fbpx
Skip to main content

ევროკავშირი აგრძელებს მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის  სამოქალაქო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით

29/09/2023

ევროკავშირი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მორიგ პაკეტს გადასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

27 სექტემბერს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მორიგი პაკეტი გადასცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. აღნიშნული პაკეტი მოიცავს სპეციალიზებულ აღჭურვილობას წყლის და მაღაროში სამაშველო ოპერაციების განხორციელებისთვის, სახანძრო უსაფრთხოების ინსპექტირების სისტემებსა და სხვადასხვა სასწავლო აღჭურვილობას. ეს დახმარება საქართველოს ევროკავშირმა SAFE პროგრამის ფარგლებში აღმოუჩინა. აღჭურვილობა შეიძინა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS), რომელიც SAFE პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელია.

გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდეროვიჩი, UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი კლოდ-ანდრე ნადონი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ პავლიაშვილი, სამსახურის თანამშრომლებთან ერთად.

„მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ საქართველოს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, თანამედროვე კრიზისებთან უკეთ გამკლავების მიზნით. ყოველდღიურად მოწმენი ვართ, თუ როგორ იზრდება კლიმატის ცვლილების შედეგად ბუნებრივი საფრთხეები. ბოლოდროინდელი მოვლენები ხაზს უსვამს საგანგებო სიტუაციების მართვის ძლიერი მექანიზმების აუცილებლობას. ვიმედოვნებთ, რომ გადაცემული აღჭურვილობა, ტექნიკურ დახმარებასთან ერთად, გააუმჯობესებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეაგირებას კრიზისულ სიტუაციებში და მისცემს შესაძლებობას, უკეთ დაიცვას საქართველოში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა.

აღჭურვილობის ეს პაკეტი დაეხმარება საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურს განახორციელოს წყლის სამაშველო ოპერაციები სწრაფად და ოპერატიულად სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება როგორც წყალზე, ასევე წყლის ქვეშ. დახმარების პაკეტში ასევე შედის მაღაროში სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო სპეციალიზებული აღჭურვილობა, ხანძარსაწინააღმდეგო სტანდარტების მიხედვით სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებისა და ინსპექტირებისთვის საჭირო სისტემები და სპეციალური სასწავლო აღჭურვილობა სასწავლო ცენტრისთვის.

ნინო ბარქაია, სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი: „მადლობას ვუხდით ევროკავშირს და UNOPS-ს რომ აგრძელებენ ჩვენი მეხანძრე-მაშველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი აღჭურვილობის მოწოდებას. აღნიშნული კონტრიბუცია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ხაზგასასმელია, ასევე, წყალზე სამაშველო და სამთო სამაშველო მიმართულებებით სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, აღჭურვილობის პირველი პაკეტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2022 წლის დეკემბერში გადაეცა, რომელიც მოიცავდა სამძებრო აღჭურვილობას ხმელეთისთვის, ზღვისა და მთისთვის, აგრეთვე, მაღალი გამავლობის მანქანებს, ყველგანმავლებს (კვადროციკლებს), სათხილამურო აღჭურვილობასა და დრონებს. გადაცემული აღჭურვილობა ძალიან ღირებული აღმოჩნდა საქართველოში ბოლო დროს მომხდარი საგანგებო სიტუაციების დროს, მათ შორის, დამანგრეველი მეწყერისა და ტყის ხანძრების დროს სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად.

„განსაკუთრებით გვიხარია, რომ შესყიდვების კომპლექტი მოიცავს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრისთვის სპეციალური სასწავლო აღჭურვილობის გადაცემასაც, რომელიც აქტიურად იქნება გამოყენებული სხვადასხვა სასწავლო აქტივობების დროს. ტექნიკური დახმარების ფარგლებში, სამსახურის ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით დაგეგმილი აქტივობები მოიცავს ტრენინგებს, საველე ვარჯიშებს და ვორქშოფებს, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გადამზადდეს პერსონალი რომ მათ უკეთ შეძლონ უპასუხონ ქვეყნის მასშტაბით განვითარებულ კატასტროფებს,” – განმარტა კლოდ-ანდრე ნადონმა, UNOPS საქართველოს ხელმძღვანელმა.

პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი აგრეთვე ეხმარება სიტუაციების მართვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებას და მის დაახლოებას ევროპულ და საერათაშორისო სტანდარტებთან, მარეგულირებელი და საოპერაციო ჩარჩოს დახვეწისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარების გზით. საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორებისა და მეხანძრე-მაშველებისთვის დაიწყო ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები ატარებენ. პროფესიული სასწავლო პროგრამა მოიცავს სამძებრო-სამაშველო ოპერაციების კურსებს ხანძრის დროს, წყალზე, მთაში, აგრეთვე მაღაროში, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირებას და შშმ პირთა გადარჩენას.

ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ სრული ბიუჯეტია 6.5 მილიონი ევრო, საიდანაც დაახლოებით 2.5 მილიონი ევრო მიემართება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აღჭურვისა და ტექნიკური დახმარებისთვის. პროექტი UNOPS-ის მიერ ხორციელდება და „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ (SAFE) პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

თათია ხუბულავა, პროექტის კომუნიკაციის ექსპერტი, UNOPS, tatiak@unops.org