fbpx
Skip to main content

პროექტი „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ პრეზენტაცია

„ერთიანი საქართველო ევროპისთვის“

კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობამ სამხრეთ კავკასიაში (KAS) და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა   (OSGF) და  თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა (IJH) გამართეს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ პრეზენტაცია. პრეზენტაცია ჩატარდა სასტუმრო „სტამბაში“ DOME.

აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა: ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს საზოგადოების ყველა სეგმენტს გაერთიანებული და მტკიცე ძალისხმევა სჭირდება. საქართველოს ევროპული გზა არის ქვეყნის ხანგრძლივი და  ტრანსფორმაციული სვლა უფრო მტკიცე სტაბილურობისა და უსაფრთხოებისაკენ. ეს არის სვლა პოლიტიკური რეფორმებისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისაკენ. ევროკავშირის სტანდარტებთან და ღირებულებებთან დაახლოებით საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, გააუმჯობესოს მმართველობა, დაამკვიდროს კანონის უზენაესობა და გააძლიეროს ადამიანის უფლებების დაცვა. აღნიშნა მან.

აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გერმანიის ფედერაციული რესუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის  გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ამ გზაზე საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, დღეს მიღწეულ ეტაპზე, არასამთავრობო სექტორის როლზე და მომავალ პერსპექტივებზე.

 „ჩვენ, კონრად ადენაუერის ფონდი, მზად ვართ მხარდაჭერა გავუწიოთ  საქართველოს მის ევროპულ გზაზე სვლაში,  დავეხმაროთ იყოს ერთიანი და დაძლიოს დაპირისპირება. ეს არის ჩვენი ახალი პროექტის მთავარი მიზანი“ – განაცხადა კონრად ადენაუერის ფონდის კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა შტეფან მალერიუსმა პროექტის მიზნებზე საუბრისას.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს მუდმივ სწრაფვას ევროპისკენ და გაერთიანებული ძალისხმევის მნიშვნელობას:  „მომავალი 33 თვის განმავლობაში ჩვენ შევეცდებით გავაერთიანოთ საქართველოს სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეების, ახალგაზრდების, ბიზნესის, აკადემიური წრეების თუ იურისტების ძალისხმევა – ყველას ძალისხმევა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროინტეგრაცია. დადგა დრო ევროპის სხვა ერებს შორის ადგილდამკვიდრებული, დემოკრატიული, პროგრესული და თანამედროვე საქართველო გავაცოცხლოთ...“ – აღნიშნა მან.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს ქვეყნის დემოკრატიული ცვლილებებისა და რეფორმების დასაჩქარებლად… ევროკავშირი ამ გზაზე ყოველთვის გვერდში ედგა ქართულ საზოგადოებას და, ახლაც, ჩვენ გავაგრძელებთ იმ დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ემსახურება. კვლავ ვიზრუნებთ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და  მედიის, სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დასაცავად“. – აღნიშნა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა.

მედია-ორგანიზაციების სახელით მიმართა შეკრებილებს  თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის (IJH) კოორდინატორმა ირმა დიმიტრაძემ: „ჩვენ პროექტში იმ მედიაორგანიზაციებს აერთიანებს, რომლებიც წლებია აშუქებენ პროცესებს,  ჰყვებიან ისტორიებს და იძიებენ ფაქტებს. ვთვლით, რომ სწორედ მათი საქმიანობა, მათი რესპონდენტები და გმირები წარმოადგენენ ჩვენს და ჩვენი ქვეყნის ხმას თავისი მრავალფეროვნებითა და ერთიანობით, ხმას, რომელიც გვჯერა, რომ უნდა ისმოდეს ყველგან, სადაც საქართველოს აწმყო და მომავალი წყდება…“ – განაცხადა მან.

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ გამოფენა სახელწოდებით „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სხვადასხვა პროფესიონალური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები, ახალგაზრდები, ლიდერები.

პროექტის შესახებ

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატების, და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას;  სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიცირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების  ინფორმირების ზრდას.  

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • დამოუკიდებელი მონიტორინგის წარმოება და შესაბამისი ანალიტიკური მოხსენებების მომზადება სახელმწიფო და ევროპულ პოლიტიკაზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდასაჭერად;
  • ექსპერტთა დისკუსიებისა და დებატების ორგანიზება  ევროპულ ინტეგრაციაზე – ევროპის კვლევითი და სამეცნიერო ცენტრების მონაწილეობით; საგანგებოდ შექმნილი კერძო და საჯარო სექტორების თემატური სამუშაო ჯგუფების ჩართულობით;
  • კოალიციების და ქსელების შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით – „ევროპული ინტეგრაციის რეგიონული სამოქალაქო საბჭოების“ და „ევროპული ინტეგრაციის მედია კოალიციის ჩამოყალიბება“;
  • ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება; თემატური ტრეინინგები (ToT) მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის და სოციალური მედიის გავლენიანი მომხმარებლებისთვის; 
  • ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (პრიორიტეტით ადგილობრივ ორგანიზაციებზე) იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ახალისებენ და ხელს უწყობენ; 
  • იურიდიული დახმარების რეგიონული ბიუროების გახსნა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის იურიდიული დახმარების გასაწევად;
  • საქართველოს სკოლებში ევროპის შესახებ ლექციების ჩატარება და ევროპული ახალგაზრდული ბანაკების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებისთვის; ახალგაზრდების ინოვაციური იდეების მხარდაჭერა; 
  • მედია პროდუქტების მომზადება კრეატიული სააგენტოების, მარკეტინგული და საკომუნიკაციო  კომპანიების ჩართულობით;
  • ევროკავშირის საინფორმაციო ავტობუსისა და კარდაკარის კამპანიის ორგანიზება საქართველოს გარშემო; 
  • მაღალი დონის კონფერენციის ორგანიზება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე – ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფის (სამოქალაქო საზოგადოება, მედია, კერძო სექტორი, გადაწყვეტილების მიმღებები, საერთაშორისო პარტნიორები) ერთმანეთთან დაკავშირება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასაჩქარებლად და ა.შ.  

პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი  (OSGF) და  თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).

 „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ საერთო ბიუჯეტია 3,099,837.08 ევრო; ხანგრძლივობა: 33 თვე.

ევროინტეგრაციაახალიამბები