Skip to main content

ევროპას კულტურა ამოძრავებს: გამოცხადდა მობილობის ახალი კონკურსი 2026—2027 წლებისთვის

ოქტომბერი 09, 2026

„შემოქმედებითი ევროპის“ ქვეყნების ხელოვანებსა და კულტურის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს 2027 წლის 30 აპრილამდე შეუძლიათ განაცხადის შეტანა ახალ კონკურსში მონაწილეობისთვის ინიციატივის „ევროპას კულტურა ამოძრავებს“  ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების მობილობის ფლაგმანური სქემაა.

25 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე „ევროპას კულტურა ამოძრავებს“ 2025—2028 წლებში დაახლოებით 7000 ხელოვანს, კულტურის სფეროს პროფესიონალსა და მასპინძელ ორგანიზაციას უჭერს მხარს.  ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა აფინანსებს მობილობის აქტივობას, რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი ახორციელებს.

„ევროპას კულტურა ამოძრავებს“ ეხმარება მონაწილეებს საერთაშორისო პროექტებისა და პარტნიორობების განვითარებაში, ახალ პროფესიულ შესაძლებლობებზე წვდომაში, უნარების გაუმჯობესებაში სწავლისა და გაცვლის გზით, მათი ნამუშევრების საერთაშორისო ხილვადობის გაზრდასა და განსხვავებულ  თემებთან, კოლეგებთან და ორგანიზაციებთან დაკავშირებაში.

ინდივიდუალური მობილობის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18 წლის ან მეტი ასაკის ხელოვნებისა და კულტურის სფეროს პროფესიონალებს „შემოქმედებითი ევროპის“ მონაწილე ქვეყნებიდან, მათ შორის სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის, დიზაინისა და მოდის დიზაინის, ლიტერატურის, მუსიკის, საშემსრულებლო ხელოვნებისა და ვიზუალური ხელოვნების სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებს.

ინდივიდუალური მობილობის კონკურსი ითვალისწინებს განაცხადების მიღებას როგორც ცალკეული პირების, ისე 5 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფებისგან.

პროგრამა წაახალისებს განაცხადების მიღებას როგორც დამწყები, ისე დამკვიდრებული პროფესიონალებისგან, მათ შორის იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ საკუთარი პრაქტიკის ინტერნაციონალიზაციას, ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების კვლევას ან ახალი აუდიტორიის მოზიდვას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ.

გრანტი ითვალისწინებს პროექტის განხორციელებისთვის დღეში 85 ევროს ოდენობის ანაზღაურებას, სამოგზაურო შემწეობას  და დამატებით ანაზღაურებას (დანამატი მწვანე მობილობისთვის – 400 ევრო; დანამატი ოჯახისთვის – 200 ევრო 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე; სავიზო დანამატი – 120 ევრო).

კონკურსები „ევროპას კულტურა ამოძრავებს“ ცხადდება უწყვეტ რეჟიმში, შეფასების პერიოდებით ყოველი თვის ბოლოს განაცხადების მიღების მთელი პერიოდის განმავლობაში, რომელიც მთავრდება 2027 წლის 30 აპრილს, 23:59 საათზე ცენტრალური ევროპის დროით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი