო პირისა თუ კომპანიის მომსახურებას შესთავაზებენ, მათი აქტივობების ორგანიზებას გააკეთებენ, თუმცა ამ სერვისების მიწოდებას თავად არ განახორციელებენ.

„ჩვენ თუ, მაგალითად, ხუთი ადამიანს დავასაქმებთ, გვინდა, რომ სხვადასხვა სერვისების მოწოდებაზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს. განა ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ყველაფერს ერთად?! განა ჩვენ ვერ გვეყოლება ამისთვის თანამშრომლები?! თუმცა არ არის ეს ჩვენი საქმე, ჩვენი ფუნქცია. ჩვენი მცირედი შემოსაველები საკმარისი იქნება ჩვენი მთავარი კონსერვაციული იდეის განხორციელებისთვის – გავამრავლოთ და ბუნებაში გავუშვათ ფრინველები და ნაგვისგან დავიცვათ არწივის ხეობა. ამ ორი მიზნის შესრულებით ჩვენი ფუნქციაც სრულდება. ჩვენ არ ვართ შემოსავლების მიღებაზე ორიენტირებული ბიზნეს ორგანიზაცა, ჩვენ ვიწყებთ ინიციატივას და ვუბიძგებთ ხალხს, რომ ამოქმედდნენ“ – აღნიშნავს ამირან კოდიაშვილი.

ევროკავშირის და დედოფლისწყაროს განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის წევრები 15 აპრილისთვის საკემპინგე ტერიტორიაზე პირველ დამსვენებლებს ელოდებიან. მათი შემართებით ნაგვისგან გაიწმინდება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, მოეწყობა კომფორტული და უსაფრთხო საფეხმავლო ბილიკები და საკემპინგე ადგილი, სადაც ბუნებისმოყვარულები, ტურისტები თუ ადგილობრივი დამსვენებლები უნიკალური ბიომრავალფეროვნებით ისიამოვნებენ. მნიშვნელოვანია მათი წვლილი მომავალი თაობის აღზრდაში, რასაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პრორგამის განხორციელების შედეგად მოახერხებენ.

სამომავლო გეგმები ბუნების მოვლისა და შენარჩუნებისთვის უსაზღვროა, ისევე როგორც თავად ბუნება.

ავტორი: თეა ღვინაძე