Skip to main content

შენი შანსი, გახდე ახალგაზრდა ევროპელი ელჩი – განაცხადის შეტანა უკვე შეგიძლია!

სექტემბერი 16, 2026

თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის (აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის ან უკრაინის) ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, ეს კონკურსი შენთვისაა. შეიტანე განაცხადი 2026 წლის 12 ოქტომბრამდე და შეუერთდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას.

EU NEIGHBOURS east პროგრამის მიერ გამოცხადებული ახალი კონკურსი განკუთვნილია ენერგიული და მონდომებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ევროკავშირის საქმიანობა და თავიანთი ქვეყნის პარტნიორობა ევროკავშირთან. კანდიდატებმა კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური ენა, უნდა სურდეთ საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში წვლილის შეტანა და უნდა შეეძლოთ სამოქალაქო ჩართულობის აქტივობებისთვის დროის დათმობა. 

წარმატებული კანდიდატები დიალოგზე დაფუძნებულ ონლაინაქტივობებში ჩაერთვებიან და თავიანთი ქვეყნების ახალგაზრდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წარმოადგენენ. ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, განიხილავენ ახალგაზრდებისთვის საჭირბოროტო საკითხებს და ერთად იმუშავებენ თავიანთი ქვეყნების უკეთესი მომავლისათვის. კონკურსისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის შესახებ მეტის გაგება შეგიძლია YEAs-ის გვერდზე, რომელიც წელს შექმნიდან მეათე წლისთავს აღნიშნავს. 

ახალგაზრდა ევროპელ ელჩად გახდომის მსურველებმა განაცხადები 2026 წლის 12 ოქტომბრამდე უნდა შეიტანონ. 

განაცხადების შეტანის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს ინტერვიუზე დაიბარებენ. მათ, ვინც ინტერვიუს წარმატებით გაივლიან, სპეციალურ სესიებზე მიიწვევენ, მათი პროფილები კი საბოლოო შეფასების მიზნით ოფიციალურ დაინტერესებულ მხარეებს გადაეგზავნებათ. განაცხადების მიღების დასრულებიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მთლიანი პროცესი, დაახლოებით, რვა კვირა გრძელდება.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, უკრაინელ აპლიკანტებს განაცხადის შეტანა შეუძლიათ როგორც უკრაინიდან, ასევე ევროკავშირის იმ ნებისმიერი წევრი სახელმწიფოდან, სადაც ამჟამად ცხოვრობენ.

ბელარუსელი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ბელარუსის ტერიტორიაზე ამჟამად აღარ საქმიანობენ, თუმცა ევროკავშირში მცხოვრებ ახალგაზრდა ბელარუსელებს ევროპის იმ სახელმწიფოდან შეუძლიათ შეუერთდნენ ქსელს, სადაც ამჟამად სახლობენ.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, ქმედითი საკომუნიკაციო ქსელია. ის ხელს უწყობს კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის. ქსელის მიზანია, გაავრცელოს ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, წარმოაჩინოს ამ თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები, ხელი შეუწყოს  სხვადასხვა საკითხზე პოლიტიკურ დიალოგს, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებას და ერთიანი ძალებით აშენოს უკეთესი მომავალი.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას ევროკავშირმა ათი წლის წინ, 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი და დღემდე მასში 30-ზე მეტი ქვეყნის 3 000-ზე მეტ ახალგაზრდას მიუღია მონაწილეობა. ამჟამად 30-ზე მეტ სახელმწიფოს თითქმის 500 მოქმედი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი წარმოადგენს. 

დამატებითი ინფორმაცია

განაცხადის ფორმა

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და ხშირად დასმული კითხვები

გაიცანი მოქმედი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები