fbpx
Skip to main content

ენერგოეფექტურობა – მეტი სარგებელი, ნაკლები დანახარჯი

ევროკავშირი საქართველოში ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარების მიმართულებით რამდენიმე წელია მუშაობს და ეხმარება საკანონმდებლო რეფორმების ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოებაში, თერმორეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვასა და მდგრადი ენერგიის მიმართულებით ინოვაციების დანერგვაში

ენერგოეფექტურობის 7 სარგებელი

ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანია. ენერგიის დაზოგვა და ეფექტური გამოყენება ზეგავლენას ახდენს ჩვენზე და გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

10 საჯარო სკოლა, 7 საბავშვო ბაღი და 4 საჯარო შენობა ევროკავშირის მხარდაჭერით განახლდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო მწვანე და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით გატარებული ენერგოეფექტური ღონისძიებების შედეგად დაზოგილი საოპერაციო ხარჯების წყალობით, არაერთ ბიზნესს მეტი ფინანსური რესურსის ინვესტირების შესაძლებლობა გაუჩნდა, როგორც ახალი მიმართულებების გასავითარებლად, ისე სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ყოველივე ეს მხოლოდ ნაწილია იმ სამუშაოებისა, რასაც ევროკავშირი საქართველოში ახორციელებს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

ენერგოეფექტურობა ევროკავშირში

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ენერგოეფექტურობა ევროკავშირის სტრატეგიული პრიორიტეტია დევიზით „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“. ენერგია, რომელსაც ჩვენ ვზოგავთ, არის ის ენერგია, რომლის წარმოება, შეძენა და იმპორტი არ გვჭირდება.

ათწლეულზე მეტია, ევროპაში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად ევროკავშირმა რამდენიმე ღონისძიება გაატარა. მათ შორის,  მიზნად დაისახა ენერგიის წლიური შესყიდვების შემცირება, საჯარო შენობების თერმორეაბილიტაცია, სავალდებულო ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების შემოღება შენობების გასაყიდად და გასაქირავებლად, პროდუქციის ეტიკეტირება ენერგოეფექტურობის მინიშნებით, მსხვილი კომპანიების სავალდებულო ენერგო აუდიტი და სხვა.

დღესდღეობით, ევროკავშირში ახალი შენობები მოიხმარენ იმ ენერგიის ნახევარს, რასაც 1980-იან წლებში მოიხმარდნენ.

წაიკითხეთ სრულად

ენერგოეფექტურობა საქართველოში

ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას, რადგან მას კონკრეტული სარგებელი მოაქვს მოსახლეობისთვის. ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება შენობებში (რომლებიც საქართველოში მთლიანი ენერგიის 30%-ზე მეტს მოიხმარენ), ხელს შეუწყობს ოჯახების ენერგო გადასახადების შემცირებას და უზრუნველყოფს ცხოვრების უფრო მაღალ სტანდარტებს ჯანმრთელობაზე, გარემოზე, განათლებისა და სამუშაო პირობებზე დადებითი ზემოქმედებით.

ევროკავშირი საქართველოში ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარების მიმართულებით რამდენიმე წელია მუშაობს: ქვეყანას ეხმარება საკანონმდებლო რეფორმების ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოებაში, თერმორეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვასა და მდგრადი ენერგიის მიმართულებით ინოვაციების დანერგვაში.

2020 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო „კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „კანონი შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“, რომლებსაც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დაემატება შემდგომი რეგულაციები. ეს კანონი, რომელიც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას, ნერგავს კომპანიებისთვის ენერგეტიკული აუდიტის და ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების საჭიროებას, რაც საქართველოს მოქალაქეებს მიაწვდის საჭირო ინფორმაციას, ენერგიის მოხმარების შესადარებლად. ინფორმაცია საშუალებას მისცემს ოჯახებს, გადაწყვიტონ, როგორ დაზოგონ კომუნალურ გადასახადებზე თანხები და  გახადონ თავიანთი სახლები მეტად ენერგოეფექტური. 

ენერგოეფექტურობა ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას საყოფაცხოვრებო და ეკონომიკის დონეზე, ეკონომიკის მდგრად განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, ენერგოეფექტურობა არის ერთ-ერთი გზა ენერგიის იმპორტზე მოთხოვნის შესამცირებლად და ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.

ევროკავშირის მხარდაჭერა ენერგოეფექტურობისთვის საქართველოში

გარდა საკანონმდებლო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისა, ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა ჩადო საქართველოში მდგრადი წარმოების ენერგიის გასაზრდელად და ბიზნესებისა და მოქალაქეების ენერგოეფექტური ღონისძიებების ხელშესაწყობად.

 

ენერგოეფექტურობის კონკრეტული აქტივობები მოიცავს:

– საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან, რათა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სამართლებრივ და ინსტიტუციურ სტრუქტურებზე ხელმისაწვდომობა ენერგოეფექტურ საზოგადოებად გარდასაქმნელად;

– გაუმჯობესებულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, საჯარო შენობების, მათ შორის სკოლების, ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროგრამა;

– მუნიციპალიტეტებში ინოვაციური პროექტების შემუშავება, მაგალითად, კახეთში, ვენახის ნასხლავის გამოყენება 2 საბავშვო ბაღის გასათბობად;

– მწვანე დაკრედიტება საქართველოს კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით, რათა დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს და შინამეურნეობებს ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებაში;

– ენერგოეფექტური ავტობუსების შეძენა ბათუმსა და თბილისში, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტის სექტორის გაუმჯობესებას.

ყველა ეს პროექტი ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას, საქართველოს უფრო ენერგოდამოუკიდებელს და ძლიერს ხდის და ამცირებს კომუნალურ ხარჯებს მოქალაქეებისთვის, გადასახადის გადამხდელებისთვის და კომპანიებისთვის.

ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი იყალთოში

ევროკავშირის დაფინანსებით, სოფელი იყალთოს საბავშვო ბაღი განახლებადი ენერგიის – ბიომასის – საშუალებით სრულად თბება. „მერების შეთანხმების“ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა იყალთოს საბავშვო ბაღის თერმორეაბილიტაციას. შედეგად, შენობა სრულად თბება, ხოლო ხარჯი 60%-ით შემცირდა, გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი და შემცირდა გამონაბოლქვი.

ისტორიები


მზის სხივებიდან სუფთა ენერგიამდე: ტყიბულის ნომერ პირველ საბავშვო ბაღში წყალი მზის ენერგიით თბება

ევროკავშირის ხელშეწყობით, რუსთავში 3 საბავშვო ბაღის შენობა გახდა ენერგოეფექტური

ევროკავშირის მხარდაჭერით, „ჰოლიდეი ინნ თელავის“ შენობა ენერგოეფექტური გახდა

როგორ უნდა გახადოთ სახლი უფრო ენერგოეფექტური

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, მრავალ ქვეყანაში მოქალაქეებმა მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხის დაზოგვა შეძლეს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შედეგად. უფრო თბილი სახლები დაბალი გადასახადებით ხელს უწყობს ოჯახების კეთილდღეობას. იხილეთ რამდენიმე რჩევა.