fbpx
Skip to main content

სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელი „ნოვა“ ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

18/11/2021

სასახურავე მასალები, საგზაო ბარიერები, პოლიეთილენის ავზები, თაბაშირ-მუყაოს და მეტალოპლასტმასის პროფილები – ეს სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელი კომპანია „ნოვას“ პროდუქციის მცირე ჩამონათვალია.

2006 წელს, 5 მეგობრის მიერ შექმნილი კომპანია, პირველ ეტაპზე, მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციით იყო დაკავებული. მოგვიანებით, „ნოვას“ დამფუძნებლებმა დაისახეს მთავარი მიზანი – იმპორტი ადგილობრივი პროდუქციით ჩაენაცვლებინათ. გამოუვიდათ – ბათუმსა და თბილისში მდებარე საწარმოებში შექმნილი პროდუქცია, რიგი მიმართულებებით, ახლა იმპორტსაც ანაცვლებს და ექსპორტზეც გადის.

„კომპანიამ გადაწყვიტა, ის პროდუქტები ეწარმოებინა, რომლის იმპორტსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ახდენდა. შედეგად, საქართველოში შეიქმნა საწარმოო ბაზა, რომელმაც პროდუქცია მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა“, – ამბობს „ნოვას“ გენერალური დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილი.

ჯერ სასახურავე მასალების წარმოება იყო, მოგვიანებით თაბაშირ-მუყაოს პროფილები და პოლიეთილების წყლის ავზები. სულ ახლახანს კი, საქართველოში პირველად, „ნოვამ“ ნაგავშემკრები კონტეინერების წარმოება დაიწყო, რომელიც აქამდე ქვეყანაში სრულად იმპორტირებული იყო.

წარმატებასთან ერთად, გაფართოების საჭიროებაც დადგა. თბილისის შემდეგ, ბათუმი აირჩიეს, რითიც, ტურისტულთან ერთად, ქალაქის საწარმოო პოტენციალსაც გაუსვეს ხაზი. სწორედ ზღვისპირა ქალაქში შეიქმნა, სამშენებლო და სარემონტო მასალების მიმართულებით, ამიერკავკასიაში უმსხვილესი საწარმო, სადაც 400-ზე მეტი დასახელების პროდუქტი იწარმოება.

ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილების პარალელურად, „ნოვას“ პროდუქციის ექსპორტზე გატანის სურვილიც გაუჩნდა. მიზნის მისაღწევად, საწარმოს განვითარება და შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება სჭირდებოდა, რაშიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული DCFTA-ს ადაპტაციის პროგრამა და მცირე ბიზნესისთვის კონსულტაციების (ASB) პროექტი დაეხმარა.

ევროკავშირთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის შედეგად, კომპანიამ დამატებით 30 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, საწარმოში კი ევროპული სტანდარტები დანერგა. მათ შორის, გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ევროკავშირის მხარდაჭერა და EBRD-სთან ურთიერთობა. კომპანიამ 3 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო, საიდანაც 15% ქეშბექი იყო. დაბრუნებული თანხით რეინვესტირება განვახორციელეთ და თანხა წარმოების განვითარებას მოხმარდა. სწორედ ამ დახმარებამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ წარმოება ევროპულ სტანდარტებზე გადაგვეყვანა“, – იხსენებს ედიშერ ხიმშიაშვილი და განმარტავს, რომ EBRD-სთან პარტნიორობა საკრედიტო ხაზის გამოყოფის გარდა, ინტელექტუალურ მხარდაჭერასაც მოიცავდა – წარმოების სრულყოფილად მოწყობასთან დაკავშირებით, „ნოვას“ გამოცდილება უცხოელმა ექსპერტებმა გაუზიარეს. ამასთან, კომპანიას სწორედ ევროკავშირის დახმარებამ მისცა შესაძლებლობა, რომ ისეთი სერთიფიკატები მიიღოს, რომლებიც საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების და პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში გატანის შესაძლებლობას მისცემს.

„ნოვამ“ არც გარემოზე ზრუნვა დაივიწყა – პოლიეთილენის ნარჩენების გადამუშავება და წარმოებაში გამოყენება დაიწყო. ამასთან, საწარმო ენერგოეფექტური დანარგარებით აღიჭურვა, რომლებიც ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.

„კომპანიის პოლიტიკა არის ენერგოეფექტური და ისეთი წარმოების შექმნა, რომელიც არ აბინძურებს გარემოს. ჩვენი ამოცანაა, ყველა ნარჩენი დავაბრუნოთ წარმოებაში და გამოვიყენოთ, როგორც პროდუქტი, რომელიც შემდგომში სარგებელს მოუტანს როგორც კომპანიას, ისე მომხმარებელს. ასევე, ენერგოეფექტური დანადგარების გამოყენებით, ერთი მხრივ, კომუნალური ხარჯების, დაახლოებით, 15%-ით შემცირება შევძელით, მეორე მხრივ კი, ვეცადეთ, ჩვენს წარმოებას გარემოზე მაქსიმალურად ნაკლები ზეგავლენა ჰქონოდა“, – აღნიშნავს „ნოვას“ დირექტორი.

ბათუმსა და თბილისში მდებარე საწარმოების გარდა, „ნოვა“ სასაწყობე ინფრასტრუქტურას და სამ მეგაცენტრსაც ფლობს – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამასთან, კომპანია საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების არაერთ ექსკლუზიურ ბრენდს წარმოადგენს. თუმცა, პანდემიის ფონზე შექმნილი კრიზისული ვითარების მიუხედავად, „ნოვას“ წინ კიდევ არაერთი გეგმა აქვს და მომავალ წელს, წარმოების გასავითარებლად, დაახლოებით, 20 მილიონი ლარის ინვესტირებასაც აპირებს. იგეგმება საცალო ვაჭრობის მიმართულების კიდევ უფრო განვითარებაც – კომპანიის სურვილია, მეგაცენტრებით საქართველოს ყველა რეგიონში იყოს წარმოდგენილი.

მთავარი ორიენტირი კი მაინც ევროკავშირის ბაზარია – „ნოვას“ შემქმნელებს სჯერათ, რომ მალე საკუთარი პროდუქციის მომხმარებლისთვის შეთავაზებას უკვე ევროკავშირის ქვეყნებშიც შეძლებენ.