ევროკავშირი და EBRD წიგნის სადისტრიბუციო ქართულ კომპანიას მზის ენერგიის გამოყენებაში ეხმარება
„წიგნის სამყარო“ ხელს უწყობს კითხვას და მწვანე აზროვნებას
თბილისის ერთ-ერთ უბანში განთავსებულ საწყობში არაერთი წიგნია თავმოყრილი: კლასიკური პროზა, დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებები, ნოველები, პოეზია – ლიტერატურის ყველაზე კრიტიკული მოყვარულიც კი იპოვნის აქ მისთვის საინტერესო წიგნს. ეს მართლაც წიგნის სამყაროა – შესაფერისი სახელი საქართველოში მოქმედი მსხვილი წიგნის გამავრცელებელი კომპანიისათვის.
კომპანიის დირექტორისა და მფლობელისათვის ლიტერატურით და ამ ბიზნესით დაინტერესება ადრეულ ასაკში დაიწყო, სტუდენტობის წლებში. მან თავისი ინტერესი ბიზნესად აქცია და ახლა „მწვანე“ აზროვნების დანერგვასაც ისახავს მიზნად. ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მას სწორედ ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება.
რთულია თქვა, მან თვითონ აირჩია ეს პროფესია, თუ ამ პროფესიამ აირჩია ის. „დედაჩემი ჟურნალისტი და მწერალია: მინდოდა დავხმარებოდი მას მისი წიგნების გავრცელებაში, და არაერთ ორგანიზაციაში დავდიოდი და მათ ვთავაზობდი წიგნების შესყიდვას, შეიძლება ითქვას რომ სწორედ მაშინ დაიწყო „წიგნის სამყაროს“ ისტორია,“ ამბობს ირაკლი სებისკვერაძე.
ირაკლის საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩა. მას მალევე მიმართეს ქუჩის წიგნების გამყიდველებმა და საკუთარი პროდუქციის გავრცელებაც სთხოვეს. ქალაქში სწრაფი გადაადგილებისათვის, ირაკლიმ მანქანა შეიძინა. თუმცა როდესაც მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა, მან 2005 წელს კომპანიის დაარსება გადაწყვიტა.
15 წლის შემდეგ, წიგნის სამყარო წიგნებით ამარაგებს 150 მაღაზიაზე მეტს დედაქალაქში, ხოლო 100 რეგიონებში. კომპანიაში 15 ადამიანი მუშაობს და კომპანია წიგნების ექსპორტსაც კი ახორციელებს. წიგნის სამყარო ფლობს 5 მაღაზიას თბილისში, 3-ს რეგიონებში და ასევე აქტიურად იყენებს ინტერნეტ კომერციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები იქნა შემოღებული ქვეყანაში.
„ქართველებს გვიყვარს კითხვა: მაშინ, როდესაც წინა წელს ყველაფერი ჩაიკეტა, უამრავი ახალი მომხმარებელი დაინტერესდა ჩვენი ვებ-გვერდით . თარგმნილი პროზა, კლასიკური ლიტერატურა ის ჟანრია, რომელიც ჩვენს მკითხველს განსაკუთრებით უყვარს,“ დასძენს ირაკლი.
მზის ენერგიით დაინტერესება
ერთ დღეს ირაკლი ინტერნეტში მზის პანელების რეკლამას წააწყდა და გადაწყვიტა, საკუთარი ბიზნესისათვის სუფთა და ეფექტური მზის ენერგიის გამოყენება.
„წიგნის სამყარო“ ერთ-ერთია 170 კომპანიიდან, რომელმაც მიიღო დაფინანსება ევროკავშრის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა ერთობლივი საკრედიტო ხაზისაგან: ეს პროგრამა ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს მოახდინონ ინვესტირება ახალ ტექნოლოგიებში, გახდნენ უფრო მწვანე და გაფართოვდნენ ახალ ბაზრებზე. წიგნების სამყარომ სესხი მიიღო ევრობანკის პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტისგან – პროკრედიტ ბანკისაგან და შეიძინა მზის პანელები და სადგური, რომლის ენერგია სრულად ამუშავებს კომპანიის საწყობს და ოფისს.
სესხს დაემატა გრანტი და ტექნიკური დახმარება, ორივე დაფინანსებული ევროკავშირის მიერ. ეს პროგრამა ხელმისაწვდომია სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაშიც.
მზის ენერგიაზე გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი ბიზნეს დანაზოგია, თუმცა „წიგნების სამყაროსთვის“ სხვა მიზეზი უფრო გადამწყვეტი აღმოჩნდა:
„ჩვენი ბიზნესისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების შემცირება. იმედი გვაქვს, რომ მეტი საწარმო მიბაძავს ჩვენს მაგალითს, გავხდებით უფრო „მწვანეები“, და შემოვიღებთ მდგრად მეთოდებს ბიზნეს საქმიანობაში,“ ამბობს ირაკლი.