fbpx
Skip to main content

ევროპის გუნდი: ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს 6 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მიერ კოვიდ-19-ით შექმნილი კრიზისის სწრაფად დასაძლევად

20/10/2021
  • ხელმისაწვდომი გრძელვადიანი დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში ბიზნესებს გაცვლითი კურსის ცვალებადობით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედებისაგან დაიცავს.  

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, ტერაბანკ საქართველოს გამოუყო 6 მილიონი ევროს ოდენობის სესხი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაკრედიტების მხარდასაჭერად.

აღნიშნული სესხი წარმოადგენს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარების ევროპის საინვესტიციო ბანკის ინიციატივის ნაწილს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მიკრო, საშუალო და მცირე საწარმოების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას საკუთარი კლიენტებისთვის მათზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების უზრუნველყოფის მიზნით მცირე ბანკების დახმარების გზით.

ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი გარანტიით, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსება მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე კოვიდ-19-ის პანდემიის უარყოფითი ზემოქმედების შერბილებასა და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობას, რაც საქართველოს გრძელვადიანი მდგრადი განვითარების გზაზე დააყენებს. სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და საქმიანობების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან საქართველოს ეკონომიკის სწრაფად გამოსასვლელად. როგორც ევროპის გუნდის ნაწილი, ევროპის საინვესტიციო ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის მიერ EU4Business-ის ფარგლებში საქართველოში განხორციელებულ სხვა პროექტებთან.   

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ბანკის საქმიანობაზე, განაცხადა: „ევროპის საინვესტიციო ბანკი ამაყობს საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაწეული დახმარებითა და  კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სფეროების გამოსვლაში შესრულებული როლით. ჩვენ მიზნად ვისახავთ, დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს სხვადასხვა საშუამავლო არხებით და განსხვავებული პროდუქტებით, მათ შორის, სესხებით, გარანტიებითა და ტექნიკური დახმარებით. ჩვენ ძალიან გვინდა, მხარი დავუჭიროთ ტერაბანკს მის მცდელობაში, უზრუნველყოს საქართველოს მეწარმეები მოქნილი გადაწყვეტილებებითა და განსაკუთრებული მომსახურებით“.

ლორენს მერედიტმა, ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა აღნიშნა: „ფინანსებზე წვდომა, განსაკუთრებით ადგილობრივ ვალუტაში, ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის კრიზისიდან გამოსასვლელად. მე მივესალმები ტერაბანკთან დადებულ ხელშეკრულებას, ვინაიდან ის ჩვენი საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა, კერძოდ, შევძლებთ მოვიცვათ მცირე ზომის საწარმოები, ქალების მართვაში არსებული და დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარე  მცირე და საშუალო ზომის საწარმოები. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ბიზნესების მხარდაჭერას“.

თეა ლორთქიფანიძემ, ტერაბანკის გენერალურმა დირექტორმა, განაცხადა: „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გადაიდგა პირველი ნაბიჯი ევროპის საინვესტიციო ბანკთან პარტნიორობის მიმართულებით. ისეთი გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის მხარდაჭერა, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი, და ჩვენი მონაწილეობა მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერის ინიციატივაში, გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს კლიენტებს, კერძოდ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს – ტერაბანკის სტრატეგიულ სეგმენტს, შევთავაზოთ კიდევ უფრო საინტერესო, ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი პროდუქტები და პირობები“.

საქართველოს მცირე ბიზნესებისთვის  უფრო ხელმისაწვდომი სესხები და გაზრდილი დაცვა ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკებისაგან

მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება ლარში, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. მათ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული გრანტებით. ეს გააუმჯობესებს საქართველოს საწარმოების წვდომას გრძელვადიანი ხელმისაწვდომი დაფინანსებაზე და ამავდროულად დაიცავს მათ ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობით გამოწვეული რისკებისაგან. ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს დაამატოს ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რომელიც ტერაბანკს დაეხმარება, გააუმჯობესოს და გააფართოვოს საკუთარი შეთავაზება და ის მცირე ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი და მთავარი დამსაქმებელია, რომლებისთვისაც ფინანსებზე შეზღუდული წვდომა ბიზნესის განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ევროკავშირმა 300 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელა საქართველოს ბიზნესებისთვის საკრედიტო ხაზების უზრუნველსაყოფად, რის შედეგადაც ქვეყანაში 54 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი იქნა შენარჩუნებული.

დამატებითი ინფორმაცია

ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ:

ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად  გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში:

ევროკავშირის ბანკი საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ხელს 2007 წლიდან უწყობს. დღემდე ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში უზრუნველყოფილი დახმარება 1.85 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროკავშირის ბანკმა საქართველოს დახმარება აღმოუჩინა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურული პროექტები (1 მილიარდი ევრო),  მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოები (308 მილიონი ევრო), მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (280 მილიონი ევრო) და მწვანე ენერგეტიკული პროექტები (23.5 მილიონი ევრო). კოვიდ-19-ის კრიზისის დასაძლევად 2020 წელს ბანკმა საქართველოს 170 მილიონი ევრო გამოუყო.

საქართველო ერთ-ერთია ევროკავშირის იმ არაწევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ევროპის საინვესტიციო ფონდის ინსტრუმენტებით, რომლებიც მიზნად ისახავენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას და რისკების გაზიარებას. ამჟამად, საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის საგარანტიო პორტფელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების 382.9 მილიონი ევროს მოცულობის სესხებს მოიცავს. 

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში. პროექტების დასაფინანსებლად ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ევროკავშირის გრანტები, რომლებიც ხელმისაწვდომია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) მიერ დაფინანსებული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პროგრამის ფარგლებში და რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ხელს უწყობს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემას.

საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე.

ტერაბანკის შესახებ:

ტერაბანკი საქართველოში საკუთარ კლიენტებს კორპორატიულ და საცალო სეგმენტებში უმაღლესი ხარისხის მომსახურებას 1999 წლიდან სთავაზობს. მიიჩნევს რა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს სტრატეგიულ პრიორიტეტად, ბანკი ცდილობს განავითაროს ისეთი განსაკუთრებული სერვისები, რომლებიც ამ სეგმენტის სპეციფიკურ საჭიროებებს შეესაბამება. წლების განმავლობაში ტერაბანკის დინამიურმა ზრდამ ხელი შეუწყო როგორც მისი კორპორატიული კლიენტების ბიზნესების, ასევე ქვეყნის  ეკონომიკის განვითარებას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი: ტიბორ იონა, ელ.ფოსტა: t.jona@eib.org, ტელ.: +352 691 287 052ვებ-გვერდი: www.eib.org/press – პრეს სამსახური: +352 4379 21000 – press@eib.org