fbpx

ევროკავშირის დაფინანსებული სოციალური საწარმო-სასწავლო ცენტრი „გარისელი“ ოფიციალურად გაიხსნა

02/02/2022

ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული პროექტის SEAG– „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“  გამარჯვებულმა სოციალურმა საწარმო „გარისელმა“ ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება.

სასწავლო ცენტრი ორიენტირებულია თეთრიწყაროს მოსახლეობის უნარ-ჩვევების განვითარებაზე, ტრენინგებისა და სასწავლო კურსების შეთავაზებით. საწარმოს სოციალური მისიაა აამაღლოს ადგილობრივი ახალგაზრდების და განსაკუთრებულად ეთნიკური უმცირესობის არაფორმალური საგანმანათლებლო ფონი და მოამზადოს ისინი ღირსეულად დასაქმებისთვის ან სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებისთვის.


ცენტრში დამატებით, მოწყობილია ტურისტული საინფორმაციო კუთხე, რომელშიც განთავსებულია მასალები თეთრიწყაროსა და მისი შემოგარენის ღირსშესანიშნაობებსა და ისტორიულ ადგილებზე. ცენტრი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს გიდის მომსახურებასა და კონსულტაციებს ტურის დაგეგმვის/ ტურისტული მარშუტების შესახებ – როგორც ონლაინ, ისე ადგილზე. ტურისტული კუთხე მეტად მნიშვნელოვანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის, ვინაიდან ტურიზმის მიმართულებით იგი პირველ ნაბიჯებს დგამს. შესაბამისად, სფეროს განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციის მოძიება ძალიან მნიშვნელოვანია.

გახსნის ცერემონიას დაესწრნენ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, თეთრიწყაროს მოქმედი და ყოფილი მერი,  თეთრიწყაროს საბჭოს თავმჯდომარე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი,  საქართველოს სოციალური საწარმოთა ალიანსი, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO), საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდული სააგენტო, Impact Hub და ა.შ.

მოხარულები ვართ, დავუჭიროთ მხარი კიდევ ერთი სოციალური საწარმოს გახსნას SEAG პროექტის ფარგლებში, რომელიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს და თეთრიწყაროს მოსახლეობას გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი და განახორციელონ საკუთარი იდეები პრაქტიკაში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ სოციალურ საწარმოს ექნება ფართო მასშტაბიანი ეფექტი და შექმნის ბევრ წარმატებულ ისტორიას ამ რეგიონში”.  ნინო სამველიძე (ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში).

„სოციალური საწარმო „გარისელის“ გახსნას დიდი მნიშვნელობა აქვს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. იგი ახალგაზრდებს,  განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობებსა და მოწყვლად ჯგუფებს საშუალებას აძლევს მიიღონ არაფორმალური განათლება და ღირსეულად დაიმკვიდრონ თავი საზოგადოებაში. ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ევროკავშირის დახმარება ჩვენი ქვეყნისთვის.”- გიგა სარუხანიშვილი (პროექტის “სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში” დირექტორი).
„ძალიან მახარებს როდესაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იქმნება ისეთი მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც ხელს უწყობენ თემის გაძლიერებას და განვითარებას.  არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკურად ჭრელი თემისთვის, რადგან ყველა მსურველს განურჩევლად წარმომავლობისა და რელიგიისა შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი შესაძლებლობებისა განვითარებისა და პიროვნული რეალიზების. ქვემო ქართლში განსაკუთრებულად დგას მიგრაციის პრობლემა და საზოგადოების დაბალი ჩართულობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობა სხვა თემებთან შედარებით“. ნინო ტიკურიშვილი (სოციალური საწარმო „გარისელის“ დამფუძნებელი).

შეხვედრაზე დაცული იყო  სახელმწიფოს მიერ გაცემული კოვიდ-19-თან დაკავშირებული  ყველა რეგულაცია.

EU4Youth- SEAG პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ხელშეწყობით. მისი მთავარი მიზანია 18-29 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება და დასაქმება სოციალური მეწარმეობის სფეროში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

  • ელენე ამაღლობელი, SEAG პროექტის ასისტენტი კომუნიკაციების მიმართულებით, ტელ: 558194373;
    E-mail:  seag.geo@gmail.com   

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,