fbpx

ევროკავშირის ხელშეწყობით „ყვარლის ტბის კურორტი“ ენერგოეფექტურ სისტემებს ნერგავს

19/11/2021

„ყვარლის ტბა, ნამდვილად, ჯადოსნური ადგილია. თანამედროვე სტანდარტების და კახური სტუმარმასპინძლობის შერწყმა კი დიდ სიამოვნებას მიანჭებს ჩვენთან მოსულ სტუმრებს, წლის ნებისმიერ დროს“, – ასე სჯერათ სასტუმრო კომპლექს „ყვარლის ტბის“ შემქმნელებს და ამისთვის არც ძალ-ღონეს იშურებენ.

„ჯადოსნური ადგილი“, კახეთის შუაგულში, ყვარლის ტბის მიმდებარედ, სტუმრებს 2009 წლიდან მასპინძლობს. მაშინ, საქმე კარგად წავიდა – სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში უკვე გამოცდილმა m|Group-მა „ყვარლის ტბა“ ვიზიტორებისთვის სასურველ დანიშნულების ადგილად აქცია. საცურაო აუზი, ველობილიკი, ბარ-რესტორანი, 120 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი და სხვა არაერთი აქტივობა – სასტუმროს მენეჯმენტმა მიზნად დაისახა, აქ სასურველი გარემო გართობის, რეკრეაციისა თუ საქმიანი მიზნით ჩასულ  ნებისმიერ სტუმარს ეპოვა.

მოგვიანებით, გადაწყვიტეს, დასავლური სტანდარტებისთვის ფეხი აეწყოთ. საინვესტიციო პროექტი მომზადდა, რომელმაც ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზიც მიიღო – მთლიანი ინვესტიციის 85% (€ 1,670,712). ამასთან, სასესხო თანხის 15% (€ 250,607) კომპანიას, გრანტის სახით, უკან დაუბრუნდა, რაც ასევე რეინვესტირდა და კურორტის განვითარებას მოხმარდა.

ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, თუმცა მიზანმიმართულად, კომპანია ევროკავშირის მოქმედ დირექტივებს დაუახლოვდა. სწორედ ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „ყვარლის ტბამ“ ტრანსფორმაცია განიცადა – 2019 წელს, განვითარების მორიგ ეტაპზე, კომპანიამ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა გახსნა, რომელსაც 150-მდე ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

შენობა ენერგოეფექტურია – პროექტი მზის პანელების, გათბობა-გაგრილების, თბოიზოლაციის, ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი სისტემების დამონტაჟებას და სხვა არაერთ მიმართულებას მოიცავს. ასევე, პროექტის ფარგლებში, გაუმჯობესდა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, მინიმუმამდე შემცირდა ენერგიის მოხმარების ხარჯები, დაიხვეწა სახანძრო დაცვის, ნარჩენების მართვის, ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტები.

„ამ ტიპის თანამედროვე სისტემები, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს უწყობს როგორც გარემოსდაცვით მიმართულებას, რაც ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული კომპონენტია, ასევე, ძალიან ეფექტურია ბიზნესისთვის რესურსების დაზოგვის თვალსაზრისითაც. ენერგოეფექტურმა მიდგომამ მოგვცა შესაძლებლობა, კომუნალური დანახარჯების 30% დაგვეზოგა“, – განმარტავს „ყვარლის ტბის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი ნანა მჟავანაძე და აღნიშნავს, რომ ახლა სასტუმროში 120 ადამიანია დასაქმებული, მათი 95% კი ადგილობრივია – კახეთში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების მიზნით, კომპანიამ არაერთი ტრენინგი და გადამზადების კურსი ჩაატარა.

„ყვარლის ტბა“ ზრდას არც პანდემიის ფონზე წყვეტს და სამომავლოდაც მრავალი გეგმა აქვს. 2023 წლის სექტემბერში, კომპანია 300 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსებულ სასტუმრო კომპლექსში ახალი, 50 ნომრიანი შენობის გახსნას აპირებს – ისიც აუცილებლად ენერგოეფექტური სისტემებით აღჭურვილი და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი იქნება. ისევე, როგორც მაშინ, 2019-ში, განვითარების მორიგ ეტაპზეც, პროექტის ავტორებს, იდეის სისრულეში მოსაყვანად, კვლავ ევროკავშირის ხელშეწყობის იმედი აქვთ.

The information on this site is subject to a Disclaimer and Protection of personal data. © European Union 2021