fbpx

COVID-19-ის პანდემიის დროს ევროკავშირი ქართველ ფერმერებს მხარში უდგას და ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ეხმარება

25/12/2020

კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. საზოგადოება იძულებული გახდა შეეცვალა ყოველდღიურობა და მორგებულიყო ახალ რეალობას. მრავალ ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დადგა ადამიანთა სურსათით უზრუნველყოფის საკითხი. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2019 წლის მონაცემებით, Covid-19-ის პანდემიამდე თითქმის 690 მილიონ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი საკმარის საკვებზე. FAO-ს უახლეს ანალიზზე დაყრდნობით, პანდემია ამ სტატისტიკას კიდევ საშუალოდ 132 მილიონ ადამიანს შემატებს მსოფლიოში. გარდა ამისა, 4.5 მილიარდ ადამიანზე მეტი მსოფლიოში უშაუალოდ დამოკიდებულია აგროსურსათის წარმოებაზე, რათა გამოკვებოს საკუთარი ოჯახი. ეს მონაცემები კიდევ ერთელ შეგვახსენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პანდემიისას, აგროსფეროს გაძლიერება და ხელშეწყობა.    

პანდემიის შედეგად საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და ფერმერთა მხარდასაჭერად, ევროკავშირმა, FAO-სთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საგრანტო თანადაფინანსების პროგრამები გამოაცხადა. 2020 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდში, სოფლად ფერმერებზე, მეწარმეებზე და მცირე და საშუალო ბიზნესზე 8.5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის 132 სასოფლო-სამეურნეო გრანტი გაიცა. საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში ფერმერებს სარწყავი სისტემები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები გადაეცათ. პანდემიის საპასუხოდ გაცემული თანადაფინანსების გრანტები ევროკავშირისა და FAO-ს ფართომასშტაბიანი საგრანტო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) ფარგლებში 2019 წლიდან ხორციელდება.

„FAO და ევროკავშირი ქართველი ფერმერების და მწარმოებლების მხარდაჭერას განაგრძობს. ჩვენ პანდემიის დროსაც არ შეგვიჩერებია მუშაობა, პირიქით, საგრანტო განაცხადები კიდევ უფრო დაჩქარებულად განვიხილეთ და სასოფლო-სამეურნეო კაპიტალური ინვესტიციები ბენეფიციარებ დროულად გადავეცით. ჩვენ კარგად გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა ფერმერებისთვის, რათა მათ საკმარისი საკვების წარმოება შეძლონ და ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარონ, რაც Covid-19-ის პირობებში უდიდესი გამოწვევაა.“ – ამბობს საქართველოში FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი, ხავიერ სანს ალვარესი.

ქვემოთ გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც მოგიყვებიან თუ რა კუთხით განვითარდა მათი საქმიანობა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შემდეგ და რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ მხარდაჭერას მათთვის, განსაკუთრებით კორონავირუსის გავრცელებისას.

ნიკოლოზ მესხი, ფერმერი ლაგოდეხიდან

ნიკოლოზ მესხი კახეთის რეგიონში რამდენიმე მიწის ნაკვეთს ფლობს: 8 ჰექტარზე მოჰყავს სიმინდი, ასევე ამუშავებს მიწას ხორბლის მოსაყვანად. საერთო ჯამში მის საკუთრებაში 15 ჰა მიწაა. პანდემიის პერიოდში ევროკავშირისა და FAO-ს თანადაფინანსებული გრანტით, ნიკას აგროდრონი გადაეცა, რომელსაც 10 ლიტრიანი ავზი აქვს და შეუძლია მიწის შეწამვლა, თხევადი სასუქის შეტანა და სხვა. აგროდრონს სოფლის მეურნეობის სექტორში უკვე წლებია იყენებენ. მას შეუძლია საჰაერო შეწამვლა, თესვა, ასევე მაღალი რეზოლუციის მქონე კამერებისა და სენსორების საშუალებით მიწის სტრუქტურისა და ტენიანობის დადგენა. ეს ტექნოლოგია საქართველოსთვის სრულიად ახალია და, შესაძლოა, ფართო გამოყენება ჰქონდეს მომავალში.

„ტრადიციული მიდგომის დროს, როგორიცაა ტრაქტორითა ან ხელით შეწამვლა, ზიანდება მოსავალი, აგროდრონით კი ეს გამორიცხულია.“ – გვიყვება ნიკა.

