fbpx
Skip to main content

კოოპერატივის “ვარდი-2014” ისტორია

01/04/2020

ENPARD- ი წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ფოტო ისტორიას წარმატებული კოოპერატივის შესახებ, რომელმაც უკვე ისარგებლა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით და პირველი შედეგიც მიიღო. ENPARD-მა, რეგიონალური პარტნიორის “ქეა საერთაშორისოს” მეშვეობით დააფინანსა ქალთა ახლადშექმნილი კოოპერატივი „ვარდი-2014“. ამ ყოველივეს უკან ძლიერი ქალების ბრძოლა დგას, არა მხოლოდ ეკონომიკური სარგებელისთვის, არამედ მეგობრების შესანარჩუნებლად. დიახ, მაშინ როცა ახლა უკვე კოოპერატივის ორი წევრ ქალბატონს არალეგალური ემიგრაციის მძიმე და სასტიკი გზა ერთადერთ გამოსავლად ეჩვენებოდა ეკონომიკური პრობლემებისთვის თავის დასაღწევად, მათი უმძიმესი არჩევანის თავიდან ასარიდებლად მეგობრებს გაუჩნდათ იდეა, რომ გამოეყენებინათ ENPARD-ის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობა, რომელიც სოფლის- მეურნეობის სფეროში არსებულ კოოპერატივებს განვითარებას და წინსვლას სთავაზობს.

„ვარდი 2014 ” ახლად შექმნილი ქალების ფერმერული ჯგუფია, სადაც ახლობელი ქალბატონები გაერთიანდნენ ერთი სურვილის გარშემო, წამოეწყოთ საკუთარი ბიზნესი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა როგორც მათი ოჯახების შემოსავლებს, ამასთან განავითარებდა მათ შესაძლებლობებს და ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობის საშუალებასაც მისცემდა. მათი სურვილის განხორცილებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ერთ-ერთი მათგანის ეზოში განთავსებული იყო უფუნქციოდ დარჩენილი 240 მ2 სასათბურე კარკასი, რომელიც წარმატებით შეიძლებოდა გამოეყენებინათ სარფიანი ბიზნესის დასაწყებად.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ რთულ პერიოდში ერთმანეთის გვერდში დგომის გამოცდილება, ახლაც, ჩვენი ჯგუფის 2 წევრი სოციალური პრობლემების გამო უცხოეთში სამუშაოდ აპირებდა წასვლას. ეს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი იყო, რამაც საქმიანობის დაწყების მოტივაცია გაგვიჩინა“,- აცხადებს ჯგუფის ერთ- ერთი წევრი, ქალბატონი ლეილა.

მართალია ჯგუფს არა აქვს ბიზნესის წარმოების არავითარი გამოცდილება, მაგრამ ისინი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან და აქვთ მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, ამიტომ ფუნქციებიც მათი პროფესიების და შესაძლებლობების მიხედვით გადანაწილდა: ლეილა ჩოჩიამ 2 წლის წინ გაიარა USAID NEO–ს მიერ ორგანიზებული ტრეინინგი მესათბურეობაში. ის მარკეტინგის საკითხებზე მუშაობს. ნანა კუპრეიშვილი აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონია, განათლებით აგრონომ- დეკორატორი. სოხუმის დაცემამდე მუშაობდა ქალაქის გამწვანების სამსახურში. კოოპერატივში მუშაობს პროფესიული კუთხით. მანანა ბოკუჩავა განათლებით ბუღალტერია და ის კოოპერატივის ფინანსურ საკითხებს უძღვება. ინგა მუგასაშვილი ვარდების გაყიდვაზე იმუშავებს. ის ამჟამადაც მაღაზიის გამყიდველია და ამ კუთხით საკმაო გამოცდილება აქვს. ნანა ფანცულაია პროექტის კოორდინატორია. ვინაიდან სათბური ნანას ეზოშია განთავსებული, ის ყველაზე მეტადაა დაკავებული სათბურში ყოველდღიური საქმიანობით. მიუხედავად იმისა რომ „ვარდი 2014“ უკვე გაიფურჩქნა, კოოპერატივის წევრების თქმით ისინი ჯერ ბუჩქის გაძლიერებაზე აკეთებენ აქცენტს და პროდუქციის რეალიზაციის დაწყებას სექტემბრიდან ვარაუდობენ. პროდუქციის სარეალიზაციოდ გამოიყენებენ მათ მფლობელობაში არსებულ ფორდის მარკის მსუბუქ ავტომანქანას.

გრანტის ფარგლებში კოოპერატივის წევრებმა სასათბურე კარკასიდან მოაწყვეს სასათბურე მეურნეობა სარკმელებით და სავენტილაციო ჭრილებით, დაამონტაჟეს წვეთოვანი საირიგაციო სისტემა, საჩრდილობელი ბადე, ეზოში არსებულ ხელოვნურ წყალსაცავთან გააკეთეს წყლის საქაჩი მოწყობილობა, შეძინეს და დარგეს 500 ძირი ვარდის ნერგი. ამ საქმიანობებისათვის მათ ქეასგან მოითხოვეს 7909 ლარი. გარდა ამ თანხისა კოოპერატივის ფულადი თანადაფინანსება შეადგენდა 4488 ლარს, რაც გამოიხატა შრომითი წვლილით და არაფულადი წვლილი 8000 ლარი, მათ საკუთრებაში არსებული სასათბურე კარკასის სახით.

კოოპერატივ „ვარდი-2014“-ის წევრები მომავალში აბაშის ცენტრში საკუთარი ყვავილების მაღაზიის გახსნას გეგმავენ, სადაც ვარდებთან ერთად გაყიდიან სხვა ჯიშის ყვავილებს და მცენარეთა დაცვის საშუალებებს. ”ჩვენ ვეცდებით ჩვენი ბიზნესის მამოძრავებელი იყოს წარმატებული მენეჯმენტი, რომლის დროსაც ჯერ კარგად ვფიქრობთ და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვხედავთ ფართო სურათს, ვიხედებით შორს. ასევე ვეცდებით ბიზნესი თავისი გადაწყვეტილებებით იყოს მოქნილი, რაც საშუალებას მოგვცემს მუდმივად ცვალებად გარემოში შევინარჩუნოთ პოზიციები. შესაძლებლობებზე ფოკუსირება საშუალებას მოგვცემს ჩვენი სუსტი მხარეები ჩვენს უპირატესობებად ვაქციოთ, რაც წარმოებისათვის გრძელვადიან პერიოდში ძალზე მნიშვნელოვანია“ – ამბობენ ჯგუფის წევრები.

ქალბატონმა ლეილამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ENPARD-ის პროგრამა  რომ არა, სამეგობრო ნამვილად გამოუვალი მდგომარეობის წინაშე იდგა. ის განსაკუთრებით მადლიერია იმ ყურადღებისა და ხელშეწყობის გამო, რაც მათმა კოოპერატივმა ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის, ქეას თანამშრომლებისგან მიიღო: ტრეინინგების საინფორმაციო შეხვედრების და დაფინანსებით სახით. ქალბატონი ლეილას თქმით ENPARD-ი ნამდვილად არის ის პროექტი, რომელიც მუშაობს.