fbpx
Skip to main content

სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა

21/12/2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად ფოტო-ვიდეო და აეროგადაღების კამერები გადმოსცა. სასაზღვრო პოლიციას, ასევე, კომპიუტერული ტექნიკა და სიმაღლეზე მცოცავთა უსაფრთხოების ეკიპირება გადაეცა. IOM-ის მხარდაჭერით, განახლდა სასაზღვრო პოლიციის ვებ-გვერდიც – bpg.gov.ge.

ღონისძიების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა აღჭურვილობის გადმოცემის აქტს ხელი მოაწერეს.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია, შსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, სასაზღვრო პოლიციისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების პრიორიტეტებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღჭურვილობის გადმოცემა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ – ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, სასაზღვრო პოლიციას, 2020-2021 წლის განმავლობაში, 4.5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების აღმოჩენის, კომუნიკაციის და სატრანსპორტო საშუალებები, საოფისე და პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობები გადაეცა.