
ENPARD IV-ის ფარგლებში საქართველოში სურსათის უვნებლობის გაძლიერების ხუთწლიანი შედეგები შეჯამდა
პარტნიორებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა „ფერმიდან ჩანგლამდე“ სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების ხუთწლიანი პროგრამა შეაჯამეს.
პარტნიორები, სახელმწიფო უწყებები, პირველადი წარმოების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, მწარმოებელთა ასოციაციები, უნივერსიტეტის სტუდენტები და ეროვნული აგროსურსათო სისტემის წარმომადგენლები, ევროკავშირისა და შვედეთის მხარდაჭერით განხორციელებული ხუთწლიანი პროგრამის შესაჯამებლად შეიკრიბნენ. აღნიშნული ინიციატივა, „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
ღონისძიება „Agro Food Drink Expo“-ს გახსნის დღეს გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა 2021 წლიდან დაწყებული პროგრამის მიღწევებსა და საქმიანობის იმ მიმართულებებზე, რომლებიც „ფერმიდან ჩანგლამდე“ სურსათის უვნებლობის მხარდაჭერასა და საქართველოს სურსათის სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ისახავდა მიზნად.
ღონისძიება გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პაველ ჰეჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში; პეტრ კუბერნატმა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში; ლაშა დოლიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ; დოქტორმა რაიმუნდ იელემ, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში.
მოგვიანებით FAO-მ და CzDA-მ პროგრამის შედეგები შეაჯამეს. შედეგების პრეზენტაციის შემდეგ კი FAO-სა და CzDA-ს ორგანიზებით, პანელური დისკუსიები გაიმართა, რომლებშიც პროექტის ძირითადმა მხარეებმა: ფერმერებმა, მწარმოებლებმა და ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ხუთი წლის განმავლობაში, FAO-ს ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული სურსათის უვნებლობის ჩარჩოს შექმნაში დაეხმარა. ტექნიკური ტრენინგები 9 700-ზე მეტმა ფერმერმა, ბიზნესის წარმომადგენელმა და სტუდენტმა გაიარა. გრანტებისა და აღჭურვილობის სახით გაიცა 2.3 მილიონი აშშ დოლარი (Please consider putting in euros), რითაც მხარდაჭერა გაეწია 1 230 ბენეფიციარს რძის, თხილისა და აკვაკულტურის სექტორებში. ნიადაგის დაუმუშავებლად თესვა მარცვლეულის 3 400 ჰექტარზე მეტ ფართობზე გავრცელდა, ხოლო ფერომონული შეფერხების მეთოდმა ვენახის ევროპული ჭიისგან 2 560 ჰექტარი ვენახი დაიცვა. გარდა ამისა, „ქართული გემოს“ 19 აგრობაზრობამ 161 ნიშურ მწარმოებელს მყიდველებთან პირდაპირი კავშირის დამყარების საშუალება მისცა.
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხარისხის მართვის სისტემა დაინერგა და საქართველოში მცენარეთა ჯანმრთელობის სფეროს შესაძლებლობები შეფასდა. შემუშავდა წინადადებები და რეკომენდაციები მცენარეთა დაცვის საშუალებების რეგისტრაციის, კონტროლისა და გამოყენების სისტემისა და ეროვნული ლაბორატორიული სისტემის გასაძლიერებლად. ჩეხეთის რესპუბლიკიკაში ცხრა სასწავლო ვიზიტმა და 20-ზე მეტმა სპეციალიზებულმა ტრენინგმა პროფესიული ექსპერტიზის განვითარებას შეუწყო ხელი, ცნობიერების ამაღლების აქტივობებმა კი საქართველოს მასშტაბით 4 000-ზე მეტი მოქალაქე მოიცვა.
“ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში ENPARD-ი ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერას ემსახურება.
დღეს ჩვენ ვასრულებთ ENPARD-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) შვედეთის ფინანსური მხარდაჭერითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მონაწილეობით ახორციელებდა. ეს „ევროპის გუნდის“ (Team Europe) თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
2013 წლიდან პროგრამის ფარგლებში ინვესტირებული 234,5 მილიონი ევროთი, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ფერმერებს, ხელი შევუწყვეთ სამუშაო ადგილებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის და საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას.
