fbpx

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო 2 წლის საქმიანობას შეაჯამებს

21/12/2021

20 დეკემბერს, 13:00 საათზე, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს  შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. შეხვედრას გახსნის და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამილა ბარკალაია.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი ქალბატონი მერი მაღლაფერიძე გასული 2 წლის განმავლობაში სააგენტოში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციას გამართავს. შემაჯამებელ ანგარიშში ყურადღება გამახვილდება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე, სოციალურ მუშაობაზე, 24 საათიანი რეაგირების ინსტრუმენტზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ინტეგრირებული სერვისის (ბარნაჰუსის) გახსნაზე და სამომავლო გეგმებზე.

მოწვეულ სტუმრებს „ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის ხელშეწყობა“ პროექტის მიღწევებს World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის და პარტნიორებთან თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია მგელიაშვილი გააცნობს. პროექტის მიზნებთან ერთად, მთავარი აქცენტი გაკეთდება ბავშვთა დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე. პროექტის ფარგლებში World Vision საქართველომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა რიგი აქტივობები საქართველოში ბავშვთა უფლებების კოდექსის განხორციელების მხარდასაჭერად, ამასთანავე ჩამოაყალიბა ბავშვთა დაცვის დეპარტამენტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში; შეიმუშავა სხვადასხვა სასწავლო მოდული; გადაამზადა 316 მიმღები მშობელი; მოამზადა 130 მუნიციპალური სოციალური მუშაკი და 250 სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი.

ღონისძიება World Vision საქართველოს მხარდაჭერით გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში 2019 წლიდან ხორციელდება და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის განვითარებასა და ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების ჩამოყალიბებაში საქართველოს მთავრობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სსიპ-ებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი: ლალი გალუმაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო; ტელ: 595 055 750; e-mail: lgalumashvili@yahoo.com

Սույն կայքում առկա տեղեկատվությունը կարգավորվում է պատասխանատվության սահմանափակման և անձնական տվյալների պաշտպանության մասին դրույթներով:
© Եվրոպական միություն,