
დააბრუნეთ მოტაცებული უკრაინელი ბავშვები სახლში!
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, უკრაინის საელჩოსთან ერთად, თბილისში შეკრიბა დიპლომატები, უკრაინული თემის წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები, რათა კიდევ ერთხელ ყურადღება გაემახვილებინათ უკრაინის წინააღმდეგ ომის ფარგლებში რუსეთის მიერ ათასობით უკრაინელი ბავშვის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე.
ღონისძიება გაიმართა თბილისში, „ფაბრიკაში“, სადაც ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი „მოტაცებული უკრაინელი ბავშვები“. ფილმის ავტორები CAPA Presse და ფრანგულ-გერმანული მაუწყებელი ARTE არიან. იგი ასახავს უკრაინელი ბავშვების ოჯახებიდან იძულებით წაყვანისა და რუსეთში გადაყვანის შემთხვევებს, რომლის შედეგადაც ისინი რუსეთის მიერ წარმოებული რუსიფიკაციის, იდეოლოგიური დამუშავებისა და მილიტარიზაციის სისტემური პოლიტიკის სამიზნეები გახდნენ.
ჩვენებას ფილმის ავტორები, ჟურნალისტები მანონ ბაშლო და პოლინ ჩუბარი, ესწრებოდნენ. მათ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება ასახავს, დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან წაყვანილი ბავშვების რუსეთის სხვადასხვა დაწესებულებაში გადაყვანის პროცესს, სადაც მათ იდეოლოგიურ გადამზადებას, ინდოქტრინაციას, უტარებდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ბავშვებს რუსულ ოჯახებში ათავსებდნენ ან გასაშვილებლად ამზადებდნენ.
ფილმის ჩვენების შემდეგ ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, რომლის დროსაც ისაუბრეს ამ პროცესის შედეგებზე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის, უფლებადარღვევების ფაქტების დოკუმენტირებასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და ბავშვების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევაზე.






ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ზანე რუნგულემ, განაცხადა:
„უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანა და დეპორტაცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია. ეს მათი იდენტობის წაშლისა და მომავლის წართმევის მცდელობაა. ამ ბავშვების სამშობლოში დაბრუნება ევროკავშირისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ყველა პასუხისმგებელმა პირმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი ქმედებებისთვის. უკრაინელი ბავშვები უკრაინის მომავალია და მათი უსაფრთხო დაბრუნება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.“
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დმიტრო ბერეჟნიმ, განაცხადა:
„დრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან ახალგაზრდა უკრაინელები სისტემური მილიტარიზებული იდეოლოგიური დამუშავებისა და საკუთარი იდენტობის იძულებითი წაშლის მცდელობების მსხვერპლნი ხდებიან. მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო პარტნიორს, გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე მანამ, სანამ თითოეული უკრაინელი ბავშვი საკუთარ სახლში არ დაბრუნდება.“
ფილმის ჩვენება ბავშვთა საერთაშორისო დღეს გაიმართა. ეს დღე 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მიღებას უკავშირდება. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა ერთგვარ შეხსენებას, რომ ყველა ბავშვს აქვს დაცვის, ოჯახურ გარემოში ცხოვრების, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისა და განათლების მიღების უფლება და ეს უფლებები დაცული უნდა იყოს ომის დროსაც.
ზოგადი ინფორმაცია
უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, დოკუმენტურად დადასტურებულია 20,650-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის უკანონო დეპორტაციისა ან იძულებით გადაყვანის შემთხვევა. ვარაუდობენ, რომ გატაცებული ბავშვების რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.
ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციის საქმიანობას. მან სანქციები დაუწესა იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში, იძულებით გადაყვანაში, იდეოლოგიურ დამუშავებასა და გადამზადებაში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. მათ ბრალი ედებათ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და იძულებით გადაყვანასთან დაკავშირებულ სავარაუდო ომის დანაშაულებებში.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მოითხოვა რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული ან იძულებით გადაყვანილი ყველა უკრაინელი ბავშვის დაუყოვნებლივ, უსაფრთხოდ და უპირობოდ დაბრუნება სამშობლოში, ასევე ამ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირების სრული სამართლებრივი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა.
ძირითადი ფაქტები: Factsheet – EU solidarity with Ukraine
ნარატივი: Solidarity with Ukraine