Skip to main content

ევროკავშირის გაფართოების პაკეტი 2026: საქართველო

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა, რაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთებისა და იმ ცხრა ნაბიჯის შეუსრულებლობის გამო, რომელთა შესრულება საფუძვლად დაედო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, 2024 წელს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა.

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ამავდროულად საქართველოს მოუწოდებს დემოკრატიული რეფორმების გატარებისა და ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემისკენ.

გაეცანით საქართველოს ევროპულ გზას, ევროკავშირის გაფართოების უახლეს პაკეტსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისკენ წინსვლისთვის.

ანგარიში 2026 წლის ევროკავშირის გაფართოების შესახებ

ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში გაფართოების შესახებ ხაზგასმით აღინიშნება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებული რჩება და ძალაში რჩება კომისიის მიერ 2025 წელს გაკეთებული შეფასება, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა. საქართველო კვლავ არ ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციაში ასახულ ცხრა ნაბიჯს, რომელთა შესრულება საფუძვლად დაედო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან მმართველი პარტია განაგრძობს დემოკრატიული პრინციპებისთვის, კანონის უზენაესობისთვის, ფუნდამენტური უფლებებისთვის და სამოქალაქო სივრცისთვის ძირის გამოთხრას, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობას. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის კურსს და ევროკავშირში გაწევრიანების ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებას არ დაუბრუნდება, საქართველო კვლავ ვერ მიიღებს სარგებელს, რომელსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს. ევროკავშირის მრავალწლიანი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.

2026 წლის გაფართოების შესახებ ევროკომისიის კომუნიკაციის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით არსებული უკუსვლის გაგრძელება ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა და კვლავ ვერ იღებს სარგებელს, რომელსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს.

დოკუმენტში აღნიშნულია: “საქართველოს მმართველი პარტია განაგრძობს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმის, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობის საშუალებით. უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამ უფრო მეტად და მკაცრად შეზღუდა სამოქალაქო სივრცე. საქართველო კვლავ არ ასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციაში ასახულ ცხრა ნაბიჯს, რომელთა შესრულება საფუძვლად დაედო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროკავშირის შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რის გამოც ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის.”

2021-2024 წლებში ევროკავშირი საქართველოსთვის ყოველწლიურად 85 მილიონ ევროს გამოყოფდა. თუმცა, გამოყოფილი თანხები ყოველთვის იმავე წელს არ იხარჯება; შესაბამისად, დემოკრატიული უკუსვლის გამო, საქართველო 2022, 2023 და 2024 წლებში გამოყოფილი სახსრებიდან 121 მილიონ ევროს კარგავს. დაკარგული ფინანსური დახმარება თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი – სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირი მხარდაჭერის, ან მთავრობისა და სახელმწიფო უწყებებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარების სახით. აღნიშნული სახსრები სხვა მიმართულებით გადანაწილდა.

ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას და ამავდროულად საქართველოს მოუწოდებს დემოკრატიული რეფორმების გატარებისა და ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემისკენ.

გაეცანით საქართველოს ევროპულ გზას, ევროკავშირის გაფართოების უახლეს პაკეტსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისკენ წინსვლისთვის.

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი: რა ეტაპზეა ქვეყანა?

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანა, ხოლო 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს იმის გათვალისწინებით, რომ შესრულდებოდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ‘9 ნაბიჯად’ ცნობილი რეფორმები. რეკომენდაცია და ცხრა ნაბიჯის აღწერა შეგიძლიათ იხილოთ: 2023 Communication on Enlargement Policy (სრული ტექსტი ინგლისურად) და ასევე ამონარიდი საქართველოს შესახებ (ქართულად).

თუმცა, 2024 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია. საბჭომ ეს პოზიცია 2024 წლის ოქტომბერშიც დაადასტურა.

2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ ასევე გამოხატა სინანული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი და საქართველო: მრავალწლიანი პარტნიორობა

ევროკავშირმა და საქართველომ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში განავითარეს მჭიდრო პარტნიორობა, რომელიც პოლიტიკურ დიალოგს, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საერთო ვალდებულებებს ეფუძნება.

ასოცირების შეთანხმება, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) კომპონენტს მოიცავს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველს ქმნის. შეთანხმება ხელს უწყობს თანამშრომლობასა და რეფორმების განხორციელებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკური განვითარება და მმართველობა. ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია: 2025 წელს მასზე საქართველოს მთლიანი ვაჭრობის 21.6% მოდიოდა.

2017 წლის მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები ასევე სარგებლობენ შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით, შესაბამისი პირობების დაცვით. 2026 წლის 6 მარტს ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. ვიზის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების მიზანმიმართული და განგრძობადი დარღვევის საპასუხოდ.

ევროკავშირი-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობა კვლავ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს მოქალაქეების მხარდასაჭერად, ევროკავშირის ღირებულებების ხელშეწყობისა და ადამიანებს შორის კავშირების შესანარჩუნებლად.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებსაც უშუალო სარგებელი მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის პროგრამებს, რომლებიც მიმართულია შესაძლებლობების შექმნაზე სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ახალგაზრდებისთვის. დახმარება მოიცავს მხარდაჭერას ფერმერებისთვის, ასევე განათლების, კულტურის, კვლევისა და კერძო სექტორებში მოღვაწე ადამიანებისა თუ დაწესებულებებისთვის. გარდა ამისა, ეს დახმარება ხელს უწყობს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და ქმნის შესაძლებლობებს საქართველოს ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის.

მნიშვნელოვანი ეტაპები

ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებამდე ეტაპები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განვითარებას ასახავს.

გაეცანით იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებმაც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა განსაზღვრა.

2014 წლის ივნისი

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა

საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს მოიცავს და ქმნის უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩოს.

2016 წლის ივლისი

ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად შევიდა ძალაში, რამაც პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა გააძლიერა.

2017 წლის მარტი

უვიზო მიმოსვლის დაწყება

ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლება მიიღეს, შესაბამისი პირობების დაცვით.

2022 წლის მარტი

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს წარადგენს

საქართველომ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

2022 წლის ივნისი

ევროპული პერსპექტივის მინიჭება

ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და შემდგომი რეფორმების პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრა.

2023 წლის ნოემბერი

ევროკომისია კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა იმის გათვალისწინებით, რომ ‘9 ნაბიჯად’ ცნობილი რეფორმები განხორციელდებოდა.

2023 წლის დეკემბერი

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელი რეფორმები განხორციელდებოდა.

2024 წლის ივნისი და ოქტომბერი

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება

ევროპული საბჭო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

2024 წლის დეკემბერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს: „მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“; ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ აღნიშნულ პერიოდში მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. ევროპულმა საბჭომ გამოხატა სინანული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.