შედეგები ხელშესახებია: 2013 წლიდან 2024 წლამდე სოფლად სიღარიბის მაჩვენებელი 33%-დან 15%-მდე შემცირდა, ხოლო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 90%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს რეგიონების მიმართ ENPARD-ის დასრულებით არ მთავრდება. ახალი პროექტები, რომლებიც ინიციატივის „ევროკავშირი შენთან“ ფარგლებში განხორციელდება, მიღწეულ შედეგებს დაეფუძნება და გააგრძელებს ინვესტირებას სოფლად მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობასა და განვითარებაში“, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.
„სურსათის უვნებლობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ის მომხმარებლებს იცავს, ჩვენს ფერმერებს აძლიერებს და ქართული პროდუქციისთვის ახალ ბაზრებს ხსნის. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენმა უწყებებმა ახალი ცოდნა და შესაძლებლობები შეიძინეს, მწარმოებლებმა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით მეტად უვნებელი პრაქტიკები დანერგეს“, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა დოლიძემ.
„შვედეთი ამაყობს, რომ ევროკავშირთან ერთად მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობისთვის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების ძალისხმევას. გასული ხუთი წლის განმავლობაში პროგრამამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიცვა მცირე მწარმოებლები და სურსათის ბიზნესოპერატორები, მათ შორის ათასობით ქალი მერძევეობის ღირებულებათა ჯაჭვში. უვნებელი სურსათი მათი ოჯახების უკეთეს კვებას უწყობს ხელს და ეხმარება მათ იმ სტანდარტების დაკმაყოფილებაში, რომლებიც ახალ ბაზრებზე, მათ შორის საზღვარგარეთ, გასვლის შესაძლებლობას იძლევა. FAO-სა და CzDA-ს საქმიანობის შედეგად მიღებული ცოდნა, აღჭურვილობა და შესაძლებლობები ახლა საქართველოს მოსახლეობას, კერძო სექტორსა და ადგილობრივ თემებს ეკუთვნის, რომლებიც ამ საქმეს გააგრძელებენ“, ამბობს შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელისაბედ ბრანდბერგი.
„ჩეხეთის განვითარების სააგენტო ფოკუსირებული იყო საქართველოს მოსახლეობაში, მათ შორის სკოლის მოსწავლეებსა და ხანდაზმულ მოქალაქეებში, სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერდით სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ სურსათის უვნებლობაზე. მდგრადი ცვლილება ცოდნით იწყება და ვამაყობთ, რომ ამ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანეთ. გვჯერა, რომ ჩეხურ ინსტიტუტებს და ექსპერტებსა და მათ ქართველ კოლეგებს შორის დამყარებული პარტნიორობა განაგრძობს განვითარებას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს მხარდაჭერისთვის, FAO-ს კი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, განაცხადა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტის კოორდინატორმა იონაშ ჰაგერმა.
„ამ ღონისძიებით, ჩვენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის ფარგლებში, საქართველოში FAO-ს ათწლეულზე მეტი ხნის მუშაობის კულმინაციას აღვნიშნავთ. სურსათის უვნებლობა ეტაპობრივად შენდება – პოლიტიკიდან და ინსპექტირებიდან ფერმამდე, გადამამუშავებელ ხაზამდე და ბაზრამდე. ჩვენმა ძალისხმევამ თითოეულ ამ ეტაპს მიაღწია. მადლობას ვუხდით ევროკავშირსა და შვედეთს ნდობისთვის, ხოლო საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს – პარტნიორობისთვის“, განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, დოქტორმა რაიმუნდ იელემ.
ENPARD-ის შესახებ
ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეშვეობით უჭერს მხარს. სოფლად სიღარიბის შემცირების მიზნით, ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა თავდაპირველად სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას უწყობდა ხელს. შემდეგ ის სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზეც კონცენტრირდა. 2021 წლიდან პროგრამა, შვედეთის დამატებითი მხარდაჭერით, ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზეც მუშაობს. ENPARD IV-ის ფარგლებში სურსათის უვნებლობის კომპონენტის ძირითადი განმახორციელებლები FAO და ჩეხეთის განვითარების სააგენტო არიან. ENPARD-ის შედეგებზე დაყრდნობით, ევროკავშირი საქართველოს ფერმერებისა და სოფლის თემების მხარდაჭერას #EUwithYOU-ის ფარგლებში აგრძელებს.
დამატებითი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ: https://eu4georgia.eu/enpard/
დამატებითი ინფორმაცია #EUwithYOU-ის შესახებ: https://eu4georgia.eu/new-eu-assistance/
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/