Skip to main content

უკეთესი სატრანსპორტო სისტემა, მზარდი ექსპორტი, გაფართოებული ბაზრები

ნოემბერი 26, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის კვლევა ხაზს უსვამს იმ უნიკალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელსაც „შუა დერეფანი“ მცირე და საშუალო მეწარმეებს სთავაზობს.

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა „შუა დერეფანში“ (ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე) მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირთან ვაჭრობის გაფართოებისა და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბების მიმართულებით. თუმცა, ბევრი ქართული ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ევროპულ ბაზრებზე პროდუქციის გატანა კვლავ ძვირადღირებული და რთული პროცესია.

ეფექტიან, სანდო და მდგრად სატრანსპორტო სისტემას შეუძლია არსებული პოტენციალი რეალურ შესაძლებლობად აქციოს, რაც გრძელვადიან სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს ბიზნესსა და ეკონომიკას, ისე ქართველ ხალხს. 

ახლახან გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ევროკავშირის ბაზრებზე საქონლის ექსპორტისთვის განკუთვნილ საქართველოს სატრანსპორტო სისტემას ეხება, ქართველი ექსპორტიორების წინაშე არსებულ გამოწვევებს აფასებს და სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის უფრო ეფექტიანი, მდგრადი და ინკლუზიური განვითარების პრაქტიკულ გზებს გვთავაზობს.

კვლევის შედეგები ევროკავშირისა და საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობისთვის მნიშვნელოვან დროს ქვეყნდება.

2025 წლის მონაცემებით, ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია: მთლიანი საგარეო ვაჭრობის თითქმის მეხუთედი (ექსპორტის დაახლოებით 12% და იმპორტის 25.4%) სწორედ ევროკავშირზე მოდის. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზრებზე შეღავათიანი პირობებით სარგებლობს, რასაც მცირე და საშუალო ზომის მეწარმეები საკმაოდ ეფექტურად იყენებენ – ევროკავშირში ექსპორტიორთა 60 პროცენტს მცირე და საშუალო ბიზნესი შეადგენს. წყარო: 2025 წლის წინასწარი მონაცემები, საქონლით საგარეო ვაჭრობა საქართველოში 2025 (საქსტატი).

მდგრადი ტრანსპორტის მსოფლიო დღე

მდგრადი ტრანსპორტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირმა, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი“ ახალი კვლევის შედეგები მცირე და საშუალო მეწარმეებსა და ბიზნეს ასოციაციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ოპერატორებისა და ბანკების წარმომადგენლებს წარუდგინეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები. 

კვლევის წარდგენაზე გამართულმა მსჯელობამ ხაზი გაუსვა კერძო სექტორის მზარდ ინტერესს ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ევროპული ბაზრების სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენების მიმართ. 

ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს სწრაფი, ხელმისაწვდომი და მდგრადი ექსპორტის განვითარების გზები, განსაკუთრებული ყურადღება კი მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებულ ლოგისტიკურ გამოწვევებს დაუთმეს.

„ევროკავშირი საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის მეხუთედზე მეტს შეადგენს, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესი ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის თითქმის 60%-ს ახორციელებს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამ ბიზნესებს უპირატესი წვდომა აქვთ ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც 450 მილიონ მომხმარებელს ითვლის. თუმცა, ტრანსპორტირების მაღალი ხარჯები და სხვა სახის შეფერხებები ამ შესაძლებლობის სრულად გამოყენებას ხელს უშლის. მდგრადობა და ვაჭრობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ევროპელი მყიდველები სულ უფრო მეტ  ყურადღებას აქცევენ მათ მიერ შეძენილი პროდუქციის გარემოზე გავლენას. ამ მხრივ, უფრო სუფთა, ეფექტიანი ტრანსპორტი და გამარტივებული პროცედურები როგორც მცირე ექსპორტიორების ხარჯებს, ისე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ემისიებს შეამცირებს. „ევროკავშირი შენთან“ კამპანიის ფარგლებში, 38 მილიონი ევროს ოდენობის ახალი დახმარების მეშვეობით, ევროკავშირი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რათა მათ ზრდა და განვითარება განაგრძონ და ევროპული ბაზრები აითვისონ“, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

„საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, თავისი სტრატეგიული მდებარეობა რეალურ კონკურენტულ უპირატესობად აქციოს. „შუა დერეფანი“ არა მხოლოდ საქონლის ტრანზიტის მარშრუტია, არამედ ქართული ბიზნესის კარიბჭე ახალ ბაზრებზე გასასვლელად. უკეთესი ლოგისტიკური მომსახურების, ძლიერი რეგიონული კავშირებისა და ციფრული გადაწყვეტების დანერგვის შედეგად, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები უფრო კონკურენტუნარიანები გახდებიან, ექსპორტის შესაძლებლობებს გააფართოებენ და ღირსეულ წვლილს შეიტანენ ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

საქართველოს სატრანსპორტო სისტემა

ძირითადი მიგნებები

ქართული კვლევითი კომპანიის, „ეი-სი-თი“-ს მიერ, ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევა საქართველოს ექსპორტისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო სისტემის ინტეგრირებულ შეფასებასა და პოლიტიკასა და პრაქტიკაში არსებულ ხარვეზების მიმოხილვას გვთავაზობს. კვლევაში მოყვანილია მიზნობრივი რეკომენდაციები ბიზნესისთვის, მწარმოებელთა ასოციაციებისთვის, განვითარების პარტნიორებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის.

კვლევის მიგნებები არსებული პოლიტიკისა და ადრე ჩატარებული კვლევების ანალიზს ეფუძნება. მასში ასევე გამოყენებულია მცირე და საშუალო ექსპორტიორებთან, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუების შედეგები. 

კვლევაში საქართველოს სატრანსპორტო სისტემა განხილულია ბიზნესის შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მასში აღნიშნულია, რომ მსხვილი კომპანიებისთვის ლოგისტიკური ხარჯების დაფარვა უფრო ადვილია, რადგან ისინი სრული დატვირთვის გადაზიდვებს ახორციელებენ (სატვირთო ავტომობილებითა თუ კონტეინერებით), საკუთარ საწყობებს ფლობენ და შესაბამისი ლოგისტიკური გუნდებიც ჰყავთ დასაქმებული. 

ამის საპირისპიროდ, მცირე და საშუალო საწარმოები ისეთ სირთულეებს უმკლავდებიან, როგორებიცაა მცირე მოცულობის (ფრაგმენტული) ტვირთების გადაზიდვა, მაცივარ-საწყობებზე შეზღუდული წვდომა, რთული საბაჟო პროცედურები და ხელმისაწვდომი სატრანსპორტო ვარიანტების ნაკლებობა.

შედეგად, მცირე ბიზნესებს, მსხვილ ექსპორტიორებთან შედარებით, საქონლის ტრანსპორტირებისთვის ტონაზე 20–40%-ით მეტის გადახდა უწევთ. 

მალფუჭებადი პროდუქციის — მათ შორის ღვინის, თხილის, კენკრის, მწვანილისა და გადამუშავებული საკვები პროდუქტების — მწარმოებლებისთვის ამგვარმა დამატებითმა ხარჯებმა და შეფერხებებმა შესაძლოა ევროპულ ბაზრებზე წვდომა გაართულოს.

გამოწვევები მხოლოდ სატრანსპორტო ხარჯებით არ შემოიფარგლება. 

ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს ექსპორტის დაახლოებით 75% საზღვაო გზით ხორციელდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ექსპორტიორებს დამოკიდებულებას შავი ზღვის საბორნე მიმოსვლასა და ხანგრძლივ სახმელეთო მარშრუტებზე. 

