ევროკავშირმა, ახალგაზრდებთან და მეწარმეებთან ერთად, ბათუმში ღონისძიება „შავი ზღვა – საუბრები კავშირების განმტკიცებაზე“ გამართა
2021 წლის 21 ოქტომბერი, ბათუმი – ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ახალგაზრდებთან და მეწარმეებთან ერთად, შავი ზღვით სამომავლო კავშირების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების „შავი ზღვა – საუბრები კავშირების განმტკიცებაზე“ ფარგლებში გამართული დისკუსია საქართველოში ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის გარშემო წარიმართა და სატრანსპორტო, ციფრულ და გარემოსდაცვით საკითხებს შეეხო.
სადისკუსიო პანელზე სიტყვით გამოვიდნენ:
- ლორენს მერედიტი, დირექტორი, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორატი
- კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
- მაჩეი ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში
- კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორი
- სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში
დისკუსიას მოდერაციას უწევდა სარანთოს ხარალამპოპულოსი, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მრჩეველთა საბჭოს წევრი.
„შავი ზღვის საშუალებით კავშირების განმტკიცება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების პრიორიტეტია. ჩვენი ახალი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დახმარებით, ჩვენ შევქმნით სამუშაო ადგილებს ახალგაზრდებისთვის, გავაუმჯობესებთ სატრანსპორტო და ციფრულ კავშირებს,” განაცხადა ღონისძიებაზე ევროკომისიის დირექტორმა, ლორენს მერედიტმა.
„შავი ზღვის პოტენციალის სრულად გამოყენება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს განვითარებაზე და ევროკავშირთან მის პირდაპირ დაკავშირებაზე. საინტერესო იყო ახალგაზრდა მეწარმეებთან და ახალგაზრდებთან ქვეყნის განვითარების ჩვენი ხედვის განხილვა და მათი პერსპექტივების მოსმენა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სატრანსპორტო და ციფრული კავშირების გაუმჯობესებაზე და შავი ზღვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ნამდვილ ხიდად გარდაქმნაზე,“ განაცხადა ელჩმა კარლ ჰარცელმა.
კოვიდ-19-ის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო, ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. პირდაპირი გადაცემა განხორციელდა ევროკავშირის დელეგაციის Facebook-ის გვერდზე.
დამატებითი ინფორმაცია
ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, წარმოადგინეს წინადადება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს თანამშრომლობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებთან პრიორიტეტულ საკითხებზე მომდევნო წლების განმავლობაში. ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მიზნად ისახავს ვაჭრობის, ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების ზრდას, ინვესტიციების განხორციელებას კავშირების გამყარებაში, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას და სამართლიანი, გენდერული ნიშნით თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობას.
პრიორიტეტები განისაზღვრება ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში, რომელსაც სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია. ეს გეგმა ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკის განხილვის პროცესს, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც 2021 წლის დეკემბერში უნდა შედგეს.
უახლოეს წლებში ევროკავშირი საქართველოსთან ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ:
- დაეხმაროს 1,000 სოფლად მცხოვრებ თემს, ჰქონდეს წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე იმისათვის, რომ საქართველო არ ჩამორჩეს ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპს და ეს ინკლუზიურად, მოქალაქეზე ორიენტირებული გზით მოხდეს.
- ჩამოყალიბდეს უფრო ძლიერი სატრანსპორტო და ციფრული კავშირები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ხელშესაწყობად.
- დაეხმაროს ათასობით ადგილობრივ ბიზნესს განვითარებაში, კოვიდ-19-ით შექმნილი კრიზისის დაძლევისა და ბაზარზე უკეთ პოზიციონირებაში მხარდაჭერით, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საშუალებით.
- ქვეყანაში მცხოვრებ მილიონობით მოქალაქეს მიეცეს უფრო სუფთა ჰაერით სუნთქვის შესაძლებლობა, გარემოს დაცვითი მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
- თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu, 599 533031
- ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu, 577 293979