fbpx

რაჭული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე წარმატებას აღწევს

08/08/2022

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8000 წელზე მეტს ითვლის, რის გამოც ქვეყანას ხშირად „ღვინის აკვანს“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ღვინის მცირე მწარმოებელია, მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. საერთაშორისო მოთხოვნის საპასუხოდ სულ უფრო მეტი ქართველი მეღვინე იწყებს ორგანული ღვინის დამზადებას.

საქართველოს ორგანული ღვინის მწარმოებლებს უკვე შეუძლიათ მიიღონ ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერა GRETA-ს პროექტის ფარგლებში, რათა გაზარდონ წარმოება და მოემზადონ საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად.

რაჭველი მეღვინე წინაპრების ტრადიციას აგრძელებს

ეს ამბავი ჯერ კიდევ 1887 წელს იწყება, როდესაც ახალგაზრდა ინჟინერმა ზურაბ მაისაშვილმა, გადაწყვიტა მთელი თავისი დანაზოგი მშობლიური მხარის, მაღალმთიანი რაჭის სასიკეთოდ დაეხარჯა. მან იყიდა მიწის დიდი ნაკვეთი და თავისი ოჯახისთვის ტრადიციული სახლი და მარანი ააშენა. 1919 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, მაისაშვილის საქმე მისმა შვილებმა გააგრძელეს. თუმცა ბოლშევიკურმა რევოლუციამაც არ დააყოვნა და საბჭოთა კავშირმა ოჯახს ქონების უმეტესი ნაწილი ჩამოართვა. მრავალი ჰექტარის ფართობის მიწიდან ოჯახს სულ მცირე მიწა დარჩა.

თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, კიდევ ერთი ზურაბ მაისაშვილი, ცნობილი მეწარმის შთამომავალი, რაჭის რაიონის სოფელ წესში, ოჯახურ სახლში დაბრუნდა. ყოფილმა პოლიციელმა და მისმა მეუღლემ – პენსიაზე გასულმა ექიმმა – გადაწყვიტეს აღედგინათ ის, რაც ოდესღაც მათმა წინაპრებმა დაკარგეს: ოჯახის ქონება, მიწა და, რა თქმა უნდა, ღვინის მარანი. მათმა ღვინომ სწრაფად დაიბრუნა თავდაპირველი სახელი, განსხვავებული არომატისა და უნიკალური მახასიათებლების გამო.

ოჯახის ისტორიაში ახალი ეპოქა უმცროს ზურაბ მაისაშვილთან ერთად დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა წინაპრების გზა გაეგრძელებინა და 2018 წელს, 18 წლის ასაკში მცირე გრანტიც მოიპოვა. ბიძაშვილთან, თორნიკე მაისაშვილთან ერთად, ზურაბმა უგემრიელესი ადგილობრივი ღვინის წარმოება დაიწყო. ღვინოს სახელად „ღვინუკა“ დაარქვეს.

„ღვინუკას“ დახმარებით ზურაბ მაისაშვილს სურს, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მივიწყებული და იშვიათი ვაზის ჯიშები გააცოცხლოს. კომპანია ამჟამად აწარმოებს რაჭული თეთრასა და რაჭული ძელშავისგან დამზადებულ ორგანულ თეთრ და წითელ ღვინოებს.

დაარსებიდან მალევე „ღვინუკა“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაღაზიებსა და რესტორნებში გამოჩნდა. კომპანიამ სულ უფრო მეტი ღვინის წარმოება დაიწყო.  2019 წლისთვის „ღვინუკა“ ადგილობრივ გაყიდვებზე იყო დამოკიდებული. ერთი წლის შემდეგ კი პანდემია დაიწყო და სასტუმროები და რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა.

წარმოება ისე ვერ გავზარდეთროგორც ვგეგმავდით და ეს ციფრებზეც აისახა“, – იხსენებს მაისაშვილი.

ამ კრიტიკულ მომენტში კომპანიამ შეიტყო ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, შვედეთისა და ავსტრიის GRETA-ს პროექტის სახით და დაფინანსების მიღებაც შეძლო. 2020 წლის ნოემბერში „ღვინუკამ’ იტალიიდან ღვინის ცისტერნები და ღვინის გადამამუშავებელი დანადგარები, საწნახელი და სხვა აღჭურვილობა შეიძინა.

მას შემდეგ რაც ეს აღჭურვილობა მივიღეთწარმოება გაოთხმაგდა,“ – ამბობს ზურაბ მაისაშვილი. „მანამდე წელიწადში მაქსიმუმ 3000 ბოთლს ვაწარმოებდითახლა 10000-ზე მეტის წარმოება შეგვიძლია“.

თავდაპირველად კომპანია მომხმარებლებს მხოლოდ ორი სახის ღვინოს სთავაზობდა, მაგრამ ახლა მათ ოთხი განსხვავებული ჯიშის შეთავაზება შეუძლიათ. EU4Business-ის, შვედეთისა და ავსტრიის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით GRETA-ს პროექტის ფარგლებში, მაისაშვილებმა ბიო სერტიფიცირების პროცესიც დაიწყეს. ეს საშუალებას მისცემთ, რომ „ღვინუკა“ სხვადასხვა ბაზრებზე გაიტანონ, განსაკუთრებით ევროპაში. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსოფლიოში ორგანული ღვინის მოხმარება და წარმოება გაიზარდა, ხოლო ევროკავშირი ამჟამად ყველაზე დიდი მწარმოებელია. დღეს ღვინის მოყვარულებს ბელგიისა და ნიდერლანდების მაღაზიებში „ღვინუკას“ დაგემოვნება უკვე შეუძლიათ. ზურაბ მაისაშვილს ზაფხულში ჩეხეთის ბაზარზე შესვლის იმედიც აქვს.

ღვინუკასთან დაკავშირებით გეგმები აქ არ მთავრდება. ახალგაზრდა დამფუძნებლებს სურთ სოფელ წესში, სწორედ იქ სადაც ღვინო მზადდება, დეგუსტაციის ადგილი დაარსონ. ინჟინერი ზურაბ მაისაშვილის ძველი ოდა, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული რეზიდენცია, დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სახლს ჩრდილოეთით ესაზღვრება ხეხილის ბაღი, მათ შორის ასწლოვანი მსხლის ხეებით, ხოლო სამხრეთით – ვენახი. ახალგაზრდა მაისაშვილი ფიქრობს, რომ ამ ადგილს სოფელში ტურისტების, განსაკუთრებით ღვინის მოყვარულების, მოზიდვის უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რადგან რაჭის რეგიონის მაღალხარისხოვან, გემრიელ ღვინოებზე მოთხოვნა თანდათან იზრდება.

***

GRETA | “მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა საქართველოში“ მხარდაჭერილია ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მიერ. პროექტს ახორციელებს საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და გაზარდოს საქართველოს ეკონომიკისთვის დამატებითი შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობები ორ მნიშვნელოვან სექტორში: მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტი ხორციელდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და ზემო იმერეთის რეგიონებს, სადაც ჩართული არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია პროექტის ვებ-გვერდიდან – www.gretaproject.ge

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით.
© European Union,