ოცდაათ წელზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან უნიკალურ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას ცოდნის, გამოცდილების, ექსპერტული ცოდნის, ინოვაციების გაზიარების და ფინანსური მხარდაჭერის გზით. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის არსებული ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების საერთო ღირებულებებს ემყარება.
ევროკავშირი საქართველოს უდიდესი საერთაშორისო დონორია. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ევროკავშირის სხვა პარტნიორებთან შედარებით საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მიღებული დახმარების მაჩვენებლით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ჩვენ საქართველოს ყოველწლიურად დაახლოებით 85 მილიონი ევროს ოდენობის ტექნიკურ მხარდაჭერასა და გრანტს ვაწვდით, რასაც ემატება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით ინვესტიციების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. თუმცა, საქართველო დაკარგავს 2022, 2023 და 2024 წლებში გამოყოფილ ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად. ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის მიზანია საქართველოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის საგრძნობლად და თვალსაჩინოდ გაუმჯობესება.
2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) – შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის შემოღება მოჰყვა. ამჟამად ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ორიენტირებულია მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვაზე და, ამავდროულად, პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას.
ევროკავშირი იყო საქართველოს საჯარო სექტორის ეფექტიანობის სისტემური სრულყოფის კატალიზატორი, რომელიც საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთ ძირითად მხარდამჭერს წარმოადგენდა ევროპული პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
ევროკავშირმა საქართველოს ახალგაზრდობას ევროპაში ცხოვრებისა და სწავლის მრავალი შესაძლებლობა შეუქმნა, რაც ქართველ ახალგაზრდებს სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებისა და მიღებული ცოდნის გამოყენების საშუალებას აძლევს უფრო წარმატებული ქვეყნის მშენებლობაში.
ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ უფრო სუფთა გარემოს მისაღწევად და მდგრადი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს ციფრული და ფიზიკური კავშირების დამყარებას, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და ცხოვრების გამრავალფეროვნებას. 2017 წლის 28 მარტიდან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობით დღემდე საქართველოს დაახლოებით მილიონმა მოქალაქემ ისარგებლა და 2,5 მილიონი ვიზიტი განხორციელდა.
ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე ევროკავშირი საიმედო პარტნიორია ძლიერი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, მდგრადი და წარმატებული საქართველოსთვის.