
ზამთრის სკოლა ახალგაზრდებისთვის: ადამიანის უფლებები, ჩვენი ყოველდღიურობა!
ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროექტის ადამიანის უფლებები ყველასათვის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) აცხადებენ მიღებას ადამიანის უფლებების ყოველწლიურ სკოლაში.
ზამთრის სკოლა გაიმართება 2026 წლის 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით.
რას ისწავლით ზამთრის სკოლაში?
- ადამიანის უფლებების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში;
- ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტები, მათი როლი და გამოწვევები;
- თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს შექმნა, სადაც ყველას ხმა თანაბრად ისმის;
- გამოხატვის თავისუფლება – როგორ დავიცვათ საკუთარი ხმა და პატივი ვცეთ სხვისას;
- პირადი ცხოვრების დაცვა და პერსონალური მონაცემების მნიშვნელობა;
სასწავლო პროგრამა მოიცავს ლექციებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ სავარჯიშოებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით გაიუმჯობესონ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ზამთრის სკოლა ღიაა საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის, სოციალური, პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჰუმანიტარული მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც:
- ფლობენ სახელმწიფო ენას;
- არიან 18-24 წლის ასაკის;
- მზად არიან, სრულად დაესწრონ პროგრამას.
განსაკუთრებით მივესალმებით, რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების და კურსდამთავრებულების მონაწილეობას.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა?
დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 300 სიტყვა).
სამოტივაციო წერილში უნდა აღწეროთ თქვენი გამოცდილება ადამიანის უფლებების სფეროში, რატომ გსურთ სკოლაში მონაწილეობის მიღება და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ნოემბერი.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ დამადასტურებელი სერტიფიკატი. სკოლის ორგანიზატორები სრულად უზრუნველყოფენ მონაწილეთა ტრანსპორტირების და სასტუმროში განთავსების ხარჯებს.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ana.kvernadze@undp.org