fbpx
Skip to main content

სოფელ ობჩადან ევროკავშირის ბაზრამდე – ქალი მეღვინის წარმატების გზა

03/01/2022

18 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ვენახი და წარმოება, რომელიც წელიწადში უკვე 18 ათას ბოთლამდე აღწევს – ეს „ბაიას ღვინოა“. იმერეთში, სოფელ ობჩაში მდებარე მარანს, 6 წელზე მეტია, 28 წლის ბაია აბულაძე ხელმძღვანელობს. იხსენებს, რომ თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ – ქალი მეღვინე ეუცნაურებოდათ. თუმცა, ბაიამ სტერეოტიპები დაარღვია – ცხოვრება სწორედ მეღვინეობას დაუკავშირა და წარმატებულ ბიზნესადაც აქცია.

ახალგაზრდა მეღვინეს ვაზთან პირველი შეხება, ჯერ კიდევ, მეორე კლასში ჰქონდა – სწორედ ეს იყო მისი ოჯახის ტრადიციული საქმიანობა. თბილისში განათლების მიღების შემდეგ, დედაქალაქში ცხოვრებაზე უარი თქვა და კვლავ სოფელში დაბრუნება გადაწყვიტა. ახლა, წარმოებას და-ძმასთან ერთად უძღვება და, ყურძნის იმერული ჯიშებისგან, სხვადასხვა სახის ღვინოს ამზადებს.

თავიდან ბევრი არაფერი იცოდნენ – არც მეწარმეობის გამოცდილება ჰქონდათ, არც გაყიდვების… ამიტომ, პირველი ბოთლების ჩამოსხმას თან არაერთი გამოწვევა ახლდა.

„თუმცა, საბედნიეროდ, ევროკავშირის მიერ დაგეგმილი ბევრი ღონისძიების თუ ტრენინგების შედეგად, სწორედ ის ცოდნა მივიღეთ, რაც ძალიან სწრაფად დაგვეხმარა ჩვენი ბიზნესის განვითარებაში“, – ამბობს ბაია და იხსენებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, არაერთ გამოფენასა და კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, გაყიდვებისა და პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით, ცოდნაც მიიღო და საჭირო კონტაქტებიც დააგროვა.

წარმოების დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ექსპორტის დრო დადგა. სოფელ ობჩადან ევროკავშირის ბაზრამდე მისასვლელი გზა მარტივი სულაც არ ყოფილა. 2017 წელს, ბაიამ ავსტრიის ბაზარი მოსინჯა. ცდამ გაამართლა. დღეს კი, „ბაიას ღვინო“ უკვე 14 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. საქართველოში, წარმოებული პროდუქციის, მხოლოდ 40% რჩება. დანარჩენი საექსპორტოა და, უმეტესად, სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში იგზავნება. მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, დანიასა და შვედეთში.

ექსპორტი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამაც წაახალისა, რომლის ფარგლებში, ქართული პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში ნულოვანი საბაჟო ტარიფით შედის. შედეგად, ბაიას წვდომა გაუმარტივდა ბაზარზე, რომელსაც 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

„მეღვინეობა ძალიან საინტერესო საქმეა. თუმცა, ტრადიციულ ცოდნას ნამდვილად სჭირდება თანამედროვე მიდგომები და, ასევე, ის ბაზარი, რომელიც ქართულ ღვინოს კარგად გაიგებს. განსაკუთრებით კლასიკურ და ტრადიციურ ღვინოებს, რომელსაც რეგიონული განსხვავება აქვს ჩვენს ქვეყანაში. ევროპის ბაზარი გახლავთ ერთ-ერთი ასეთი საინტერესო, ნიშური ბაზარი ამ სახის ღვინოებისთვის“, – მიიჩნევს ახალგაზრდა მეწარმე.

გარდა იმისა, რომ წარმოება განავითარა, ბაიამ ობჩა საინტერესო და გამორჩეულ აგროტურისტულ მიმართულებადაც აქცია. სოფელში ჩასულ სტუმრებს სხვა არაერთ აქტივობასთან ერთად, ღვინის ძველი მარნისა თუ ვენახის დათვალიერება და ყურძნის კრეფაში მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ.

ბაია ცდილობს, ოჯახურ საქმიანობაში ტრადიციული ცოდნა და თანამედროვე მიდგომები გააერთიანოს. გამოსდის კიდეც – „ბაიას ღვინო“ უკვე ბრენდად იქცა და მუდმივად მზარდმა ბიზნესმა როგორც ადგილობრივ, ისე საექსპოერტო ბაზრებზე საკუთარი ნიშა მართლაც იპოვა.  

„18 ჰექტარი უკვე ის მოცულობაა, რომელსაც ნამდვილად დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ჩვენ ამ ცოდნას გზადაგზა ვიძენთ“, – განმარტავს ბაია და იცის, რომ წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. იქამდე კი, ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ევროკავშირის ბაზარზე თავის კიდევ უფრო მყარად დასამკვიდრებლად მუშაობას აგრძელებს.