fbpx
Skip to main content

წესები

კონკურსის შესახებ 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა.  კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის განმტკიცებას ქართულ მედიაში.   კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების უფრო მტკიცედ დამკვიდრებას ქართულ ჟურნალისტიკაში.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ? 

ჟურნალისტს ან ჟურნალისტთა ჯგუფს (საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეებს), რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ ნამუშევრები ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედია სივრცეში, 2023 წლის 1 ნოემბრიდან,  2024 წლის 10  ოქტომბრის ჩათვლით.

ევროკავშირის პრიზის მფლობელები 7 კატეგორიაში გამოვლინდებიან ქვემოთ ჩამოთვლილი საპრიზო კატეგორიებიდან კონკურსანტმა უნდა შეარჩიოს მხოლოდ ერთი კატეგორია და  წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნაშრომი.

საპრიზო კატეგორიებია:

ა. სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
ბ.საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
გ. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
დ. საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო  მედიაში;
ე. ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
ვ. დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს საერთო ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
ზ. საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ოლაინ მედიაში;

განაცხადის ფორმა და სახელმძღვანელო მითითებები იხილეთ შემდეგ გვერდზე განცხადების შევსება

რა ენებზეა ნებადართული ნამუშევრების წარდგენა

კონკურსში დაიშვება ქართულ ან ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული, ეთერში გასული ან ინტერნეტით გავრცელებული ნამუშევრები. 

სხვა მოთხოვნები
კონკურსის მონაწილეს შეუძლია მხოლოდ საკუთარი ნამუშევრის წარდგენა.

სავალდებულოა თანაავტორის სახელისა და გვარის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითება, განაცხადის ფორმაში მითითებულ სპეციალურ ველში.

თანაავტორად მიიჩნევა  კონკურსში წარმოდგენილი  ჟურნალისტური ნაშრომის  შექმნაში მონაწილე პირი (მონტაჟის რეჟისორი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, მეორე ავტორი და სხვა).

რედაქტორი თანაავტორად არ ჩაითვლება.

თანაავტორების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 3-ს. გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ფულად ჯილდო  გუნდი მიიღებს.

თანაავტორს არ აქვს განაცხადის შეტანის უფლება  სხვა საპრიზო კატეგორიაში.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენით, კონკურსის მონაწილეები ეთანხმებიან კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” წესებს, პირობებს და პროცედურებს.

შენიშვნა – კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2022  და 2023 წლების გამარჯვებულებს ან/და თანაავტორებს არ აქვთ კონკურსში მონაწილეობის უფლება.

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჟიურის წევრები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლები, ასევე, კონტრაქტორები, გრანტის მიმღები პირები თუ სხვა ორგანიზაციები, რომლებიც კონკურსთან უშუალოდ არიან დაკავშირებული.

ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

(ა), (ბ), (გ), (ე), კატეგორიების შეფასების კრიტერიუმებია: ფაქტების სიზუსტე, სიღრმისეული ანალიზი, ფოკუსში მოქცევა; სამართლიანობა და ბალანსი; შემოქმედებითობა და სტილი; გავლენა/შედეგი; (დ) კატეგორია შეფასდება: შემოქმედებითობის, სტილისა და გავლენის მიხედვით; (ვ) კატეგორიის კრიტერიუმებია: შემოქმედებითობა და გამომხატველობა; გავლენა/შედეგი; ევროკავშირის ფასეულობების (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახვა; (ზ) კატეგორიის კრიტერიუმებია: ფაქტების სიზუსტე, სიღრმისეული ანალიზი, ფოკუსში მოქცევა; სამართლიანობა და ბალანსი; შემოქმედებითობა და გამომხატველობა. 

ჯილდო

თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული.

პრიზები გადანაწილდება შემდეგნაირად:  (ა), (ბ), (გ), (დ), (ე), (ვ), (ზ) კატეგორიებში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს; 

შერჩევის პროცედურები
კონკურსის ჟიურის ექნება საკონსულტაციო ფუნქცია და მის შემადგენლობაში შევლენ მედიის სფეროს ქართველი და ევროპელი პროფესიონალები. ჟიურის წევრები თავიანთ მოსაზრებებს  წარუდგენენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომელიც მხედველობაში მიიღებს ჟიურის მოსაზრებებს კონკურსში გამარჯვებულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს  გადაწყვეტილებები  იქნება საბოლოო და გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.

გამარჯვებულების ვინაობა გამოცხადდება 2024 წლის საზეიმო ცერემონიაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე eu4georgia.ge/euprizeforjournalism/

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა: 

2024 წლის 10 ოქტომბერი.

სად უნდა გაიგზავნოს საკონკურსო განაცხადი

აპლიკანტებისთვის განაცხადის ფორმა და მითითებები ხელმისაწვდომია გვერდზე: განცხადების შევსება

საავტორო უფლებები
ევროკავშირი იტოვებს უფლებას ნაწილობრივ ან მთლიანად გამოაქვეყნოს კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ საკონკურსო ნამუშევრები აღნიშნული კონკურსის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვა ღონისძიებების პოპულარიზებისთვის.