fbpx
Skip to main content

თანაბარი შესაძლებლობები ყველას!

15/08/2020

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ერთადერთი ცენტრი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისშია. შენობაში, რომელიც ორი ოთახისგან შედგება, კედლებზე, ყველგან ცენტრის წევრების, იგივე ბენეფიციარების ნამუშევრებია გამოფენილი. მათთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, კი ნატვრის ხეა, სადაც როგორც საკუთარი სურვილები, ისე სტუმრების სურვილებიცაა ჩამოწერილი.

გაიცანით 31 წლის, მამუკა მარგოშვილი დღის ცენტრის ერთ-ერთი აქტიური წევრი. მამუკას სურვილი თბილისში ექვსკურსიაზე წასვლა იყო. მას ეს სურვილი მალევე აუხდა და დღემდე ემოციებით იხსენებს.

“ყველაზე მეტად სპილოს და მაიმუნების ნახვა გამიხარდა. საქანელებზეც ვიკატავეთ. თბილისი ორსართულიანი ავტობუსით დავათვალიერეთ. ცენტრში ყველაზე მეტად მიყვარს სიმღერა, ცეკვა ქისტური, წერა, თექაზე მუშაობა და პიკნიკები.”- გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს მამუკა.

მამუკამ საკუთარი ხელით გაკეთებული ნივთებიც დაგვათვალიერებინა. სამკაულები, თექისგან გაკეთებული სხვადასხვა სუვენირი – ხინკალი, ვაშლი და ყელსაბამები. ამ ნამუშევრებს ისინი გამოფენებზე ყიდიან.

პანკისის ხეობაში, ძირითადად ქისტები ცხოვრობენ და ცენტრი ხეობის ხუთ სოფელს ემსახურება.  ამჟამად 20 ბენეფიციარი ყავთ. ცენტრის გახსნის იდეა ნათელა ალდამოვს და მედეა ბორჩაშვილს, რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. ორმა პედაგოგმა პირველი პროექტი 2015 წელს დაწერა და დაფინანსებაც მიიღო.

მედეა ბორჩაშვილი, დღის ცენტრის “მედინა 2015” პედაგოგი, ფილოლოგი გვიამბობს:

“სტიგმა, სტერეოტიპი, იზოლაცია, ჩაკეტილობა ჩვენ ხეობაში  დიდი პრობლემა იყო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ცენტრის გაკეთება შშმ პირებისთვის, მიზანი ინტეგრაციის პროცესის დაახლოება იყო დანარჩენ საზოგადოებასთან. დღეს უკვე ბენეფიციარებს აღარ უნდათ ხოლმე სახლში წასვლა. იქამდე ისინი სულ სახლში იყვნენ და გარეთ არ გამოდიოდნენ.”

“ბენეფიციარები, კვირაში სამჯერ მოდიან ჩვენთან,  პირველი საათიდან ხუთ საათამდე. 18-დან 40-წლამდე ასაკობრივი ჯგუფი. ამ დროს აქვთ კვება, შრომითი თერაპია, მუსიკა, სპორტი, თექაზე მუშაობა, მძივების აწყობა, აქსესუარები, ასევე ვასწავლით წერას და კითხვას, როგორც არაფორმალური საგანმანათლებლო ცენტრი. უმრავლესობამ ისწავლა წერა კითხვა და ანგარიში. ძალიან უყვართ ექსკურსიები და პიკნიკები, რაც ცენტრი არსებობს 5 წელია და ალბათ 11 გასვლა გვქონდა.”- მოგვითხრობს ნათელა ალდამოვი – “მედინა 2015”

ამჟამად, ცენტრი პროექტ “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის” ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი ქვე-გრანტიორია. პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ASB საქართველო ახორციელებს და მისიმთავარი მიზანია შშმ პირების უფლებების დაცვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2019 წელს, საქართველოს 5 რეგიონში 8 ორგანიზაცია დაფინანსდა. კახეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი და იმერეთი. რვა პროექტები  სწორედ ამ რეგიონებში დაფინანსდა.

როგორც ASB-საქართველოს პროგრამის კოორდინატორი თეონა ჯულუხაძე ამბობს, მათი მთავარი მიზანი რეგიონებში შშმ პირებისთვის სერვისების განვითარება იყო. მათ შორის პანკისში, მარნეულში და ხობში, სადაც შშმ პირებისთვის არანაირი სერვისი არ არსებობდა.

