fbpx

საჩხერეში, სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებმა ბავშვებმა, ონლაინ სწავლის გაგრძელება ევროკავშირის დახმარებით შეძლეს

28/11/2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის უმეტესი სოფლები, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსს ატარებს, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახები მრავლად არიან. COVID19-ით გამოწვეულმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა სწორედ სოციალურად დაუცველ და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე იქონია. ევროკავშირის COVID19-თან ბრძოლის სწრაფი რეაგირების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ინტერნეტთან წვდომის და ონლაინ სწავლების პროცესში ჩართვის საშუალება მიეცათ. დღეს, უკვე 20 სოციალურად დაუცველ ოჯახს ინტერნეტ მოდემი აქვს და 50 ბავშვი, შვიდი თვის განმავლობაში შეწყვეტილი სწავლის პროცესს, ონლაინ გაკვეთილების მეშვეობით დაუბრუნდა.

10 წლის ირაკლი, ერთ-ერთი მოსწავლეა რომელიც გაკვეთილებს ონლაინ ვერ ესწრებოდა. ის საჩხერის რაიონში, სოფელ კორბოულში ცხოვრობს. ოჯახში სამი დედმამიშვილია, სამივე სკოლის მოსწავლე.  თებერვალში, ისინი სკოლიდან ერთი კვირით დაითხოვეს, თუმცა არდადეგები პანდემიის გამო ერთი კვირის ნაცვლად ცხრა თვეს გაგრძელდა.

სკოლები მალევე ონლაინ გაკვეთილებზე გადავიდა, თუმცა ირაკლის სახლში ინტერნეტი არ ჰქონდა და შესაბამისად გაკვეთილები უცდებოდა. სამწუხაროდ, ირაკლის  მსგავსად, გაკვეთილებს ვერ ესწერებოდა ვერც მისი და მე-6 კლასელი სესილია და ვერც მისი მე-4 კლასელი ძმა ნოდო.

ბავშვების დედა იხსენებს, რომ ყველაზე რთული პანდემიის დაწყების დროს, ის იყო რომ მისი შვილები ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ და ვერაფერს აკეთებდა. 

“ძალიან ვნერვიულობდი, ბავშვები არ მინდოდა ჩამორჩენოდნენ გაკვეთილებს, მაგრამ არ გვქონდა ინტერნეტი. შემდეგ პედაგოგი შეგვეხმიანა და გვითხრა, რომ ევროკაშვირის მხარდაჭერით ასეთი ბავშვებისთვის იყო პროექტი და მოდემს გადმოგვცემდნენ. მოვხვდით ამ პროექტში და მას მერე არც ერთი გაკვეთილი არ გაუცდენიათ. ყველაზე ბედნიერები იყვნენ როცა გაკვეთილებზე ჩართვა შეძლეს.”

ირაკლის მსგავსად, ინტერნეტზე წვდომა საჩხერის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრ მოსწავლეს არ ჰქონდა. ევროკავშირის დაფინანსებით და ASB-ს კოორდინაციით, საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა, არასამათავრობო ორგანიზაცია “ვირტუოზული წრეების ასოციციამ”, საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისთვის ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობის ინიციატივა განახორციელა.

კობა გრძელიშვილი, “ვირტუოზული წრეების ასოციაციის” პრეზიდენტია, რომელიც 2019 წლის აგვისტოში დააფუძნა. ცენტრი საჩხერეშია და სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში,  ქართულ ენასა და ინგლისურში  ამზადებს.

“პანდემია, რომ დაიწყო მივხვდით უნდა გვემოქმედა. იშვიათია საქართველოში ადამიანი, რომელიც ვერ დაინახავდა, რომ ონლაინ გაკვეთილები დიდი პრობლემაა. ყველა მოსწავლეს სკოლაში ურიგებენ კომპიუტერს, შესაბამისად ნაწილი რესურსისა, რაც საჭირო იყო ონლაინ სწავლებისთვის, ბავშვებს უკვე ჰქონდათ. პროექტისთვის ავარჩიეთ სოციალურად დაუცველი ოჯახები, ვისაც დაწყებითი კლასის მოსწავლეები ყავდათ. მნიშვნელოვანი და აუცილებელი კრიტერიუმი იყო, რომ ოჯახში ერთზე მეტი მოსწავლე ყოფილიყო. რაც ასევე საშუალებას იძლეოდა მეტ ბავშს ესარგებლა ინტერნეტით. როგორც კი პროექტი დაგვიფინანსეს, საჩხერის მუნიციპალიტეტში 50-მა მოსწავლემ შეძლო გაკვეთილებზე დასწრება.” 

