fbpx
Skip to main content

ევროკავშირის ელჩი კახეთში მხარდაჭერილ პროექტებს ესტუმრა

12/11/2021

11-12 ნოემბერს, კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ეწვია კახეთს, რეგიონისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად. მან მოინახულა ყვარელში, თელავსა და პანკისის ხეობაში ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული პროექტები და შეხვდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ადამიანებს. ვიზიტი ეხებოდა ენერგოეფექტურობას, ბიზნესის მხარდაჭერას და ახალგაზრდების ჩართულობას.

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი, 11 ნოემბერს, სასტუმრო ყვარლის ტბის მონახულებით დაიწყო. აღნიშნულ სასტუმროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ენერგოეფექტურობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის დახმარებით ჩაუტარდა. რეზორტი ყვარლის ბუნებრივ ლანდშაფტზეა განლაგებული და 300 ჰა-ზე მეტ ფართობს იკავებს. ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, იგი  სრულ შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს რეგულაციებთან და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან.

ვიზიტი ყვარლის ევროკლუბში გაგრძელდა, სადაც ელჩმა ჰარცელმა კლუბის დაარსების ორი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გახსნა. „ყვარლის ევროკლუბი – ილიას გზით ევროპაში“ 2019 წლის ნოემბერში ევროკავშირის ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივის ფარგლებში დაარსდა. მისი მთავარი მიზანია ყვარლის ახალგაზრდებში განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გასული ორი წლის განმავლობაში ყვარლის ევროკლუბის ბენეფიციარების რაოდენობამ 1200-ს მიაღწია, 100-ზე მეტ ღონისძიებაში ჩართულობით, როგორიცაა კინო კლუბები, ინგლისური ენის გაკვეთილები და სხვა.

იმავე დღეს ელჩმა ჰარცელმა მოინახულა კიდევ ორი კომპანია, რომელთაც EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მხარდაჭერით ისარგებლეს. ღვინის ქარხანას და დისტილერიას ასკანელი ძმები, საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გააქვს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში: ლიტვაში, ესტონეთში, გერმანიასა და პოლონეთში. ევროკავშირის და EBRD-ის დახმარებით კომპანიამ განახორციელა ინვესტიცია უახლეს საწარმოო დანადგარებსა და აღჭურვილობაში, გააუმჯობესა სურსათის უვნებლობის მართვა, ენერგოეფექტურობა, ნარჩენების მართვა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

პირველი დღე თელავის სასტუმროში ჰოლიდეი ინნ დასრულდა. EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის დამხარებით, სასტუმრო განახლდა და აღიჭურვა ენერგოეფექტური სისტემებით, აგრეთვე დააკმაყოფილა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტები. მნიშვნელოვანი ოდენობის სესხის გარდა, ევროკავშირის  EU4Business ინიციატივის ფარგლებში, კომპანიამ საერთაშორისო ექსპერტებისგან უსასყიდლო მიიღო ტექნიკური დახმარება, რითაც სასტუმროს ბიზნესპრაქტიკა და ენერგოეფექტურობა გააუმჯობესა.

ვიზიტის მეორე დღეს, დილით, ელჩი ჰარცელი ესტუმრა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს და ოფიციალურად გახსნა ადგილობრივი საბავშვო ბაღი, რომელსაც სარემონტო და თბოიზოლაციის სამუშაოები ევროკავშირის დახმარებით, მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში ჩაუტარდა. პროექტს ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველო ახორციელებს. ვენახის ნარჩენებისგან შექმნილი ბიომასის ენერგიის ტექნოლოგიით, საბავშვო ბაღი ზამთარში სრულად გათბება და ამავე დროს, ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯების 60%-საც დაზოგავს. საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიება ენერგოეფექტურობის საკითხებზე ევროკავშირის მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის  „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“ ფარგლებში გაიმართა.

შემდეგ, ელჩი ჰარცელი ესტუმრა თელავის სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრს, დაესწრო სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერების ტრენინგს და შეხვდა ადგილობრივ ახალგაზრდებს. ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან თანამშრომლობით. პროექტის დახმარებით გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის ახალგაზრდები ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებით საკუთარი პოტენციალის გაზრდას შეძლებენ. დღემდე, საქართველოში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის 6 ცენტრი შეიქმნა, მათ შორის თელავში, და უკვე 1,000-ზე მეტ სამუშაოს მაძიებელს დაეხმარა.

ვიზიტი პანკისის ხეობაში გაგრძელდა, სადაც ევროკავშირის ელჩმა გახსნა პანკისის პედაგოგებისათვის მედიაწიგნიერების სემინარი, რომელიც კომუნიკაციის კომისიის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. აუდიტორიის ნაწილი პანკისელი პედაგოგები იყვნენ, რომლებიც რამდენიმე წლის წინ სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ. სემინარი ფართო სასწავლო პროგრამის ნაწილია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს მასწავლებლებს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და ასწავლონ სტუდენტებს როგორ წაიკითხონ და შეაფასონ მედია.

ბოლოს, ევროკავშირის ელჩი შეხვდა პანკისის ქალთა საბჭოს და ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში შექმნილ ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG). ქალთა საბჭო აერთიანებს ხეობაში მცხოვრებ პატივცემულ 15 ქალს, რომლებიც ადგილობრივ ქალებს დავების მოგვარებაში ეხმარებიან, კერძოდ, უზრუნველყოფენ იურიდიულ და სოციალურ დახმარებას და მუშაობენ ქალთა უფლებების საკითხებზე. გასული სამი წლის განმავლობაში, ახმეტის LAG-ი პანკისის თემს ადგილობრივი განვითარების სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარა, მათ შორის პირდაპირი მხარდაჭერა გაუწია ქალთა საბჭოსაც.  

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

  • თამარ მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, 599 533031, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • ინგა ნიკაგოსიანი, პროექტის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, 577 293979, inga@commwithus.eu