მიწის შეწამვლისა და დამუშავების პრობლემა შეიქმნა პანდემიის დროსაც, როცა ადამიანები ერიდებოდნენ სხვა პირებთან კონტაქტს. ასეთ შემთხვევებში დრონით სარგებლობა მომგებიანია.

ამ სეზონზე ნიკამ შეისწავლა დრონის მართვის სპეციფიკა და შეძლო მეზობელი მიწების მონიტორინგი. იგი შეწამვლის სამუშაოების დაწყებას შემდეგ სეზონზე გეგმავს.

„დრონის ტექნოლოგია ძალიან ეფექტურია, ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს და მნიშვნელოვნად მცირე პესტიციდებს საჭიროებს, ვიდრე ტრადიციული მიდგომისას. ველი, რომ ახალ სეზონზე ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, აგროდრონით მომსახურების მიმღებთა რიცხვიც გაიზრდება“.

მერი ბერუაშვილი, ფერმერი გურჯაანიდან

მერი გურჯაანში მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის საკუთრებაში 1 ჰექტარზე გაშენებული რქაწითელია, რომლის მოსავლიანობა ტერიტორიისთვის დამახასიათებელი გვალვების გამო, ნაკლები იყო. მერის სჭირდებოდა მიდგომა, რომელიც ამ დიდ პრობლემას გადაუჭრიდა. გაზაფხულზე მან მოახერხა გაებურღა ჭა და მიეღო წყალი. შემდეგი ნაბიჯი კი ალალბედზე შევსებული საგრანტო განაცხადი იყო, რომლის წყალობითაც მან 75%-იანი გრანტი მიიღო წვთოვანი საირიგაციო სისტემის მოსაწყობად.

„ჭის გაბურღვაში ძალიან დიდი თანხა გადავიხადე. ზუსტად ვიცოდი, რომ ვერ შევძლებდი საირიგაციო სისტემის საკუთარი რესურსებით დამონტაჟებას. პანდემიის დროს კი გამოჩნდა საგრანტო კონკურსი და გადავწყვიტე ბედი მეცადა. ვერ დავიჯერე, როცა დაფინანსება მოვიპოვე. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დახმარება იყო, რადგან სწორედ წყლის პრობლემის გამო ვერ ვიღებდი სასურველ შედეგს. ჩვენთან გვალვების გამო, შეიძლება 6 თვეც კი არ მოვიდეს წყალი, ამ დროს კი მოსავალი ფუჭდება და ჩვენი შრომაც წყალში იყრება“ – ამბობს მერი.

სარწყავი სისტემის დამონტაჟების შემდეგ მერი მოსავლის ავტომატურ ზრდას ელოდება. საირიგაციო სისტემის გაყვანისას ოჯახს 10 ტონიანი ცისტერნითაცგადაეცა, სადაც შესაძლებელი იქნება წყლის შენახვა და საჭიროებისამებრ გამოყენება.

„უკვე ყველა მილი დამონტაჟებულია, მაგრამ ველოდებით გაზაფხულს. შემდეგ სეზონს იმედიანად ველი, მჯერა გაცილებით მეტ და ხარისხიან მოსავალს მივიღებთ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან კორონავირუსის პანდემიამ ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად უკან დაგხვია. ასეთ დროს საქმიანობაში მხარდაჭერა კი ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო. მომავალშიც, როცა საგრანტო კონკურსები გამოცხადდება, ბედს ისევ ვცდი. მჯერა, რომ დიდი მიზნის მიღწევა ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია“.

ლიუდმილა მანუილოვა, ფერმერი ლაგოდეხიდან

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შარშან ლიუდმილამ პარტნიორ, მუხრან მეტრეველთან ერთად  სილოსის წარმოება წამოიწყოა. პირველ ეტაპზე სილოსის ასაღები კომბაინი შეისყიდეს, თუმცა საქმიანობა გაჭიანურდათ, რადგან პროდუქტის შესაფუთი დანადგარი არ ჰქონდათ. გამოსავალი მაინც იპოვეს – დაიქირავეს მინი დანადგარი და დიდი ჯაფის გაწევის შემდეგ საბოლოოდ სილოსი შეფუთეს. პარტნიორებს სურდათ შემდეგში მოსავლის აღება გაემარტივებინათ, ამიტომ როდესაც ევროკავშირის საგრანტო პროგრამის შესახებ გაიგეს, განაცხადი გააკეთეს და შედეგად 400 000 ლარის ოდენობის თანადაფინანსება მიიღეს.