“მნიშვნელოვანია, რომ ის პირები, ვინც რჩებიან სერვისს მიღმა და არიან სტიგმის მსხვერპლი გარეთ გამოვიყვანოთ. აღნიშნული პროექტების ფარგლებში შშმ პირები და ბავშვები იღებენ სხვადასხვა ტიპის სერვისებს. კერძოდ, ფუნქციონირებს შშმ პირთა დღის ცენტრები, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი სერვისები, ასევე ხორციელდება სმენადაქვეითებულ და კოხლეურული იმპლანტის მქონე ბავშვთა აბილიტაცია – რეაბილიტაციის სერვისები მარნეულსა და თელავში. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიეცათ შესაძლებლობა ბენეფიციარებს მარნეულში, სერვისი აზერბაიჯანულ ენაზე მიიღონ.”- ამბობს თეონა ჯულუხაძე, ASB საქართველოს პროექტის კოორდინატორი.

გარდა ამისა, პროექტის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა და მხარდაჭერა. მაგალითად, პანკისის ხეობაში, დღის ცენტრს არ ქონდა შენობა და ის ფართი 100კვ/მ,  სადაც ამჟამად დღის ცენტრია, სწორედ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადასცა “მედინა 2015-ს”. სხვადასხვა დაფინანსების წყაროებით, შენობას ფართი მიაშენეს და გაარემონტეს.

ნათელა ალდამოვს იმედი აქვს, რომ მომავალში მათი ცენტრი ყველა პირობას დააკმაყოფილებს და ჯანდაცვის სამინისტროსგან ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს, რადგან ბენეფიციარების სურვილი ნატვრის ხეზე –  “ცენტრმა დიდ ხანს იარსებოს” მალე აასრულოს.

უკვე ოთხი დაფინანსებული პროექტი  თელავიდან, გურიიდან, მარნეულიდან და მესტიიდან სერვისების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროში უკვე დარეგისტრირდა და ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადავა, რომ მომავალში ამ ორგანიზაციებმა დამოუკიდებლად შეძლონ ფუნქციონირება.

ევროკავშირი, სხვადასხვა პროექტებით, მათ შორის ამ პროექტით – “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“, მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს, ზრუნავს ამ ჯგუფის მოქალაქეების რთული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე, ხელს უწყობს შესაბამისი ჯგუფებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების, სასწავლო და პროფესიულ კომპეტენციებს განვითარებას სამუშაოს მოსაძებნად, ბიზნესის შექმნისთვის ან უსაფრთხო დასაქმების მიზნით.

“ჩვენი სურვილია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საქართველოში ისევე იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და ჩაერთონ ყოველდღიურ ცხოვრბაში, როგორც დანარჩენი მოსახლეობა, რაც ამ ეტაპზე დიდი გამოწვევაა. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას,  მხარს ვუჭერთ, რომ აღმოიფხვრას სიღარიბე და აღარ მოხდეს მათი სოციალური გარიყვა და დისკრიმინაცია. ასევე ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ ადამიანების დასაქმება, ეს დიდი პრობლემაა მთელ საქართველოში. ვცდილობთთ, რომ  მათ დამოუკიდებლად ცხოვრების ჩვევები გამოიმუშაონ, მიიღონ განათლება და პროფესიული უნარჩვევები, რათა მომავალში შეძლონ სამსახურის პოვნა ან თვითდასაქმება და საკუთარი ბიზნესის წამოწყება. სწორედ ამიტომ, ვუწყობთ ხელს ინკლუზიურ განათლებას და უწყვეტ სწავლებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.”- ამბობს ევროკავშირის პროგრამის მენეჯერი, დომინიკა სკუბიდა.

ევროკავშირი, პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით, ახორციელებს აღნიშნული ჯგუფებისთვის საჭირო ზრუნვითი მომსახურებების უზრუნველყოფას. პარტნიორ ორგანიზაციები, იგივე განმახორციელებლები, დიდ როლს ასრულებენ პროცესის სწორად წარმართვაში, რადგან ისინი ინტენსიურად მუშაობენ საჭიროებების, პრობლემების გამოვლენასა და შესაბამისი, სწორი გადაწყვეტილების მიღების და წარმატებული პოლიტიკის შემუშავებაში. საბოლოო მიზანია, სრულიად საქართველოსთვის, არამხოლოდ მოკლევადიანი დახმარების გაწევა, არამედ, რაც მთავარია, გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო სისტემის დამკვიდრებაში ხელის შეწყობა, რომელიც გულისხმობს შშმ პირების საჭიროებების და ინტერესების გათვალისწინებას ყველა ასპექტში: ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური უფლებები, სამეწარმეო შესაძლებლობები და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია პროექტ “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ შესახებ: https://bit.ly/31ULyBb