წესები
კონკურსის შესახებ
„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და დაარსების დღიდან, გამოხატავს ევროკავშირის მკაფიო მხარდაჭერას თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. მისი მიზანია პროფესიონალიზმისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა ქართულ მედიაში.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ?
ჟურნალისტს ან ჟურნალისტთა ჯგუფს (საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეებს), რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ ნამუშევრები ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედია სივრცეში, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
ევროკავშირის პრიზი 7 საპრიზო კატეგორიაში გაიცემა. ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან კონკურსანტმა მხოლოდ ერთი კატეგორია უნდა შეარჩიოს და შერჩეულ კატეგორიაში მხოლოდ ერთი ნამუშევარი უნდა წარმოადგინოს
საპრიზო კატეგორიებია:
- სტატია ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში;
- საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში;
- საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;
- საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;
- ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ონლაინ, სამაუწყებლო მედიაში ან YouTube პლატფორმაზე;
- საერთო ფასეულობების (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც გამოქვეყნებულია ბეჭდურ, ელექტრონულ ან სოციალურ მედიაში;
- საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ მედიაში ან YouTube პლატფორმაზე.
რა ენებზეა ნებადართული ნამუშევრების წარდგენა
კონკურსში დაიშვება ქართულ ან ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული, ეთერში გასული ან ინტერნეტით გავრცელებული ნამუშევრები.
სხვა მოთხოვნები
- კონკურსის მონაწილეს შეუძლია მხოლოდ საკუთარი ნამუშევრის წარდგენა.
- სავალდებულოა თანაავტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელისა და გვარის მითითება, განაცხადის ფორმაში მითითებულ სპეციალურ ველში.
- თანაავტორად მიიჩნევა კონკურსში წარმოდგენილი ჟურნალისტური ნაშრომის შექმნაში მონაწილე პირი (მონტაჟის რეჟისორი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, მეორე ავტორი და სხვა).
- ფოტოგრაფი თანაავტორად არ ჩაითვლება, თუკი დადასტურდა, რომ ის ჟურნალისტური მასალის შინაარსის დაგეგმვასა და შექმნაში არ მონაწილეობდა და წარმოდგენილ ნამუშევარში მხოლოდ მისი ფოტომასალაა გამოყენებული.
- რედაქტორი თანაავტორად არ ჩაითვლება.
- თანაავტორთა რაოდენობა სამს არ უნდა აჭარბებდეს. გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, ჯილდო გუნდს გადაეცემა.
- თანაავტორს არ აქვს განაცხადის შეტანის უფლება სხვა საპრიზო კატეგორიაში (გამონაკლისი – იხ. წესი ფოტოს კატეგორიისთვის).
- სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნებული ფოტოს კონკურსში წარდგენის შემთხვევაში, სავალდებულოა ფოტოს ავტორობის/საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.
- YouTube პლატფორმაზე გამოქვეყნებული ნამუშევრის წარდგენის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს საავტორო და გამოყენების უფლებების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება.
კონკურში მიიღება მხოლოდ ის ნამუშევრებები, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია YouTube პლატფორმაზე და არ ეწინააღმდეგება პლატფორმის გამოყენების წესებს.
საკონკურსო ნამუშევრის წარდგენით, კონკურსის მონაწილე ეთანხმება კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” წესებს, პირობებსა და პროცედურებს.
შენიშვნა – კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ 2024 და 2025 წლების გამარჯვებულს ან/და თანაავტორს არ აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს ჟიურის წევრი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი, ასევე, კონტრაქტორები, გრანტის მიმღები პირები თუ სხვა ორგანიზაციები, რომლებიც კონკურსთან უშუალოდ არიან დაკავშირებული.
ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
N 1, 2, 3, 5, 7 კატეგორიების შეფასების კრიტერიუმებია:
- ფაქტების სიზუსტე;
- სიღრმისეული ანალიზი, ფოკუსში მოქცევა;
- სამართლიანობა და ბალანსი;
- შემოქმედებითობა და სტილი;
- გავლენა, თემის აქტუალობა.
N 4 კატეგორიის შეფასების კრიტერიუმებია:
- შემოქმედებითობა და სტილი;
- გავლენა, თემის აქტუალობა;
N 6 კატეგორიის შეფასების კრიტერიუმებია:
- შემოქმედებითობა და გამომხატველობა;
- გავლენა, თემის აქტუალობა;
- საერთო ფასეულობების – ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა – ასახვა.
ჯილდო
თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული და ორი ფინალისტი, რომლებიც დაჯილდოვდებიან.
შერჩევის პროცედურები
კონკურსის ჟიურის ექნება საკონსულტაციო ფუნქცია და მის შემადგენლობაში შევლენ მედიის სფეროს პროფესიონალები. ჟიურის წევრები თავიანთ მოსაზრებებს წარუდგენენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომელიც მათ მხედველობაში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებისას. გადაწყვეტილებები იქნება საბოლოო და გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.
გამარჯვებულების ვინაობა გამოცხადდება 2026 წლის საზეიმო ცერემონიაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე eu4georgia.ge/euprizeforjournalism/
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 25 სექტემბერი.
სად უნდა გაიგზავნოს საკონკურსო განაცხადი
განაცხადის ფორმა და მითითებები ხელმისაწვდომია გვერდზე: განცხადების შევსება
საავტორო უფლებები
ევროკავშირი იტოვებს უფლებას ნაწილობრივ ან მთლიანად გამოაქვეყნოს კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ საკონკურსო ნამუშევრები აღნიშნული კონკურსის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვა ღონისძიებების პოპულარიზებისთვის.