fbpx

ადამიანის უფლებათა ფორუმი ქმნის დიალოგის სივრცეს საქართველოს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობაზე მსჯელობისთვის

10/12/2021

ადამიანის უფლებათა დღეს, გაიმართა შემაჯამებელი მსჯელობა საქართველოს საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის შესახებ, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებასა და თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობას. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ადამიანის უფლებათა ფორუმი ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამხრეთ კავკასიის ოფისისა (OHCHR) და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივითა და ხელშეწყობით გაიმართა.

ფორუმმა შექმნა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის სივრცე და ხელი შეუწყო ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევების განხილვასა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ მსჯელობას.

ღონისძიების დღის წესრიგი ეხმიანებოდა ადამიანის უფლებათა დღის წლევანდელ გზავნილს – „ყველა ადამიანი თანასწორია“. ფორუმზე გამართული მსჯელობა სამ ძირითად სფეროს მოიცავდა, სადაც პანდემიის ფონზე განვითარებულმა ეკონომიკურმა და სოციალურმა კრიზისმა განსაკუთრებით მწვავე უთანასწორობა გამოიწვია – გენდერული თანასწორობა, ლგბტქი+ თემის სამართლებრივი და სოციალური დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები.

ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მიმართა. თავის მისასალმებელ სიტყვაში მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში საქართველომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნაბიჯები გადადგა.

სხვა გამომსვლელებს შორის იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ ევია კოტანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამხრეთ კავკასიის ოფისის (OHCHR) უფროსი მრჩეველი ვლადიმირ შკოლნიკოვი, ასევე პარლამენტის წევრები და სახელმწიფო უწყებებისა და  წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„2021 წელს, თანასწორობის საკითხი კვლავაც გამოწვევას წარმოადგენდა. ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტქი+ თემისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ივლისში, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გარშემო განვითარებული მოვლენები, როდესაც სამართალდამცავ უწყებებს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე. ძალადობისკენ მომწოდებელი და ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი პირები  მართლმსაჯულების წინაშე არ წარმდგარან”, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

„ევროკავშირი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია ადამიანის უფლებების დაცვისა და თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობის გზაზე. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ურთიერთობისა და საქართველოს მიმართ დახმარების ქვაკუთხედია. დღეს, როდესაც ადამიანის უფლებათა დღეს აღვნიშნავთ, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, ვიმსჯელეთ, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ გენდერული თანასწორობა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები და ლგბტქი+ თემის უფლებები საქართველოში უკეთ იყოს დაცული“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილემ ევია კოტანმა.

„პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა საზოგადოებაში არსებული სოციალური უთანასწორობა. ახლა, როდესაც საქართველო ამ კრიზისიდან გამოსვლას ცდილობს, პანდემიაზე რეაგირება და შემდგომი აღდგენა სწორედ ადამიანის უფლებებს უნდა დაეფუძნოს“, – აღნიშნა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა.

„საქართველომ დიდი გზა გაიარა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გათვალისწინებული პრინციპები ცხოვრებაში გაეტარებინა. ამ გზამ ქვეყანა თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების აშენებისკენ უნდა მიიყვანოს, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც უმცირესობებსა და მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფებს ეხება. მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს, უმაღლესი პრიორიტეტი მიანიჭონ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და დაიცვან ყველა მოქალაქის უფლებები გამონაკლისის გარეშე”, – განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

“თანასწორობის და არადისკრიმინაციის პრინციპები ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველია. მისასალმებელია, რომ ამ მხრივ, საქართველომ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და პოლიტიკური დოკუმენტები მიიღო. თუმცა, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპების პრაქტიკული განხორციელება, მრავალფეროვნების პატივისცემა და ამ გზით ადამიანის უფლებათა საფუძვლების დაცვა კვლავ დღის წესრიგშია”, – აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამხრეთ კავკასიის ოფისის (OHCHR) უფროსმა მრჩეველმა ვლადიმირ შკოლნიკოვმა.   

ადამიანის უფლებათა ფორუმი წლევანდელი ადამიანის უფლებათა კვირეულის ერთ-ერთი შემაჯამებელი ღონისძიებაა. 3-11 დეკემბერს გამართულ კვირეულს ადგილობრივი და საერთაშორისო მხარდამჭერები, სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.

კვირეულის მსვლელობისას, ევროკავშირმა (EU), გაერომ და საქართველოს სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა პრინციპების მიმართ, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და ყველა საკვანძო პოლიტიკური დოკუმენტით. ადამიანის უფლებათა პატივისცემა და დაცვა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და ფორმატის საფუძველია, როგორიცაა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა.        

საკონტაქტო ინფორმაცია

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,