„როდესაც დანადგარს ვქირაობდით, გვიწევდა ორ ცვლაში მუშაობა, რადგან დროში შეზღუდულები ვიყავით. ახალი დანადგარით კი შესაძლებელია მცირე დროში მიიღო დიდი შედეგი – შეფუთვას სჭირდება ნაკლები ცელოფანი, იზოგება დროც. გარდა ამისა, ჩვენი დანადგარი საჭიროებს ადამიანურ ძალას, შედეგად კი ადგილობრივი მოსახლეობა საქმდება. შარშან 3 000 ტონა სილოსი დავამზადეთ, მომავალში კი ვვარაუდობთ, რომ რიცხვები კოლოსალურად გაიზრდება. ეს მნიშნველოვანია, რადგან ჩვენ ფერმერებს სილოსს ვაწვდით საქართველოს მასშტაბით. მათთვის პრაქტიკულია ისიც, რომ ახალი დანადგარით შეფუთული სილოსის შენახვის ვადა 5 წელია“ – გვიყვება ლუდა.

ამ ეტაპზე ნაკვეთზე მუშაობა მიმდინარეობს – აღებული სილოსი ახლა უკვე უახლესი დანადგარით იფუთება. საბოლოო ეტაპი კი ტრანსპორტირებაა, რომელშიც უამრავი ადამიანია ჩართული სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. ლუდა ამბობს, რომ სილოსის შესაფუთმა დანადგარმა მათი საქმიანობა რადიკალურად შეცვალა. ამ პროგრესს კი გრანტის მიღების გარეშე ვერ განახორციელებდნენ.

ახლა ისეთი კრიზისია, რომ ხალხს ფული აღარ აქვს ფერმებს საფასურის გადახდა უჭირთ და ჩვენ ნორმალურ ფასად მივაწვდით, თანაც ადგილზე ადამიანებს შრომას ავუნაზღაურებთ, ხალხს დავასაქმებთ. ეს დახმარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია. გულწრფელად გეტყვით, თავი ზღაპარში მგონია. ვერ ვიჯერებ, რაც ხდება. მესმის სხვა ფერმერებისგანაც, რომ მათაც მიიღეს გრანტები – ადამიანებმა სარგებელი ნახეს მაშინ, როცა ქვეყანაში ეკონომიკურად ხელსაყრელი მდგომარეობა არ გვქონდა.“ – ამბობს ლუდა მანუილოვა.

ბეჟან გონაშვილი, ფერმერი დედოფლისწყაროდან

დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრებმა ბეჟან გონაშვილმა პანდემიის დროს ევროკავშირისა და FAO-ს მიერ გაცემული გრანტით ახალი ტრაქტორი შეიძინა. მისთვის, როგორც ფერმერისთვის ზემოხსენებული სასოფლო-სამეურნეო მანქანა ძალიან საჭირო იყო, რადგან მიწისდამუშავება ძველი ტრაქტორით უწევდა. პანდემიის პერიოდში კი, როცა მიწის დამუშავებამ იმატა, მოძველებული მანქანით შეუძლებელი იყო სასურველი მიზნის მიღწევა.

„კრიზისის პირობებში ხალხს ფული აღარ აქვს, შემოსავლებმაც იკლო, რადგან ბევრი რამ შეჩერდა ქვეყანაში. მიწაც რომ არ დაგვემუშავებინა, შიმშილით დავიხოცებოდით. ძველი ტრაქტორი მყავდა, რომელსაც ჩემი სახსრებით ვერასდროს გამოვცვლიდი, რომ არა ევროკავშირი და FAO“ – ამბობს ბეჟანი.

ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ტრაქტორის მიღებით, სარგებელი თემმაც ნახა. ახალი ტრაქტორით ფერმერმა შეძლო დღეში 20ჰექტარი მიწის დამუშავება, ასევე,მეზობლების, ნათესავებისა და ახლობლების დახმარება.

„კორონავირუსის მიერ გამოწვეული დაბრკოლებების გამო, ადამიანებს ტრაქტორი უფასოდ მივეცი, ერთადერთი რაც ვთხოვე, ნორმალური ხარისხის საწვავის ჩასხმა იყო, რადგან ძალიან კარგი ტრაქტორია და ვუფრთხილდები. მიხარია, რომ გრანტის მიღებით მომეცა შესაძლებლობა წინ წამეწია ჩემი საქმე და დავხმარებოდი არამხოლოდ ჩემს ოჯახს, არამედ გარშემომყოფებისთვისაც მიმეცა იმედი“ – ამბობს ბეჟან გონაშვილი.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021