კონკურენტუნარიანობას ასევე ამცირებს მოძველებული სატვირთო ავტოპარკი, საზღვრებზე არსებული შეფერხებები, რეგიონებში საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდული წვდომა, „ცივი ჯაჭვის“ ანუ სამაცივრე ინფრასტრუქტურის არასაკმარისი განვითარება და ლოგისტიკურ ოპერატორებს შორის სუსტი კოორდინაცია.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ყოველთვის არ მოითხოვს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს. არსებული გამოწვევების დიდი ნაწილი ე.წ. „რბილ დაკავშირებადობას“ (soft connectivity) უკავშირდება: საბაჟო პროცედურებს, დოკუმენტაციას, ციფრულ სისტემებს, რეგულაციების ჰარმონიზაციასა და ლოგისტიკურ ოპერატორებს შორის კოორდინაციას.

საყურადღებოა ისიც, რომ კვლევაში განხილულ გამოწვევებს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გარემოსდაცვითი შედეგებიც მოჰყვება. ფრაგმენტული გადაზიდვები და სუსტი კოორდინაცია რესურსების არაეფექტიან გამოყენებასა და ტრანსპორტირების ღირებულების ზრდას იწვევს. ამ სირთულეების მოგვარებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კონკურენტუნარიანობა გაიზრდება, ხოლო საქონლის ტრანსპორტირება უფრო ეფექტიანი და მდგრადი გახდება.

ამის გათვალისწინებით, კვლევა ხაზს უსვამს მდგრადი სატრანსპორტო სისტემების მზარდ მნიშვნელობას ევროპული ბაზრების ათვისებისთვის. 

მწვანე შეთანხმების (Green Deal) ფარგლებში, ევროპელი მყიდველები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მათი მიწოდების ჯაჭვების გარემოზე ზემოქმედებასა და ნახშირბადის კვალს. საქართველოს  შემთხვევაში, მოძველებული სატვირთო ავტოპარკის განახლება, ცარიელი დაბრუნებითი რეისების შემცირება და სარკინიგზო ტრანსპორტის სრული დატვირთვით გამოყენება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარემოს დაცვისთვის, არამედ ევროპულ ბაზრებზე წვდომის შენარჩუნებისთვისაც.

ამ გამოწვევების დასაძლევად, კვლევა პრაქტიკულ ღონისძიებათა პაკეტს გვთავაზობს, მათ შორის, მოკლევადიან ქმედებებს, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია მომდევნო 12 თვის განმავლობაში, და უფრო მასშტაბურ რეფორმებს, რომელთა გატარებაც რამდენიმე წელს მოითხოვს.

კვლევის მთავარი გზავნილი მკაფიოა: სატრანსპორტო სისტემის განვითარებისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შედეგად, საქართველოს რეალური შესაძლებლობა ექნება, გასცდეს სატრანზიტო ქვეყნის როლს და წარმატებით განვითარდეს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კონკურენტუნარიანი რეგიონული ლოგისტიკურ ჰაბი და წარმოების ცენტრი.

ეფექტიანი, მდგრადი და ინკლუზიური სატრანსპორტო სისტემა განვითარების ბიძგს მისცემს ადგილობრივ მწარმოებლებს, რათა ევროკავშირისა და საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმებები ექსპორტის რეალურ შესაძლებლობად აქციონ.

ევროკავშირის შესახებ

ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა 30 წელზე მეტს ითვლის. საქართველოს განვითარების ხელშეწყობას ევროკავშირი სხვადასხვა გზით ახორციელებს, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერით, ცოდნის, გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაზიარებითა და ინოვაციების ხელშეწყობით. ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობა ქართველ ხალხთან მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. 

მეტი ინფორმაცია საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ იხილეთ  შემდეგ ვებგვერდებზე: https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia, https://eu4georgia.eu/new-eu-assistance  

წვდომა საექსპორტო ბაზრებზე

ევროკავშირის დაფინანსებითა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან (ESTDEV) პარტნიორობით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს პროექტს „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“, რომელიც საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებასა და ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერებას ემსახურება. ოთხწლიანი (2023-2027) პროექტის ბიუჯეტი 5,162,000 ევროს შეადგენს. აქედან, 5,000,000 ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, ხოლო 162,000 ევრო გაეროს განვითარების პროგრამის თანადაფინანსება.