ქართველი და ოსი ახალგაზრდების თვალით დანახული ცხოვრება კონფლიქტის შემდეგ
კონფლიქტის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებმა ქართველმა და ოსმა ახალგაზრდებმა შექმნეს 100-ზე მეტი პოსტერი, ბლოგი, კომიქსი, ქვიზი, ვიდეო და ანიმაცია, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. გრაფიკული ნამუშევრებისა და სტატიების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე მშვიდობის სახლი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის“ ძალისხმევით შეიქმნა. პროექტი განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
„მშვიდობის სახლის“ პირველი საჯარო წარდგენა 3 სექტემბერს ქალაქ გორში გაიმართა. ღონისძიებას შიდა ქართლის რეგიონის მაცხოვრებლები, დევნილები და ევროკავშირისა და UNDP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საჯარო წარდგენის შემდეგ, დაგეგმილია ინტენსიური კამპანია სოციალურ მედიაში, რომელიც ვირტუალურ „მშვიდობის სახლს“ ფეისბუკისა და ინსტაგრამის მომხმარებლებს გააცნობს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს, რომელთა მიზანია კონფლიქტის პრევენცია და მშვიდობის დამყარება. მივესალმებით სამოქალაქო საზოგადოების მცდელობას, ახალ გზებს მიაგნოს მშვიდობისა და ნდობის მშენებლობის საქმეში და გააღრმავოს კავშირები კონფლიქტით დანაწევრებულ საზოგადოებებს შორის“, – განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთკავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა.
“ვებ-გვერდის „მშვიდობის სახლი“ მეშვეობით, ახალგაზრდები მოგვითხრობენ ცხოვრებაზე კონფლიქტის შემდეგ. მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები სოციალური ხელოვნებისა და მწერლობის შთამბეჭდავი ნიმუშებია. იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტით დაზარალებულ თემებს შორის კომუნიკაციის აღდგენას და მშვიდობისა და ნდობის მშენებლობას,“ – აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.
ვებ-გვერდზე „მშვიდობის სახლი“ თავმოყრილი მასალები გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებას, შეხედულებებს, ოცნებებსა და იმედებს ასახავს. აქვე განთავსებულია ინფორმაცია COVID-19 ვირუსის შესახებ და პრაქტიკული რჩევები უსაფრთხოების ზომების თაობაზე.
ჩატბოტი „ნელი“ სამ ენაზე (ქართულად, ოსურად და რუსულად) ესაუბრება ვებ-გვერდის სტუმრებს, პასუხობს შეკითხვებს და ამარტივებს ინფორმაციის მიგნებას. ჩატბოტის სახელი და გრაფიკული იმიჯი პატივს მიაგებს ცნობილ ოს ფოტოგრაფსა და მხატვარს, ნელი გაბარაევას, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია ცხინვალის რეგიონში, როგორც „სახალხო ფოტოგრაფი“. ნელი გაბარაევა ორი წლის წინ გარდაიცვალა. მისი შთამბეჭდავი შემოქმედება ცხინვალის რეგიონსა და მის მაცხოვრებლებს უკავშირდება.
„მშვიდობის სახლი“ ქართველი და ოსი ახალგაზრდების ჯგუფური მუშაობის შედეგია. პროექტის მონაწილეებმა ასევე გაიარეს სხვადასხვა ონლაინ ტრენინგი, რომელსაც ქართველი და გერმანელი ექსპერტები უძღვებოდნენ.
„მშვიდობის სახლი“-ს მხარდაჭერა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ცნობილია, როგორც „ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი“ (COBERM). პროგრამის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა კონფლიქტით დანაწევრებულ თემებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში. კობერმის ფარგლებში, 2010 წლიდან, 200-ზე მეტი წარმატებული სამოქალაქო პროექტი განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის მიმართ ახალი მიდგომების შემუშავებაში.
საკონტაქტო ინფორმაცია
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
- მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP, +995 598 822544, magdalena.nowakowska@undp.org
- თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 322 943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu