Skip to main content
ევროკავშირი შენთან

ევროკავშირის პარტნიორობა ქართველ ხალხთან უკვე 30 წელზე მეტს ითვლის. 2026 წელს ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს ხალხის წინაშე და გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის, რათა გავაგრძელოთ რეალური ცვლილებების შეტანა ოჯახების და თემების ცხოვრებაში მთელი საქართველოს მასშტაბით.

1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში პროგრესის მხარდასაჭერად 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო, რაც, სხვა მრავალ სფეროსთან ერთად, გულისხმობდა სოფლის მეურნეობის გარდაქმნას, რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერას საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში, საქართველოში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის განახლების კოორდინირებას.

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო ევროკავშირი აღარ უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლების ფინანსურ მხარდაჭერას. თუმცა ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის დახმარებას.

ახალი პროექტები გულისხმობს:

  • ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას პატარა ქალაქებსა და დასახლებებში;
  • მოსახლეობის აღჭურვას ისეთი უნარებით, რომლებიც საჭიროა ცვალებადი შრომითი ბაზრისთვის;
  • სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებას, ოჯახური ფერმების დახმარებას მეტი შემოსავლის გამომუშავებაში და საკვების ხარისხის გაუმჯობესებას;
  • ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შემცირებას;
  • კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციასა და ბუნებრივი კატასტროფებისთვის მზადყოფნას;
  • აფხაზეთში მცხოვრები თემების მხარდაჭერას.

ეკონომიკური შესაძლებლობები საქართველოს პატარა ქალაქებსა და დასახლებებში

ევროკავშირი ხელს შეუწყობს ინკლუზიურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას საქართველოს მცირე ქალაქებსა და დასახლებებში ეკონომიკური უთანასწორობის შესამცირებლად. ახალი პროექტები უზრუნველყოფს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მათ შორის, ქალებისა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის და გააუმჯობესებს საზოგადოებრივ სივრცეებს.

გაიგეთ, როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი რეგიონულ განვითარებას საქართველოში =>

სასოფლო თემები, საოჯახო ფერმები, საკვების ხარისხი

ევროკავშირი გააგრძელებს სოფლად მცხოვრები ქალების, თემების და საოჯახო ფერმების მხარდაჭერას მთელს საქართველოში. ახალი პროექტები ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, გაზრდის ფერმერების შემოსავლებს, გახსნის ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ადგილობრივად წარმოებული რძის პროდუქტებისთვის, ბოსტნეულისთვის, თევზჭერისა და აკვაკულტურის პროდუქტებისთვის, გააუმჯობესებს სურსათის უვნებლობას და ხარისხს და გაამარტივებს ადგილობრივი თემების ხელმძღვანელობით სოფლის განვითარებას.

გაიგეთ, როგორ ეხმარება ევროკავშირი ქართველ ფერმერებს მეტი პროდუქტის მდგრად წარმოებაში =>

შრომითი ბაზრისთვის მუშახელის მომზადება საქართველოში

ევროკავშირი გააგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას განათლებისა და პროფესიული მომზადების სფეროში, რათა ადამიანებმა შეიძინონ ცვალებად შრომის ბაზარზე საჭირო უნარები. ახალი პროექტები ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების მიმწოდებლებს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მეტად მორგებული სწავლების უზრუნველყოფაში, ინოვაციებისა და თემების ინიციატივით განხორციელებული სასწავლო პროგრამების განვითარებაში, ასევე მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს საჭირო უნარების განვითარებასა და შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების მოპოვებაში.

გაიგეთ, როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოში დასაქმებულებსა და სამუშაოს მაძიებლებს პროფესიული უნარების განვითარებაში  =>

საქართველოში ქალებისა და გოგონების უსაფრთხოება და შესაძლებლობები

ევროკავშირი საქართველოს ქალებისა და გოგონების გვერდით დგას როგორც უსაფრთხოების, ისე გაძლიერების კუთხით. ახალი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა თემში ძალადობის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლთათვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ამასთანავე, პროექტები ხელს შეუწყობს ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას საჭირო უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით.

გაიცანით ირინა, მარტოხელა დედა, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერით წარმატებული ბიზნესი შექმნა =>

თემების დახმარება საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადებაში

ევროკავშირი მხარს უჭერს ადგილობრივ თემებს საგანგებო სიტუაციებისთვის მომზადებაში. ახალი პროექტები დაეხმარება სტიქიური უბედურებების რისკის შემცირებას სოფლის, მთიანი და მაღალი რისკის მქონე ადგილებში თემების შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა მათ შეიმუშაონ ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმები, გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები კატასტროფების რისკების შესამცირებლად და გადაამზადონ მოხალისეები საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის.

გაიგეთ, როგორ დაეხმარა ევროკავშირი საქართველოს საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნის გაუმჯობესებაში =>

საქართველოს ბუნებრივი გარემოს დაცვა

ევროკავშირი გააგრძელებს ინვესტირებას გარემოს დაცვის მიმართულებით და მხარს დაუჭერს საქართველოს მწვანე ტრანსფორმაციას უფრო მწვანე, ენერგოეფექტური და კლიმატური ცვლილებების მიმართ მდგრადი ეკონომიკისკენ, რომელიც სარგებელს მოუტანს მოქალაქეებსა და თემებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ახალი პროექტები გააძლიერებენ ადგილობრივი გარემოს დაცვის პრაქტიკას, გაზრდიან ცნობიერებას კლიმატური რისკების შესახებ, დაეხმარებიან თემებს ადაპტაციაში და უზრუნველყობენ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დაფინანსებას.

გაიგეთ, როგორ გაუმჯობესდა გურიის საბავშვო ბაღებში არსებული პირობები ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ენერგოეფექტური პროექტების შედეგად =>

უსაფრთხო და ორგანიზებული მიგრაცია და თავშესაფარი

ევროკავშირი მხარს უჭერს უსაფრთხო და ორგანიზებულ მიგრაციას და თავშესაფარს. ახალი პროექტები დაეხმარება ევროკავშირის ქვეყნებიდან დაბრუნებულ ქართველებს რეინტეგრაციაში და მხარს დაუჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, თავშესაფრის მაძიებლებს და ლტოლვილებს, მათ შორის, ლტოლვილებს უკრაინიდან. აღნიშნული პროექტები ასევე გაზრდის ცნობიერებას ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ რისკებზე და უსაფრთხო მიგრაციაზე და ხელს შეუწყობს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დახმარებას.

გაიგეთ, როგორ გააუმჯობესა ევროკავშირის მხარდაჭერამ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა კონფლიქტით დაზარალებულ თემებში საქართველოში =>