fbpx
Skip to main content

ახალგაზრდები შავი ზღის ბიომრვალფეროვნების სადარაჯოზე

29/04/2024

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, სკოლის მოსწავლეების შავი ზღვის ეკოსისტემას სწავლობენ.

შვიდი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებიან საგანმანათლებლო სემინარებს შავი ზღვის ეკოსისტემის შესახებ. ლექციების ციკლს მასპინძლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო შავი ზღვის ახალგაზრდა დამცველები ბათუმის, ბობოყვათის, გონიოს, ფოთისა და ქობულეთის საჯარო სკოლებს წარმოადგენენ.

სემინარების მსვლელობაში, შავი ზღვის მკვლევარები აცნობენ მოზარდებს ზღვის ბიომრავალფეროვნების თავისებურებებს, ფაქიზი ეკოსისტემის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და ზღვის დაცვისა და შენარჩუნების გზებს.

დაინტერესებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად გახდნენ შავი ზღვის მკვლევარები და საკუთარი წვლილი შეიტანონ ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვაში. მომდევნო თვეების მანძილზე, მოზარდები დელფინების მონიტორინგში ჩაერთვებიან და ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და გარემოსდაცვით აქტივობაში, მათ შორის, სანაპიროს დასუფთავებასა და დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობებში. 

ამ საგანმანათლებლო მოგზაურობის დასკვნითი ღონისძიება ოქტომბრის ბოლოს, ბათუმში, შავი ზღვის დღეს ჩატარდება.

ახალგაზრდების გარემოსდაცვითი განათლების ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და UNDP-ის რეგიონული პროექტის „ევროკავშირი შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის“ (EU4EMBLAS) ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის მთავრობებთან პარტნიორობით.

2014-2019 წლებში, EU4EMBLAS პროექტის ფარგლებში, ჩატარდა შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის რამდენიმე კვლევა საერთაშორისო მკვლევარების ჩართულობით. 

აღნიშნული კვლევების ბოლო ანგარიში 2020 წელს გამოქვეყნდა. დოკუმენტში მოყვანილი იყო შავი ზღვის ეკოსისტემის მონიტორინგის ყოვლისმომცველი შედეგები იმ დროისთვის არსებული გამოწვევისა და დადებითი ტენდენციის ჩათვლით. საქართველოს სანაპირო ზოლისა და ზღვის მონიტორინგის შედეგად, კვლევამ სხვდასხვა სახის ეკოლოგიური საფრთხე გამოავლინა, მათ შორის, სანაპიროს პლასტმასით დაბინძურება (90.5 ნივთი 1 კვადრატულ კილომეტრზე), 2,000 მეტრის სიღრმეზე მიკროპლასტმასის არსებობა, ქიმიური დაბინძურება და ინვაზიური, ანუ შემოჭრილი, სახეობების რიცხვის ზრდა. 

დადებით ტენდენციებს შორის აღინიშნებოდა დაბინძურებისადმი მგრძნობიარე სახეობების მედეგობის გაზრდა და ევროპული ხამანწკის დაბრუნება, რომელიც 1940-იანი წლებიდან გადაშენებულ სახეობად ითვლებოდა.

EU4EMBLAS პროექტის მიმდინარე ფაზაში, რომელიც 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება, გრძელდება ევროკავშირისა და UNDP-ის თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინის მთავრობებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობასთან შავი ზღვის კვლევისა და დაცვის მიზნით. პროექტის საქმიანობა ასევე ითვალისწინებს დაბინძურების შემცირებასა და შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვის რეკომენდაციების შემუშავებას.

ევროკავშირის შესახებ:

ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა ოცდაათ წელს ითვლის. ევროკავშირი  მხარში უდგას საქართველოს წინსვლასა და განვითარებას როგორც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებითა და ექსპერტიზისა და ინოვაციის ხელშეწყობით, ისე ფინანსური მხარდაჭერით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საერთო ღირებულებებს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ EU4Georgia ვებგვერდზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/ 

EU4EMBLAS პროექტის შესახებ:

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული პროექტის „ევროკავშირი შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის“ (EU4EMBLAS) საქართველოსა და უკრაინის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ხორციელდება და შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და დაცვას ემსახურება. პროექტის მიმდინარე მეოთხე ფაზა მიზნად ისახავს მონიტორინგის მხრივ არსებული შესაძლებლობების გაღრმავებას და შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის სტანდარტებისა და დირექტივების, მათ შორის, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივისა (WDF) შესაბამისად. გარდა ამისა, პროექტი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინას შავი ზღვის ეკოლოგიის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების ჩართულობის საქმეში. 2013 წლიდან, EU4EMBLAS პროექტის ბიუჯეტი 6,65 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს: https://emblasproject.org.

საკონტაქტო ინფორმაცია: