fbpx
Skip to main content

ევროკავშირის მხარდაჭერით, „ჰოლიდეი ინნ თელავის“ შენობა ენერგოეფექტური გახდა

22/11/2021

რამდენიმე წლის წინ, ალბათ რთული წარმოსადგენი იყო, რომ კახეთის შუაგულში, ქალაქ თელავში, საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნებოდა. თუმცა, ევროკავშირის მხარდაჭერით, დღეს ქალაქის ცენტრში, ისტორიულ შენობაში, რომელშიც სასტუმრო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში ფუნქციონირებდა, ახლა „ჰოლიდეი ინნის“ ბრენდის ქვეშ, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური განთავსების ობიექტი გვხვდება.

თითქმის სრულად დანგრეული შენობის აღდგენა, თანაც ისე, რომ იქ საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გახსნილიყო, მარტივი არ აღმოჩნდა. თელავის „ჰოლიდეი ინნის“ მენეჯმენტს პროცესში არაერთი სირთულე შეხვდათ. თუმცა, არ შეუცვლიათ მთავარი მიზანი – თელავში ჩასული სტუმრებისთვის ისე უნდა ემასპინძლათ, როგორც ევროპაში.

ამ მიზნით, საინვესტიციო პროექტი მომზადდა და კომპანიამ EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზით ისარგებლა. შედეგმაც არ დააყოვნა – შეღავათიანი სესხი შენობის რემონტს, სახანძრო, ელექტრო და უსაფრთხოების სისტემების შეძენასა და მონტაჟს მოხმარდა. შეიცვალა კომუნიკაციების, ელექტრო და გათბობა-გაგრილების სისტემები. ფინანსურთან ერთად, კომპანიამ ტექნიკური დახმარებაც მიიღო. სამუშაოების წარმატებით განხორციელების შემდეგ კი, ევროკავშირის ინიციატივით, სესხის 15%, გრანტის სახით, უკან დაუბრუნდა – თანხა კვლავ პროექტის გასავითარებლად რეინვესტირდა.

„ჰოლიდეი ინნში“ მთავარი აქცენტი ენერგოეფექტურობაზე გააკეთეს. შედეგად, 85 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც ჯერ მხოლოდ ორი წელია ოპერირებს, უკვე მნიშვნელოვან სარგებელს იღებს – ენერგოეფექტური სისტემების დანერგვით, კომპანიამ ხარჯების, დაახლოებით, 30%-ით შემცირება შეძლო.

„რამდენიმე ეტაპის გავლა მოგვიწია იმისთვის, რომ ამ შესანიშნავი პროგრამის ბენეფიციარი ვყოფილიყავით. გარდა იმისა, რომ 15%-იანი ქეშბექი და დაბალპროცენტიანი სესხი მივიღეთ, ასევე არანაკლებ ღირებული იყო ტექნიკური დახმარება, რომელიც მიმდინარეობდა მთელი პროექტის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამისთვის, ჩვენ მოგვიწია ყველა იმ კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რომლებსაც პროგრამა მოიცავდა. არ იყო მარტივი, მაგრამ შევძელით, ისეთი პარტნიორები მოგვეძიებინა, რომლებსაც ჰქონდათ იმის რესურსი, რომ ჩვენთვის სასურველი პროდუქცია გაწერილი გეგმის მიხედვით მოეწოდებინათ. ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით, რომ ევროპულ სტანდარტებს დავახლოვებოდით და შენობა ბევრად უფრო ენერგოეფექტური ყოფილიყო. ასეთი მიდგომებით, ჩვენ გარემოზე ნაკლებ ზეგავლენას ვახდენთ“, – განმარტავს „ჰოლიდეი ინ თელავის“ გენერალური დირექტორი ლევან ერისთავი.

ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის შედეგად, დღეს, „ჰოლიდეი ინნ თელავი“ ევროპულ სტანდარტებთან არის თანხვედრაში. სასტუმროში, რომელიც საკონფერენციო და გასართობ სივრცეებს, ორი ტიპის რესტორანს და სპა ცენტრს მოიცავს, დაახლოებით, 60 ადამიანია დასაქმებული. მათი უმეტესობა კახეთის რეგიონის მკვიდრია.

ასე იქცა საუკუნის წინანდელი ნანგრევები ენერგოეფექტურ შენობად. კომპანიის მფლობელები მიიჩნევენ, რომ მათი იდეის სისრულეში მოყვანა ევროკავშირის ხელშეწყობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ახლა, „ჰოლიდეი ინნ თელავს“, რომელიც ქალაქში პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროა, წინ განვითარების არაერთ გეგმა აქვს, რათა კახეთის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაში საკუთარი წვლილი მომავალშიც შეიტანოს.