fbpx
Skip to main content

კახური თხილი ევროკავშირის ბაზარზე

13/05/2021

კახეთის რეგიონი მაღალი ხარისხის თხილითაა ცნობილი. ბაია სალუქვაძე და მისი მეუღლე ლევან ბოლქვაძე თხილის ბიზნესით დაახლოებით შვილი წლის წინ დაინტერესდნენ. 2019 წელს მათ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში „აგრითრეიდის“ საწარმო გახსნეს, რომელიც დღეს რეგიონში თხილის მსხვილი ექსპორტიორია. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოში სულ 20 ადამიანია დასაქმებული, „აგრითრეიდის“ საქმიანობით 150-მდე ადგილობრივი იღებს სარგებელს, მათ შორის ფერმერები და თხილის შემგროვებლები.

მოსავლის შენახვა ადგილობრივი ფერმერებისთვის

თხილი ქართული კულტურის ნაწილია და უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, როგორც 50 000-ზე მეტი ქართველი ფერმერის შემოსავლის წყაროს. მათ შორის არიან ისინიც, ვინც თავიანთ მოსავალს „აგრითრეიდის“ საწარმოში ინახავს.

„აგრითრეიდი“ ადგილობრივ ფერმერებს  საჭირო დანადგარების მიწოდებით თხილის მოსავლის აღებაში ეხმარება და საშუალებას აძლევს მათ, რომ მოსავალი გააშრონ და  მთელი წლის განმავლობაში მინიმალური დანახარჯებით შეინახონ. მხოლოდ 2020 წელს, კახეთში მუშაობის პირველი წლის განმავლობაში, „აგრითრეიდმა“ 100-ზე მეტ ადგილობრივ ფერმერს გაუწია მომსახურება და აიღო დაახლოებით 1000-1,500 ტონა გაუტეხავი თხილი.

„ეს მათთვის დამატებითი სარგებელია. იციან, რომ არსებობს ასეთი საწარმო, სადაც შეუძლიათ თხილი შეინახონ და მთელი წლის განმავლობაში მშვიდად იყვნენ,“ ამბობს ბაია სალუქვაძე.

სწორად შენახვის შემთხვევაში გაუტეხავი თხილი 12 თვემდე ძლებს და ინარჩუნებს თვისებებს. მაგრამ თუ არასწორ პირობებში შევინახავთ, შეიძლება 3-4 თვეში გაფუჭდეს. ფერმერებს, რომლებიც თხილს „აგრითრეიდის“ საწარმოში ინახავენ, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ: შენობა აშენებულია ისე, რომ იქ დასაწყობებულმა თხილმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს მაღალი ხარისხი.

თხილი კახეთიდან ჩინეთსა და კანადაში მიდის

საქართველო მსოფლიოში გაუტეხავი თხილის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს, თურქეთის, იტალიისა და აზერბაიჯანის შემდეგ, Tridge-ის სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების გლობალური საინფორმაციო ჰაბის მონაცემებით. უფრო მეტიც, ქართული თხილი ისეთ შორეულ ქვეყნებში მიდის, როგორიცაა მაგალითად კანადა. „აგრითრეიდის“ ხელშეწყობით ქართული თხილი უკვე ჩინურ ბაზარზეც გამოჩნდება.

წინა წლებში „აგრითრეიდს“ თხილის ექსპორტზე გატანა მხოლოდ დასავლეთ საქართველოდან შეეძლო, რადგან კახეთის საწარმოს პროდუქტის ზომების მიხედვით დახარისხებისთვის საჭირო მოწყობილობა არ ჰქონდა. კომპანია თხილს კახეთში ყიდულობდა, შემდეგ მთელი ქვეყნის გავლით დასავლეთში მიჰქონდა და იქიდან აგზავნიდა საფრანგეთში, ავსტრიაში, ინგლისში, კანადაში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD-ის ინიციატივის ფარგლებში, „აგრითრეიდმა“ შეიძინა კალიბრაციის ახალი ხაზი, ვერტიკალური ლიფტი და კონვეიერი. სანამ გაუტეხავი თხილი დამუშავდება და ექსპორტზე გავა, საჭიროა პროდუქტის დახარისხება ზომების მიხედვით სწორედ კალიბრაციის ხაზის გამოყენებით.

„ეს დიდი სტიმულია, რომ თხილის ექსპორტი მოხდეს არამარტო დასავლეთ, არამედ აღმოსავლეთ საქართველოდან“, ამბობს ბაია სალუქვაძე.

„აგრითრეიდს“ უკვე შეუძლია, რომ კახური თხილი ექსპორტზე პირდაპირ ჩინეთში გაიტანოს. ეს ხელს უწყობს ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებას როგორც კომპანიისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის და საქართველოს მსოფლიოში თხილის წამყვან ექსპორტიორებს შორის ადგილის შენარჩუნებაში ეხმარება.

„ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მოტივაცია, რომ „აგრითრეიდი“ შეგვექმნა: აქტიურად ვიმუშაოთ როგორც ჩინურ, ისე ევროკავშირის ბაზარზე – იქ სადაც მოთხოვნაა გაუტეხავი თხილის ექსპორტზე,“ იხსენებს სალუქვაძე.