
ევროკომისია, ევროპის საინვესტიციო ბანკი და გაეროს განვითარების პროგრამა აერთიანებენ ძალისხმევას ინვესტიციების გასაზრდელად ჰუმანიტარული კრიზისით დაზარალებულ თემებში
მიმდინარე კვირაში გაეროს 81-ე გენერალურ ასამბლეაზე, ევროკომისიამ, ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საფუძველი ჩაუყარეს ახალ პარტნიორობას, რათა დაეხმარონ კონფლიქტებით, კრიზისებითა და კატასტროფებით დაზარალებულ თემებს აღდგენასა და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვაში.
ევროკომისია დამატებით 15 მილიონ ევროს გამოყოფს ჰუმანიტარული დახმარების სახით, რათა ხელი შეუწყოს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას და მხარი დაუჭიროს ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიციებს მოწყვლად ქვეყნებში, ოთხი წლის განმავლობაში.
ევროპის საინვესტიციო ბანკის მოწყვლადობის მხარდაჭერის პლატფორმა, რომელიც ახლახან შეიქმნა, ზემოაღნიშნული ჰუმანიტარული დახმარებიდან გამოყოფილი 3 მილიონი ევროს პაკეტით დაეხმარება ადგილობრივი პირობებისა და რისკების შეფასებას; იგი გასცემს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს პროექტები უსაფრთხოდ, როგორ მოერგოს ისინი ადგილობრივ საჭიროებებს და როგორ იქნას გამოყენებული თემების მედეგობის გასაძლიერებლად, რათა ისინი უკეთ გაუმკლავდნენ მომავალ კრიზისებს.
დანარჩენი 12 მილიონი ევროს საშუალებით UNDP მოამზადებს პროექტის დოკუმენტაციას და მხარს დაუჭერს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული შერჩეული ოპერაციების განხორციელებას ადგილზე.
„მოწყვლადობის გამკლავება გულისხმობს ჰუმანიტარული, განვითარებისა და ფინანსური პარტნიორების ერთობლივ მუშაობას იმგვარი გადაწყვეტილებების დასაფინანსებლად, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს თავიდან აიცილონ ერთი და იგივე საგანგებო სიტუაციების წინაშე დგომა წლების განმავლობაში“, — განაცხადა ევროკომისარმა თანასწორობის, მზადყოფნისა და კრიზისების მართვის საკითხებში, აჯა ლაბიბმა. „ამ პარტნიორობის დახმარებით ევროკავშირი პრაქტიკაში დანერგავს თავის ახალ ინტეგრირებულ მიდგომას მოწყვლადობის მიმართ. ეს ასევე დაეხმარება ჰუმანიტარული რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენებას, რათა დააკმაყოფილოს თანამედროვე ჰუმანიტარული საჭიროებები უფრო მდგრადი ინვესტიციებისა და გადაწყვეტების მხარდაჭერის გზით.
შესაძლებელია, რომ პროექტებმა მხარი დაუჭირონ სოფლის მეურნეობას, მცირე და საშუალო ბიზნესს, ენერგეტიკას, ტრანსპორტს და სხვა უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურას, რომელიც აუცილებელია დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებისთვის გადაუდებელი დახმარებიდან უფრო მდგრად გადაწყვეტებზე გადასასვლელად. მათი დახმარებით ასევე შესაძლებელია საბაზისო მომსახურების აღდგენა და ადამიანების მხარდაჭერა საარსებო საშუალებების მოპოვებაში კრიზისის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია