Skip to main content

კონკურსი ახალგაზრდა კონტენტ-შემქმნელებისთვის: სოციალური მედიის კამპანია ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებაზე

ოქტომბერი 08, 2026

კონკურსი ახალგაზრდა კონტენტ-შემქმნელებისთვის: სოციალური მედიის კამპანია ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავებაზე

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახალგაზრდა ბლოგერებს, ვლოგერებსა და სოციალური მედიის კონტენტ-შემქმნელებს ნარჩენების შემცირებასა და გადამუშავების თემაზე სოციალური მედიის კამპანიების შესამუშავებლად და განსახორციელებლად იწვევენ. 

კამპანიის მიზანია, ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარებისა და სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით შეუწყოს ხელი ნარჩენების შემცირების, გადამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და პასუხისმგებლობიანი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მდგრადი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ამ მიზნით, კამპანიის ფარგლებში შეირჩევიან ახალგაზრდა კონტენტ-შემქმნელები, რომლებიც ახალგაზრდა აუდიტორიას გარემოსდაცვით საკითხებს საინტერესო, მარტივი და გასაგები ფორმით გააცნობენ. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არაა აუცილებელი, რომ განმცხადებელი იყოს პროფესიონალი ინფლუენსერი ან ჰყავდეს დიდი რაოდენობის გამომწერი. მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს შემოქმედებითი, კარგად იცნობდეს თავის აუდიტორიას და შეეძლოს იდეების ისეთი ფორმით გადმოცემა, რომელიც ადამიანებს მიაწვდის ინფორმაციას, დააინტერესებს და უბიძგებს მოქმედებისაკენ. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც ქმნიან კონტენტს TikTok-ზე, YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, X-ზე ან სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზე. კონკურსის ორგანიზატორები განსაკუთრებით მიესალმებიან ახალგაზრდებს საქართველოს რეგიონებიდან, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი და მრავალფეროვანი თემებიდან. 

კამპანიები უნდა კონცენტრირდებოდეს ისეთ გარემოსდაცვით თემებზე, როგორებიცაა ნარჩენების შემცირება და პრევენცია, გამოყენებული ბატარეების შეგროვება და გადამუშავება, ელექტრონული ნარჩენების გადამუშავება, შეფუთვა და ნარჩენების დახარისხება, ნივთების ხელახლა გამოყენება და შეკეთება, ცირკულარული ეკონომიკა და პასუხისმგებლობიანი მოხმარება და მდგრადი და გარემოსადმი პასუხისმგებლობიანი ცხოვრების წესი. 

კონკურსი შეარჩევს 12-მდე ახალგაზრდას, რომლებიც 2027 წლის იანვარ-მარტში (3 თვე) შეიმუშავებენ და განახორციელებენ თავიანთი კამპანიის იდეებს. ისინი გაივლიან ტრენინგს, იმუშავებენ მენტორებთან  და შეთანხმებულ კონტენტს საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებენ. ამასთან, პროექტი მონაწილეებს კამპანიის შესამუშავებლად და განსახორციელებლად 3 000 ლარს სთავაზობს. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ნოემბერი.

კამპანია ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „ცირკულარული ეკონომიკა: ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის“, ფარგლებში. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი