fbpx

დაიწყო მიღება ონლაინ კურსზე ”სამოქალაქო აქტივიზმი”

15/03/2022

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) აცხადებს მიღებას „სამოქალაქო აქტივიზმის“ ონლაინ სასწავლო კურსზე.

კურსი განკუთვნილია დამწყები და გამოცდილი სამოქალაქო აქტივისტებისთვის, ასევე მათთვის, ვინც მზად არის გაიღრმავოს ცოდნა არაძალადობრივი სამოქალაქო თუ სოციალური კამპანიების კუთხით, განივითაროს საჭირო უნარები, რათა შეძლოს დამოუკიდებლად დაგეგმოს სამოქალაქო კამპანიები და იყოს დემოკრატიული ცვლილების კატალიზატორი.

სასწავლო კურსი მოიცავს არაძალადობრივი ცვლილებების ისტორიის მიმოხილვას და ისტორიულ მაგალითებზე დაყრდნობით, შეაფასებს აქტივიზმის დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთავრობის ანგარიშვალდებულების ან/და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში არატრადიციული მეთოდების გამოყენების პრაქტიკის ანალიზს, ტაქტიკების გარჩევას, კომუნიკაციის, მობილიზებისა და დაბალი რისკის შემცველი ქმედებებისა და კამპანიების ორგანიზების საკითხებს.

კურსის დასრულების შედეგად მსმენელები შეძლებენ:

  • გაიაზრონ სამოქალაქო აქტივიზმისა და დაუმორჩილებლობის ცნებები და მათი როლი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პოპულარიზაციაში;
  • გაიაზრონ აქტივიზმის კონცეფციის ისტორიული ევოლუცია და მისი გამოყენება პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში;
  • გაეცნონ სხვადასხვა სტრატეგიასა თუ მეთოდს აქტივისტური საქმიანობის უკეთ კოორდინირებისთვის;
  • განივითარონ ორგანიზების, ხელმძღვანელობის/ ლიდერობის, სხვადასხვა არაძალადობრივი ტაქტიკის გამოყენების, უსაფრთხო კომუნიკაციისა და ეფექტური მობილიზაციის უნარები.

კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია 6 თემატური ვიდეო ლექცია და 6 სადისკუსიო შეხვედრა  zoom  პლატფორმის საშუალებით. კვირაში ჩატარდება ერთი Zoom შეხვედრა საღამოს საათებში, შესაბამისად მონაწილეს უნდა ჰქონდეს მზაობა დაესწროს დისტანციურ ლექციებს და სემინარებს და შეასრულოს დავალებები. აღნიშნული კურსი მოითხოვს მონაწილეების მხრიდან დისკუსიებში და დავალებებში აქტიურ მონაწილეობას. სასწავლო პროცესის ხანგრძლივობა იქნება 1 თვე, სწავლა დაიწყება აპრილში.

კურსზე სწავლა არის უფასო, წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.

კურსის მენტორები არიან Canvas – საქართველოს ტრენერები: გიორგი მელაძე და ნინი გოგიბერიძე.

ონლაინ კურსზე რეგისტრაცია:

ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით, შესაბამისად აპლიკაციაში სამოტივაციო წერილს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ლინკი: https://forms.gle/pi5smEX2NMczLB5t5  

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  25 მარტი 2022 წელი

დამატებითი კითხვების  შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12

საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ

კურსი შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:

  1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება,  ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების  თვალსაზრისით.

პროექტს ახორციელებს  კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

“სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და  გამოცდილებას.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,