ბავშებს, რომლებიც რამდენიმე თვე სწავლას ჩამორჩნენ, “ვირტუოზული წრეების ასოციაციის” პრეზიდენტმა კობა გრძელიშვილმა, სამ საგანში ერთ წლიანი უფასო კურსი შესთავაზა. 

დღეს ირაკლი, ერთ-ერთია იმ ბავშვებიდან, რომელიც სოფელ კორბოულიდან კვირაში ერთხელ საჩხერეში მიდის  და სამ საგანში ემზადება. ამბობს, რომ სახლში ყოფნის დროს ყველაზე მეტად  ინგლისურს ჩამორჩა. ახლა, ინგლისურს მას კობა მასწავლებელი ასწავლის, სახლში მისულს კი ონლაინ დავალებებიც ხვდება, რომელიც გაკვეთილზე შემდეგ მისვლამდე უნდა დაწეროს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა უნდა, რომ  კომპიუტერების სპეციალისტი ან მათემატიკოსი გახდეს.ამ პროექტით ისარგებლა, კიდევ ერთმა მრავალშვილიანმა ოჯახმა. მარიამ გაფრინდაშვილმა, ის სამი შვილის დედაა.

“არც ტელეფონი მქონდა ისეთი, რომ შეგვძლებოდა ჩართვა გაკვეთილზე. ძალიან ინერვიულეს ბავშვებმა. ეს იყო ჩემთვის კატასტროფა. მაგრამ, მოვიდა კობა მასწავებელი, მოგვიწესრიგა კომპიტერი, გვასწავლა თიმსის გამოყენება და ივნისიდან ჩაერთვნენ ბავშვები გაკვეთილებზე. ზადხულში კობა მასწავლებელი ამეცადინებდა, რა გაკვეთილებიც გაუცდათ ბავშვებს და ჩამორჩნენ. არ ვიცი მადლიერება როგორ გამოვხატო ყველას მიმართ, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო.“

მსოფლიოში პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში 1.5 ბილიონ ევროს შეადგენს, რომელიც გამიზნულია ეკონომიკური და სოციალური გაჯანსაღებისთვის, მოწყვლად ჯგუფებზე განსაკუთრებული აქცენტით. აღნიშნული მხარდაჭერის და პროექტ “თანაბარი შესაძლებლობები, შეზღუდული შესაძლებლლობის მქონე პირთათვის” ფარგლებში ევროკავშირმა, ASB საქართველოსთან თანამშრომლობით,  მიაწოდა საჭირო სერვისები და მომსახურებები Covid-19 სგან დაზარალებულ მოსახლეობას. საკვები პროდუქტები და მედიკამენტების მიწოდება, ინტერნეტთან წვდომის უზრუნნველყოფა, განმავითარებელი სათამაშოები შშმ პირთათვის და სხვა საჭირო სერვისები მიიღო საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა.

“ძალიან გამიხარდა, რომ სწავლის გაგრძელება შევძელი. ყოველ დღე ვერთვებოდი გაკვეთილებს, ვწერდი დავალებებს, ვკითხულობდი. რამდენიმე თვე ამის შესაძლებლობა არ მქონდა და დიდი მადლობა ყველას ამ დახმარებისთვის, ელექტრონული დავალებები ახლაც მაქვს ხოლმე დასაწერი და ძალიან მომწონს.” – გვიყვება მე-5 კლასელი ირაკლი, რომელსაც დღეს ევროკავშირის მხარდაჭერით საჩხერეში, სოფელ კორბოულში სახლში ინტერნეტი აქვს და გაკვეთილების გაცდენა ინტერნეტის არ ქონის გამო აღარ მოუწევს.

დამატებითი ინფორმაცია პროექტ “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ შესახებ: ბმული

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021