fbpx

„წარმატება მუდმივ განვითარებასა და სწავლაშია“

28/03/2020

წალკაში მეფუტკრეობის კოოპერატივს 28 წლის ქალი უძღვება

მანანა ბოლქვაძე წალკაში ცხოვრობს. ის აქ 1998 წლიდან ეკო-მიგრანტის სტატუსით ცხოვრობს. მანამდე ხულოში ცხოვრობდა, მაგრამ ზვავის შედეგად ყველაფერი დაკარგა და მთავრობამ წალკაში ჩამოასახლა. ახლა მანანა 28 წლისაა და მცირე ფერმერული კოოპერატივის სათავეში დგას. კოოპერატივში ქალები არიან გაერთიანებული და ისინი ალპურ თაფლს აწარმოებენ.

თაფლის წარმოებით მანანა რამდენიმე წლის წინ დაინტერესა, როდესაც მთაში, საძოვარზე წასულს ადგილობრივმა ხნიერმა მეფუტკრემ თაფლის ანა-ბანა შეასწავლა. მიზანდასახულმა ახალგაზრდა ქალმა, მეფუტკრეობის პრაქტიკული კურსი თბილისში გაირა. ამის შემდეგ მან გარშემო ქალები შემოიკრიბა და მათთან ერთად დაიწყო საქმიანობა.

„ყველანაირი ლიტერატურა მოვიძიე მეფუტკრეობაზე, ყველას განსხვავებული მუშაობის სტილი აქვს და მეც ვცდილობ სიახლის შემოტანას. ფინური პოლისტეროლის სკები შემოვიტანე, ეს არის ფუტკრის სახლი, სადაც ფუტკარი სახლდება, ეს უნიკალურია იმით, რომ აბსოლუტურად სუფთაა და სერტიფიცირებული, მინდა რომ მოვიპოვოთ სერტიფიკატი, ახლა მთაში მყავს ფუტკარი აყვანილი რომ რაც შეიძლება სუფთა და ნატურალური პროდუქცია მივიღოთ“,- გვიყვება მანანა ამაყად.

შრომა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დაუნახეს და გასულ წელს British Petrolium-ის გან 1750 ლარიანი გრანტიც მიიღო. ამჟამად „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალ ბიზნეს გეგმაზე მუშაობენ და ახალი დაფინანსების იმედიც აქვთ.

ყველაზე გასაოცარი ახალგაზრდა ქალების ახლის სწავლის სურვილია. მანანამ გაიარა კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საბუღალტრო და საკანონმდებლო კურსები, ასევე მონაწილეობა მიიღო ბიზნესის განვითარებისა და სწორი მენეჯმენტის ტრენინგებში

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებაა. თუ განათლებული კადრები არ გყავს, როცა თანამედროვე სტანდარტებზე საუბრობ, რთულია. ჩინეთში ვაგზავნი ერთ წევრს თანამედროვე ტექნოლოგიების 2 თვიან კურსს გაივლის ჩინეთში. ეს დააფინანსა კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.“

სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის დამსახურებით, მანანას კოოპერატივმა ფინური პოლისტეროლის სკები შეიძინა. სკის ეს სახეობა იმითია უნიკალური, რომ ბიოლოგიურად სუფთა თაფლის მიღებას უწყობს ხელს.

„ბიო თაფლის წარმოება ჩვენი საბოლოო მიზანია. წლის გარკვეულ მონაკვეთში, ფუტკარი მთაში აგვყავს, რადგან იქ კიდევ უფრო სუფთა პროდუქტი მივიღოთ. წლის ბოლოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით გვექნება თაფლის ხარისხის შესამოწმებელი ლაბორატორია, რაც საშუალებას მოგვცემს უკვე სერტიფიკატიც ავიღოთ“

თაფლის რეალიზაციის პრობლემა მანანას და მის პარტნიორებს არ აქვთ, რადგან მცირე რაოდენობის თაფლს აწარმოებენ. წინ კიდევ ბრენდირების გამოწვევებია გადასაჭრელი, მაგრამ კოოპერატივის გამსხვილებასთან ერთად, რაოდენობის გაზრდა და მარკეტინგიც დაიგეგმება.

მანანა 2 შვილს ზრდის და ჩვენი  მორიგი შეკითხვაც ლოგიკური იყო – როგორ ანაწილებს ის დროს ისე, რომ ბავშვებსაც უვლის, მთაში ფუტკარიც აყავს, საქონელსაც ყურადღებას აქცევს და თან კიდევ საკუთარ განათლებაზეც ზრუნავს.

„ძალიან მიჭირს დროის გადანაწილება. ყოველთვის ჩემი დღის რეჟიმი დაგეგმილია წინასწარ, გეგმის გარეშე შეუძლებელია. ყოველთვის წინასწარ მაქვს დრო დაგეგმილი. ჩემი დილა გამთენიისას იწყება და გვიან მთავრდება. ჩემი შვილებიც მეხმარებიან ხანდახან, ვცდილობ ისინიც ჩავახედო საქმეში“.

თაფლის წარმოება მანანას ერთადერთი საქმიანობა არ არის. ის, წალკის რაიონში, გუმბათის საშუალო სკოლაში გეოგრაფიის სერტიფიცირებული მასწავლებელია და სამოქალაქო განათლებასა და მსოფლიო კულტურას ასწავლის.

„სკოლაშიც ვაპირებ გავხსნა პატარა ჯგუფი დაინტერესებული პირებისათვის რომელსაც უფასოდ ვასწავლი მეფუტკრეობას. ყველა ხომ უნივერსიტეტში ვერ აბარებს ან არ აბარებს და 9-10 კლასელებს ვასწავლი ამას, კარგ მოსწავლეებს დავასაქმებ ჩემს კოოპერატივში“.

წარმატებები ვუსურვოთ მანანას და მის პარტნიორ ქალებს!

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021