
სამ ათწლეულზე წელზე მეტია, რაც ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტული ცოდნისა და ინოვაციების გადაცემისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების საერთო ფასეულობებს ემყარება.
1992 წლიდან დაწყებული, ევროკავშირი საქართველოს უდიდესი საერთაშორისო დონორია. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ თავის პარტნიორებისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ჩვენ საქართველოს ყოველწლიურად დაახლოებით 85 მილიონი ევროს ოდენობის ტექნიკურ დახმარებასა და გრანტს ვაძლევთ, რასაც ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებიც ემატება.
თუმცა, საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები, შეაჩერა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს გამოყოფის პროცესი და 120 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისათვის. ამას ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაზე გავლენა არ მოუხდენია.
ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერის მიზანს საქართველოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის შესამჩნევად და საგრძნობლად გაუმჯობესება წარმოადგენს. უკანასკნელ დრომდე ევროკავშირი საქართველოს საჯარო სექტორის ეფექტიანობის მუდმივი და სისტემური სრულყოფის კატალიზატორი იყო, წარმოადგენდა რა ევროპული პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მხარდამჭერს.
2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) – შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის შემოღება მოჰყვა. ამჟამად ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ორიენტირებულია მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვაზე და ამავდროულად პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას.
ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ახალგაზრდების მხარდაჭერას, უზრუნველყოფს რა მათ შესაძლებლობებით განათლების, კულტურისა თუ სხვა სფეროებში. ევროკავშირმა საქართველოს ახალგაზრდობას ევროპაში ცხოვრებისა და სწავლის მრავალი შესაძლებლობა შეუქმნა, რაც ქართველ ახალგაზრდებს სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებისა და მიღებული ცოდნის უფრო ძლიერი და წარმატებული ქვეყნის მშენებლობაში გამოყენების საშუალებას აძლევს.
საქართველოში ევროკავშირის საქმიანობა უფრო სუფთა გარემოს შექმნასა და მდგრადი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზეა ორიენტირებული. საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა ადამიანებს ციფრული და სოციალური კავშირების დამყარებაში, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში ეხმარება.
2017 წლის 28 მარტიდან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად, შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით საქართველოს მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა და ჯამში 3.5 მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა.
ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე ევროკავშირი საქართველოს საიმედო პარტნიორია იმისათვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, მდგრადი და წარმატებული.
ევროკავშირი საქართველოს ხალხის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და დამოუკიდებელი მედიის საიმედო პარტნიორად რჩება. ევროკავშირი კვლავ დაუჭერს მხარს მათ ევროპულ მისწრაფებებს და სურვილს, იცხოვრონ ძლიერ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, მდგრად და წარმატებულ საქართველოში.