fbpx
Skip to main content

ევროკავშირი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალ პროექტს „უნარები წარმატებისთვის“ იწყებს

13/10/2020

არაფორმალური განათლების მიღების გზით, ახალგაზრდები საქართველოს ხუთ რეგიონშიგურიაში, რაჭალეჩხუმში, შიდა ქართლში, კახეთსა და თბილისში დასაქმებისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას შეძლებენ.

ევროკავშირი, განმახორციელებელ პარტნიორებთან ერთად, რომელთა შორისაა ახალგაზრდობის სააგენტო, Save the Children, კონრად ადენაუერის ფონდი და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია, დაიწყო ახალი ერთობლივი პროექტი – „უნარები წარმატებისათვის“. პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის პროგრამის – „უნარები დასაქმებისათვის“ ნაწილს და მიზნად ისახავს 16-26 წლის ახალგაზრდებს შორის სამეწარმეო და დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებას. პროექტი განსაკუთრებით ფოკუსირდება იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებული და არც რაიმე ტიპის ტრენინგს გადიან (შემდგომში, NEET ახალგაზრდები). პროექტი განხორციელდება ხუთი სამიზნე რეგიონის – გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, კახეთისა და თბილისის მასშტაბით.

ღონისძიებას თბილისში დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, მთავრობის, პროექტის განმახორციელებელი პარტნიორების – საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც ჩართულები არიან ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალგაზრდობის, კულტურისა და ციფრული საზოგადოების პროგრამების მენეჯერმა, ნინო სამველიძემ აღნიშნა: ევროკავშირი ხელს უწყობს ახალგაზრდების განათლებას, დასაქმებას და მათში სამეწარმეო უნარების განვითარებას. ახალგაზრდებში ინვესტირებას, მათთვის რესურსების გადაცემას შეუძლია ქვეყანაში ძირეული ცვლილების მოტანა, როგორც სოციალურ ასევე, ეკონომიკურ დონეზე”.

Save the Children-ის დირექტორმა ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას ახალგაზრდების განვითარების კუთხით და აღნიშნა: „Save the Children-ისთვის ახალგაზრდების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია. ეს პროექტი სწორედ ახალგაზრდების განვითარებასა და ჩართულობას უწყობს ხელს.“

ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის თანახმად, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვდომა გაუმჯობესებულ რესურსებზე, რომელთა წყალობითაც მოხდება მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება და უფრო ხარისხიანი სერვისების მიწოდება ახალგაზრდებისათვის“.

პროექტი “უნარები წარმატებისთვის” გაგრძელდება მომდევნო სამი წლის განმავლობაში და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სამეწარმეო და ბაზარზე ორიენტირებული უნარების განვითარებას NEET-ებში, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებსა და ქალებში, არაფორმალური განათლების, კარიერული დაგეგმვის და აქტიური საერთაშორისო პარტნიორობის მეშვეობით. პროექტი გაზრდის ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოახდენს ახალგაზრდულ მუშაკთა პროფესიის ინსტიტუციონალიზაციას, ახალგაზრდულ მუშაკთა რეკრუტირებას, გაზრდის წვდომას არაფორმალური განათლების შესაძლებლობებზე და შექმნის ახალგაზრდების სამეწარმეო განათლებისა და დასაქმების უნარიანობის ეროვნული სტრატეგიას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მარიამ ქებაძე, ახალგაზრდობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი Mariam.kebadzee@gmail.com, 591 22 44 57
  • მარიკა მხეიძე, Save the Children-ის ადვოკატირების ექსპერტი, marika.mkheidze@savethechildren.org, 591 41 05 30