fbpx
Skip to main content

ელჩი კარლ ჰარცელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს გაეცნო

22/02/2022

კახეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ეწვია. პროგრამა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის შესახებ განცხადებასაც მოიცავდა. ასევე, ელჩი ჰარცელი დედოფლისწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგებლებს შეხვდა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ რამდენიმე ადგილობრივ საწარმოს ესტუმრა.

ელჩმა ჰარცელმა და მინისტრმა შამუგიამ დღე დედოფლისწყაროს ბიოსფერულ რეზერვატში დაიწყეს, სადაც, რეზერვატის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) პროგრამაში „ადამიანი და ბიოსფერო“ წარდგენასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს. კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) ერთად, მუნიციპალიტეტმა, ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ინკლუზიური და მდგრადი ზრდის მოდელის, განვითარებაზე იმუშავა. ბიოსფერული რეზერვატის ნომინაცია, ისევე როგორც, პროექტის 

ფარგლებში, ბიზნესის განვითარება, ადგილობრივი თემის ცხოვრების პირობებისა და ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სუფთა და მრავალფეროვანი გარემო კი, ადგილობრივ წარმოებასთან ერთად, მუნიციპალიტეტს და მის მცხოვრებლებს განვითარებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

დედოფლისწყაროში ვიზიტისას, ელჩი ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG) შეხვდა. დედოფლისწყაროს LAG-ი აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ თემებს, რომლებსაც სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ. LAG-ის საქმიანობა სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს, ე.წ. LEADER მიდგომას ეფუძნება და მისი მიზანი დედოფლისწყაროში ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიცირება და განვითარების ხელშეწყობაა. დღემდე, LAG-მა 100-ზე მეტ ადგილობრივი განვითარების ინიციატივას დაუჭირა მხარი და ასობით სამუშაო ადგილი შექმნა.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ჰარცელი რამდენიმე ადგილობრივი განვითარების ინიციატივასაც ეწვია:

„ნასრაშვილის მეღვინეობამ“, ადგილობრივი განვითარების ჯგუფისგან, წარმოების გადაიარაღების მიზნით, ევროკავშირის გრანტი მიიღო, რომელიც ოჯახურ მცირე ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში დაეხმარა და ახლა ღვინოს 6 ქვეყანაში ყიდის. სამომავლოდ, საოჯახო მარანი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას და ექსპორტის ზრდას გეგმავს.

ელჩი სასტუმრო „ავტოგრაფს“ ეწვია, რომელმაც ისტორიული შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის დაფინანსება ევროკავშირიდან მიიღო და სტუმრების მისაღებად 14 სასტუმრო ოთახი მოაწყო. სასტუმროს განახლებამ  6 ახალი ადგილობრივი სამუშაო ადგილი შექმნა.

ვიზიტის დასასრულს, ელჩმა ხელოვნების სტუდია „ფესვები“, მოინახულა, რომელიც დედოფლისწყაროს განვითარების ჯგუფის ფარგლებში, ევროკავშირმა დააფინანსა. „ფესვები“ უნიკალური სახელოსნოა, რომელსაც ბუნებრივი საღებავების გამოყენების დიდი გამოცდილება აქვს და უნიკალურ პროდუქტს აწარმოებს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა რეგიონული განვითარების პროექტები მოინახულა, ეწვია ტურისტულ ადგილებს, შეხვდა ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებს და ექსპორტიორებს, რომლებმაც ევროკავშირის დახმარებით, საკუთარი საქმიანობის შემდგომი განვითარება შეძლეს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu(link sends e-mail), 599 533031
  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu(link sends e-mail), 577 293979