
წარადგინე შენი კვლევა ყოველწლიურ სამეცნიერო გამოფენაზე, Science is Wonderful!
„მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების“ (MSCA) მიერ ორგანიზებული ყოველწლიური სამეცნიერო გამოფენა, Science is Wonderful! წელს ბრიუსელში ჩატარდება. გამოფენაზე მიწვეულები არიან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მკვლევრები, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს ბავშვებსა და ახალგაზრდებს გააცნობენ.
MSCA თავის სტიპენდიატებსა და კურსდამთავრებულებს მოუწოდებს, წარუდგინონ თავიანთი კვლევითი პროექტები 4 ათასზე მეტ მოსწავლეს, რომლებიც ბელგიას სამეცნიერო სიახლეების სანახავად მთელი მსოფლიოდან ეწვევიან. 2027 წლის გამოფენა ბრიუსელში 17-19 მარტს გაიმართება.
მკვლევართა გუნდები თავიანთი კვლევის შედეგებს სპეციალურად გამოყოფილ ჯიხურებში ექსპერიმენტებით, ინტერაქტიური პრეზენტაციებით, შეჯიბრებებითა და სხვა შემოქმედებითი ფორმატებით წარადგენენ.
ჯიხურების მომნახულებელი ჯგუფები შეიძლება შედგებოდეს როგორც რამდენიმე წევრისგან, ასევე სკოლის მთელი კლასისგან. მოსწავლეთა ასაკი, როგორც წესი, 7-იდან 18 წლამდე მერყეობს. ჯგუფი თითოეულ ჯიხურში საშუალოდ 15 წუთს გაატარებს.
სამეცნიერო გამოფენა სამეცნიერო შოუებსაც უმასპინძლებს. ესაა 30-წუთიანი პრეზენტაციები ან ვორქშოფები, რომლებიც სცენიდან დაახლოებით 60-კაციან აუდიტორიას წარედგინება. Science is Wonderful! სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 15 სამეცნიერო შოუს მასპინძლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
თქვენი გუნდის (მაქსიმუმ სამი ადამიანი, მაქსიმუმ ოთხი ღამით) მგზავრობის, საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს ევროკომისია დაფარავს. კომისია ასევე დაგეხმარებათ იმ ნებისმიერი წინასწარშეთანხმებული მასალის შეძენაში ან ტრანსპორტირებაში, რომელიც თქვენი ნამუშევრის წარსადგენად დაგჭირდებათ.
სამეცნიერო გამოფენაზე მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 6 ოქტომბერი, 12:00 CEST.
დამატებითი ინფორმაცია