fbpx

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

17/07/2020

ევროკავშირის მიერ  ქედის მუნიციპალიტეტში  სამი ინიციატივა დაფინანსდა, რომლებიც  კოვიდ-19 პანდემიის გავრცელებით გამოწვეულ ჯანმრთელობის, ეკონომიკისა და განათლების პრობლემებზე ეფექტურ რეაგირებას მოახდენს. ინიციატივები ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებული სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის “ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები” ფარგლებში შემოსულ 13 განაცხადს შორის შეირჩა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შერჩეული ერთ-ერთი ინიციატივა მიზნად ისახავს ქედის მუნიციპალიტეტში პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების შეთავაზებას მოსახლეობისათვის და ასევე, მოზარდების (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების) მშობლების ფსიქოგანათლების ხელშეწყობას ვებინარების ციკლის საშუალებით. გარდა ამისა, პროექტი უზრუნველყოფს ციფრული მარკეტინგის დისტანციურ კურსებს  ქედში მცხოვრები ფერმერებისა და სხვა მეწარმეებისათვის.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქედის მუნიციპალიტეტში ციფრული ტურიზმის განვითარებას. პროექტი უზრუნველყოფს ქედაში მცხოვრები მეწარმეებისათვის, როგორც მომსახურეობის ციფრულ სამყაროში გადაყვანის ხელშეწყობას, ისე მათი  ციფრული კომპეტენციების განვითარებასა და  სპეციალური ონლაინ შეთავაზებების მომზადებას, რაც პროექტში ჩართულ პირებს დამატებით შემოსავლის მიღებაში  დაეხმარება.

ევროკავშირის დაფინანსება ასევე მოიპოვა ადგილობრივმა საგანმანათლებლო ინიციატივამ. პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება  და ხელშეწყობა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში. პროექტის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, არაფორმალური განათლების ხელშეწყობისათვის, ჩაუტარდებათ დისტანციური ტრენინგების ციკლი სხვადასხვა თემატიკაზე როგორიცაა: ადამიანის ძირითადი უფლებები და მათი დაცვა, ლიდერობა და კომუნიკაცია, მოხალისეობა და ახალგაზრდული შესაძლებლობები, რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შედგენის მეთოდი/გასაუბრების ტექნიკა და სხვა.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი გამოცხადდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ქედა ლიდერი “ ფარგლებში.  პროექტს  სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით ახორციელებს CENN, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021